ედმუნდ ტიუდორი (ინგლ. Edmund Tudor; დ. 11 ივნისი, 1430, ჰერტფორდშირი, ინგლისი — გ. 3 ნოემბერი, 1456, კარმართენშირი, ინგლისი) — ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის მამა და ჰენრი VIII-ის პაპა. ინგლისის დედოფალ კატრინ დე ვალუას უფროსი ვაჟი და მეფე ჰენრი VI-ის ნახევარძმა. ვარდების ომში იბრძოდა ლანკასტერების მხარეს.

ედმუნდ ტიუდორი
წოდებები
რიჩმონდის ერლი
დაიბადა 11 ივნისი, 1430
ჰერტფორდშირი, ინგლისი
გარდაიცვალა 3 ნოემბერი, 1456, (26 წლის)
კარმართენშირი, ინგლისი
საგვარეულო ტიუდორები
მეუღლე(ები) მარგარეტ ბეფორტი
შვილ(ებ)ი ჰენრი VII, ინგლისის მეფე
მამა ოუენ ტიუდორი
დედა კატრინ დე ვალუა
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედმუნდი დაიბადა 1430 წლის 11 ივნისს ჰერტფორდშირში, ინგლისში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი V-ის ქვრივისა და ჰენრი VI-ის დედის, დედა-დედოფალ კატრინ დე ვალუასა და მისი მეორე ქმრის, ოუენ ტიუდორის უფროსი ვაჟი. 1431 წელს დაიბადა მისი ერთადერთი ღვიძლი ძმაც, ჯასპერი, 1432 წლიდან კი მამამისი ინგლისის პარლამენტის წევრი გახდა. მალევე ედმუნდი და ჯასპერი დედამ აღსაზრდელად სუფოლკის ჰერცოგის ასულ კათრინ დე ლა პოლს მიაბარა.

1437 წელს დედა-დედოფალი კატრინა გარდაიცვალა, რამაც სამეფო კარზე ტიუდორების მდგომარეობა ერთობ შეარყია. მიუხედავად ამისა, მეფე ჰენრი მათ ლონდონის სამეფო კარზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლებას რთავდა. 1445 წელს ედმუნდი და ჯასპერი ჰენრი VI-ისა და პრინცესა მარგარიტა ანჟუელის ქორწინებას დაესწრნენ. ვინაიდან ახალი დედოფალი მათი დედის, კატრინას მოგვარე და ბიძაშვილი იყო, იგი კეთილგანწყობილი იყო მაზლების მიმართ, მით უმეტეს, რომ მათ არ ჰქონდათ ტახტზე სისხლისმიერი უფლება და მას ვერ შეეცილებოდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1447 წელს ჰენრი VI-ის ბიძა, გლოსტერის ჰერცოგი ჰამფრი ლანკასტერი უშვილოდ აღესრულა. ვინაიდან შვილი არც მეფეს უჩნდებოდა, იგი აპირებდა, რომ უნაყოფობის შემთხვევაში ტახტი თავისი ნახევარ-ძმისთვის, ანუ ედმუნდისთვის ეანდერძა, რასაც ინგლისურ არისტოკრატიაში დიდი სკანდალი მოჰყვა.

ტახტზე საკუთარი უფლებების განმტკიცების მიზნით ედმუნდმა 1453 წლის 24 მარტს ცოლად შეირთო სომერსეტის ჰერცოგ ჯონ ბეფორტის ერთადერთი ასული, 9 წლის ლედი მარგარეტ ბეფორტი, რომელიც მამის ხაზით მეფე ედუარდ III-ის პირდაპირი შთამომავალი იყო და ასევე მამიდად ერგებოდა შოტლანდიის დედოფალი ჯოანა, რაც ომის შემთხვევაში ტიუდორებს წაადგებოდა.

მარგარეტი მცირეწლოვანების გამო ბავშვს ვერ აჩენდა, ამასობაში კი დედოფალმა მარგარიტამ ჯანმრთელი ვაჟი შვა, რომელიც სასწრაფოდ გამოაცხადეს უელსის პრინცად. ამის პარალელურად ინგლისი საფრანგეთთან მიმდინარე ასწლიან ომში სასტიკად დამარცხდა, რამაც ინგლისელებში კიდევ ერთი უკმაყოფილების მიზეზი წარმოშვა. 1453 წლის ზაფხულში ჰენრი VI მძიმედ დაავადდა, მისმა ავადმყოფობამ 17 თვეს გასტანა, რა დროსაც მთელი ძალაუფლება მისმა ბიძაშვილმა, იორკის ჰეროგმა რიჩარდ პლანტაგენეტმა აიღო ხელში, რომელსაც ტიუდორები დიდად გულზე არ ეხატებოდა. 1454 წლის აპრილში პარლამენტმა რიჩარდი რეგენტად დანიშნა, რასაც როგორც ტიუდორები, ისე დედოფალი მარგარიტა მტრულად შეხვდა.

 
ედმუნდ ტიუდორის აკლდამა, წმინდა დავითის სახელობის კათედრალი, პემბროკშირი, ინგლისი

დედოფალმა მარტარიტამ ერთხელ და სამუდამოდ განიზრახა რიჩარდის თავიდან მოშორება, რასაც 1455 წელს სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა, რაც ცნობილია, როგორც ვარდების ომი. წმინდა ოლბანის ბრძოლაში რიჩარდმა მიწასთან გაასწორა ლანკასტერები და ტყვედ იგდო მეფე ჰენრი, რომელმაც ტყვეობის პირობებში უელსის პრინცის ნაცვლად თავის მემკვიდრედ იორკის ჰერცოგი გამოაცხადა. ამას მოჰყვა ომში ტიუდორების ჩაბმაც.

1456 წლის ივნისში იორკებმა ედმუნდის სამი ციხესიმაგრე დაიკავეს, თუმცა მან მინიმალური დანაკარგებით მოახერხა მათი უკან დაბრუნება. საპასუხოდ იორკის ჰერცოგმა კარმართენშირში (სადაც ედმუნდი იმყოფებოდა) 2,000 ჯარისკაცი გააგზავნა, რომელთაც იგი ტყვედ ჩაიგდეს. ამ დროს უელსში ბუბონური შავი ჭირი იყო მოდებული, რომელმაც იმავე წლის 3 ნოემბერს შეიწირა 26 წლის ედმუნდის სიცოცხლე.

ამ დროს მისი ცოლი, ლედი მარგარეტი უკვე ორსულად იყო და სულ ორ თვეში, 1457 წლის იანვარში გააჩინა თავისი ერთადერთი ვაჟი, სახელად ჰენრი. მიუხედავად იმისა, რომ 1461 წელს დაემხო ლანკასტერების მმართველობა და იორკები გამეფდნენ, 1485 წელს ედმუნდის ვაჟმა მეფე რიჩარდ III ბოსტვორტსის ბრძოლაში მოკლა, ტახტი დაიკავა და ცოლად შეირთო რიჩარდ იორკელის შვილიშვილი და მეფე ედუარდ IV-ის უფროსი ასული, ელისაბედ იორკელი, რომელთაგანაც გაგრძელდა ტიუდორების დინასტია, რომელიც 1603 წლამდე მართავდა ინგლისსა და ირლანდიას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Griffiths, Ralph Alan; Thomas, Roger S. (1985). The Making of the Tudor Dynasty. New York: St. Martin's Press. ISBN 978-0-31250-745-9.