ჯასპერ ტიუდორი
ჯასპერ ტიუდორი (ინგლ. Jasper Tudor; დ. ნოემბერი, 1431, ჰეტფელდი, ჰერტფორდშირი, ინგლისი — გ. 21 დეკემბერი, 1495, თორნბარი, გლოსტერშირი, ინგლისი) — ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის ბიძა. ინგლისის დედოფალ კატრინ დე ვალუას უმცროსი ვაჟი და მეფე ჰენრი VI-ის ნახევარძმა. ვარდების ომში იბრძოდა ლანკასტერების მხარეს.
ჯასპერ ტიუდორი | |
---|---|
წოდებები
ბედფორდის ჰერცოგი და პემბროკის ერლი | |
დაიბადა | ნოემბერი, 1431 |
გარდაიცვალა | 21 დეკემბერი, 1495, (64 წლის) |
საგვარეულო | ტიუდორები |
მეუღლე(ები) | კათრინ ვუდვილი |
მამა | ოუენ ტიუდორი |
დედა | კატრინ დე ვალუა |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯასპერ ტიუდორი დაიბადა 1431 წლის ნოემბერში, ჰერტფორდშირში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი V-ის ქვრივისა და ჰენრი VI-ის დედის, დედა-დედოფალ კატრინ დე ვალუასა და მისი მეორე ქმრის, ოუენ ტიუდორის უმცროსი ვაჟი. დედის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის შვილიშვილი და საფრანგეთის მეფეთა შთამომავალი იყო, ხოლო მამის ხაზით უელსელი დიდებული. მას მხოლოდ ერთი უფროსი ღვიძლი ძმა ჰყავდა ედმუნდ ტიუდორის სახით.
ჯასპერსა და მის ძმაზე ბარკინგის სააბატოს მონაზონი და წარჩინებული, ლედი კათრინ დე ლა პოლი ზრუნავდა. 1437 წელს დედა-დედოფალი კატრინა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფის ბიძამ ოუენ ტიუდორი დააპატიმრა. ამრიგად, ძმები ტიუდორები მთლიანად კათრინ დე ლა პოლის იმედად დარჩნენ, რომელიც ჰენრი VI-ის ფავორიტის, სუფოლკის ჰერცოგის და იყო.
1442 წლის მარტიდან ჰენრი VI-მ თავისი ნახევარ-ძმები ლონდონში, სამეფო კარზე გადაიყვანა საცხოვრებლად. აქ ისინი მეფეს მალევე დაუახლოვდნენ, რომელმაც ედმუნდს რიჩმონდის, ხოლო ჯასპერს 1452 წელს პემბროკის ერლობა უბოძა. სულ მალე, მათი გავლენით ჰენრიმ ოუენიც გაათავისუფლა პატიმრობიდან.
1455 წელს ჰენრი VI-სა და მის ბიძაშვილს, იორკის ჰერცოგ რიჩარდ პლანტაგენეტს შორის ვარდების ომი დაიწყო. ამ ომის მსვლელობისას, 1456 წელს უელსში ედმუნდ ტიუდორი შავმა ჭირმა შეიწირა, 1457 წლის იანვარში კი მისმა ქვრივმა, მარგარეტ ბეფორტმა ვაჟი გააჩინა, სახელად ჰენრი. ძმის ქვრივსა და ობოლზე ზრუნვა ჯასპერმა იკისრა. 1460 წელს დედოფალმა მარგარიტა ანჟუელმა მოკლა იორკის ჰერცოგი და მისი თავი ხიშტზე წამოაგო, რასაც მდგომარეობის უკიდურესი გამძაფრება მოჰყვა. 1461 წელს რიჩარდის ვაჟმა, ედუარდ IV-მ ტახტიდან ჩამოაგდო ჰენრი VI და თავად გამეფდა. ამ ბრძოლაში მოკლეს ოუენ ტიუდორიც.
გამეფებულმა ედუარდ IV-მ ჯასპერის ძმისწულს, ჰენრის მალევე ჩამოართვა რიჩმონდის ერლობა და თავის ძმას, ჯორჯს მისცა. 1461 წელსვე, ედუარდმა ჯასპერსაც ჩამოართვა პემბროკის ერლობა. ამ პერიოდში დედოფალი მარგარიტა ვაჟთან ერთად შოტლანდიაში გაიქცა, მეფე ჰენრი ტაუერში გამოკეტეს, ჯასპერის რძალს, მარგარეტს კი შვილის აღზრდა აუკრძალეს და იგი ჯასპერს მიაბარეს აღსაზრდელად.
1470 წელს მეფე ჰენრი VI-მ ცოტა ხნით დაიბრუნა ტახტი და ჯასპერსაც დაუბრუნა ტიტული, თუმცა მალევე, 1471 წელს ედუარდ IV-მ იგი კვლავ ჩამოაგდო და ამ ჯერად მოკლა. ასევე ბრძოლაში მოკლეს ჰენრის ერთადერთი ვაჟი, პრინცი ედუარდი. დედოფალი მარგარიტა საფრანგეთში გაიქცა, ჯასპერი კი, რომელიც ლანკასტერებს ეხმარებოდა, ერთობ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ედუარდ IV-მ იგი ღალატში დაადანაშაულა და სიკვდილით დასჯას უპირებდა, მაგრამ ჯასპერი მცირეწლოვან ჰენრისთან ერთად საფრანგეთში გაიქცა, სადაც იგი ლუი XI-მ დედოფალ მარგარიტასთან ერთად შეიფარა.
საფრანგეთში მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ ჯასპერს ინგლისში დაბრუნების საშუალება მიეცა. 1483 წელს ედუარდ IV მოკვდა და ტახტი მისმა ვაჟმა, ედუარდ V-მ დაიკავა, რომელიც ბიძამისმა, რიჩარდ III-მ მოკლა. მალევე რიჩარდის ვაჟიც დაიღუპა და ტახტი უმემკვიდრეოდ რჩებოდა. ამგვარ პირობებში, 1485 წელს ჯასპერი ჰენრისთან ერთად, ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ის დახმარებით დაბრუნდა ინგლისში, ბოსვორტსის ბრძოლაში მოკლა რიჩარდ III და ტახტზე თავისი ძმისწული, ჰენრი VII დასვა, რითაც იორკები ტიუდორებმა ჩაანაცვლეს.
ტახტზე ასულმა ჰენრიმ ბიძამისს დაუბრუნა პემბროკის ერლობა და დამატებით ბედფორდის ჰერცოგობაც მისცა. დარჩენილი ცხოვრება ჯასპერმა ჰენრის სამსახურსა და ტახტის შესანარჩუნებლად გამართულ ბრძოლებში გაატარა, იორკების წინააღმდეგ. იგი გარდაიცვალა 1495 წლის 21 დეკემბერს თორნბარში, 64 წლის. იგი დაკრძალულია კეინშამის სააბატოში, სომერსეტში. მისი ქვრივი მოგვიანებით მესამედაც გათხოვდა.
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1485 წლის 7 ნოემბერს ჯასპერ ტიუდორმა ცოლად შეირთო კათრინ ვუდვილი (1458-1509), რომელიც იყო ინგლისის ქვრივი დედოფლის, ელიზაბეთ ვუდვილის უმცროსი და და ბუკინგემის ჰერცოგ ჰენრი სტაფორდის ქვრივი. ჯასპერს მასთან ათწლიანი ქორწინებიდან შვილები არ ჰყოლია, თუმცა უცნობი საყვარლისაგან ჰყავდა ორი უკანონო ქალიშვილი: ჰელენი და ჯოანი, რომელთა შესახებაც ისტორიული ცნობები არ არსებობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Plantagenet Ancestry: A Study in Colonial And Medieval Families, Douglas Richardson (2nd edn, 2011) at pp. 368–371.
- Griffith, Ralph A. and Roger Thomas . The Making of the Tudor Dynasty (New York: St. Martin’s Press, 1985), 1.
- Weir, Alison., Lancaster and York, the war of the roses (london, 1995) pg. 81.