ჯორჯ პლანტაგენეტი (კლარენსის ჰერცოგი)

ჯორჯ პლანტაგენეტი (ინგლ. George Plantagenet; დ. 21 ოქტომბერი, 1449, დუბლინი, ირლანდია — გ. 18 თებერვალი, 1478, ლონდონი, ინგლისი) — იორკთა დინასტიის წარმომადგენელი. იორკის ჰერცოგ რიჩარდ პლანტაგენეტისა და სესილი ნევილის ვაჟი. ინგლისის ორი მეფის: ედუარდ IV-ისა და რიჩარდ III-ის ძმა. ვარდების ომის პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. მოგვიანებით განუდგა საკუთარ დინასტიას და ლანკასტერებს მიემხრო, რისთვისაც იგი ძმამ სიკვდილით დასაჯა. მოგვიანებით, ტიუდორების მმართველობისას, სიკვდილით დასაჯეს მისი ორივე შვილიც.

ჯორჯ პლანტაგენეტი
წოდებები
კლარენსის ჰერცოგი, უორვიკისა და სალისბურის ერლი
დაიბადა 21 ოქტომბერი, 1449
დუბლინი, ირლანდია
გარდაიცვალა 18 თებერვალი, 1478, (28 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საგვარეულო იორკები
მეუღლე(ები) იზაბელ ნევილი
(ქ. 1469 - გარდ. 1476)
შვილ(ებ)ი მარგარეტი, სალისბურის გრაფინია
ედუარდი, უორვიკის ერლი
მამა რიჩარდი, იორკის ჰერცოგი
დედა სესილი ნევილი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯორჯი დაიბადა 1449 წლის 21 ოქტომბერს დუბლინის სასახლეში, ირლანდიაში. იგი იყო იორკის ჰერცოგ რიჩარდ პლანტაგენეტისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია სესილი ნევილის შუათანა ვაჟი. მისი ბავშვობა ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდს: ასწლიანი ომის დასასრულსა და ვარდების ომის დასაწყისს დაემთხვა. 1460 წელს ინგლისის დედოფალმა მარგარიტა ანჟუელმა ჯორჯის მამა და მისი უმცროსი ძმა სიკვდილით დასაჯა და მათი თავები ხიშტებზე წამოაგო. საპასუხოდ ჯორჯმა და მისმა ძმებმა, ედუარდმა და რიჩარდმა დიდი ჯარი შეკრიბეს, დაამხეს მეფე ჰენრი VI და ტახტზე ედუარდ IV დასვეს. დედოფალი მარგარიტა იძულებული გახდა ვაჟთან ერთად შოტლანდიაში გაქცეულიყო.

სულ მალე ჯორჯს მისმა ძმამ, უკვე მეფე ედუარდ IV-მ კლარენსის ჰერცოგის, რიჩმონდის ერლისა და ირლანდიის ლორდ-ლეიტენანტის წოდებები მისცა. იმავდროულად ჯორჯი განიხილებოდა თავისი დის, ბურგუნდიის ჰერცოგინია მარგარეტ იორკელის გერის, ბურგუნდიისა და ნიდერლანდების მმართველ მარია ბურგუნდიელის საქმროდ, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ამ ყველაფრის პარალელურად ჯორჯს ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თავირ რძალთან, დედოფალ ელიზაბეთთან, რის გამოც მალევე მოექცა თავისი ბიძაშვილის, „მეფეების შემქმნელად“ წოდებული რიჩარდ ნევილის, იგივე გრაფი უორვიკის გავლენის ქვეშ, რომელმაც ამბიციური კლარენსი დაარწმუნა, რომ ცოლის გავლენის ქვეშ მყოფ ედუარდს დაამხობდა და მას გაამეფებდა. ამის გამო ჯორჯმა ძმას უღალატა, 1469 წლის 11 ივლისს ცოლად შეირთო უორვიკის ასული იზაბელ ნევილი და დაიწყო ამბოხების მზადება.

 
ჯორჯ პლანტაგენეტი და მისი ცოლი, იზაბელ ნევილი

ვინაიდან ჯორჯის ამბოხი მალევე ჩაახშო ედუარდმა, იგი იძულებული გახდა ცოლთან და მის ოჯახთან ერთად საფრანგეთში გაქცეულიყო. აქ იგი სიმამრმა მარტივად გადაიყვანა ძველი დედოფლის, საფრანგეთში მცხოვრები მარგარიტა ანჟუელის მხარეს. 1470 წელს ნევილებმა დაამხეს ედუარდ IV და ტახტზე ჰენრი VI დააბრუნეს, თუმცა ფლანდრიიდან დაბრუნებულმა ედუარდმა 1471 წელს ბარნეტის ბრძოლაში გაანადგურა მათი ჯარი და მოკლა უორვიკი. ამის გამო ჯორჯი იძულებული გახდა მისულიყო ტახტზე დაბრუნებულ ძმასთან და შენდობა ეთხოვა, რომელიც მალეე მიიღო, მეტიც, მეფემ მას მისი სიმამრის ტიტულები: უორვიკისა და სალისბურის ერლობა უბოძა.

1475 წელს ჯორჯს ცოლმა ნანატრი ვაჟი და მემკვიდრე გაუჩინა, თუმცა 1476 წელს იზაბელ ნევილი მეოთხე მშობიარობას გადაჰყვა, რამაც კლარენსზე ცუდად იმოქმედა. ამის გამო ჯორჯის შვილები აღსაზრდელად იზაბელის დამ, ანა ნევილმა წაიყვანა თავისთან.

მიუხედავად იმისა, რომ იზაბელი მშობიარობას გადაჰყვა, ჯორჯი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ იგი დედოფალმა ელიზაბეთმა მოწამლა, რომელთანაც კლარენსებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. დედოფლის უსაფუძვლოდ დადანაშაულებამ კლარენსი მეფეს კვლავ დაუპირისპირა. ამის გამო ედუარდ IV-მ იგი შეშლილად გამოაცხადა და სამეფო კარიდან გააძევა. 1477 წლის დამლევს გაირკვა, რომ ჯორჯი ჩუმად ცდილობდა დაქორწინებულიყო მარია ბურგუნდიელზე, რამაც გააჩინა ჭორები, რომ იზაბელი მან თავად მოწამლა, რათა ხელახლა ექორწინა.

მარია ბურგუნდიელთან საიდუმლო ქორწინების ამბავთან ერთად გაირკვა, რომ ჯორჯი ფრანგებთან ცდილობდა მოლაპარაკებას, რათა ისინი მას გამეფებაში დახმარებოდნენ. ვინაიდან არსებობდა მისი ღალატის დამადასტურებელი წერილები და დოკუმენტები, ედუარდ IV-მ ვერ შეძლო მისი პატიება და იგი სასამართლოს წარუდგინეს. პროცესის დროს იგი ლონდონის ტაუერში იყო გამოკეტილი. საბოლოოდ სასამართლომ სახელმწიფოს ღალატისათვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თუმცა მეფემ „მოწყალება გამოიჩინა“ და ნება დართო, რომ თავად აერთია საკუთარი სიკვდილის ხერხი.

 
ჯორჯის უფროსი ასული, ლედი მარგარეტ პოლი, სალისბურის გრაფინია

1478 წლის 18 თებერვალს ლონდონის ტაუერში 28 წლის ჯორჯი მალვუაზის ღვინით სავსე კასრში დაახრჩეს, მისივე სურვილით. მისმა ცხოვრებამ ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში. ჯორჯის პერსონაჟი ფიგურირებს შექსპირის ორ პიესაში: „ჰენრი VI“-სა და „რიჩარდ III“-ში, ასევე იგი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ფილიპა გრეგორის რომანზე დაყრდნობით გადაღებულ სერიალში „თეთრი დედოფალი“.

ჯორჯს მეუღლისაგან სულ ოთხი შვილი შეეძინა:

  1. ანა (1470), დაიბადა და გარდაიცვალა კალესაკენ მიმავალ გემზე, ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი არა გოგონა, არამედ მკვდარშობილი ვაჟი იყო;
  2. მარგარეტი (1473-1541), სალისბურის გრაფინია, ცოლად გაჰყვა სირ რიჩარდ პოლს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი. სიკვდილით დასაჯა მისი ბიძაშვილის ვაჟმა, მეფე ჰენრი VIII-მ;
  3. ედუარდი (1475-1499), უორვიკის ერლი, ტახტზე მისი უფლებების გამო ჰენრი VII-მ იგი ჯერ ტაუერში გამოკეტა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა;
  4. რიჩარდი (1476-1477), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ashdown-Hill, John (2014). The Third Plantagenet: George, Duke of Clarence, Richard III's Brother. Stroud: The History Press. ISBN 978-0-7524-9949-9.
  • Hicks, Michael (1992). False, Fleeting, Perjur'd Clarence: George, Duke of Clarence 1449–78 (rev. ed.). Bangor: Headstart History. ISBN 1-873041-08-X.
  • Kendall, Paul Murray (2002). Richard the Third. New York & London: W. W. Norton & Company Ltd. ISBN 978-0-393-34838-5.
  • Pollard, A. J. (1991). Richard III and the Princes in the Tower. Bramley Books. p. 65. ISBN 978-1-85833-772-2.
  • Weir, Alison (2002). Britain's Royal Family: A Complete Genealogy. Bodley Head. pp. 136–7. ISBN 0-7126-4286-2.