ზღვის ყინულიზღვებსა და ოკეანეებში წარმოქმნილი ყინული.[1] მისთვის დამახასიათებელია მარილიანობა. ფიზიკური თვისებებით ზღვის ყინული არსებითად განსხვავდება მტკნარწყლიანი მდინარისა და მყინვარის ყინულისაგან. ჩვეულებრივი ზღვის წყალი (მარილიანობით 35‰) იყინება –1,9 °С ტემპერატურაზე. ზღვის ყინულის ლღობა იწყება –2,3 °С ტემპერატურაზე მაღლა.[2]

ყინულებშორისი წყალი. ჩუკოტკის ზღვის საჰაერო ხედი
მოდრეიფე ყინულები
ზღვის ყინულის ნატეხები
ზღვის ყინულის თხელი საფარი

ზღვის ყინულის წარმოქმნისას მასში მარილების განსაკუთრებით დაბალი ხსნადობის გამო ყინულის კრისტალებს შორის ყალიბდება ქვემოთკენ ჩამოდენილი მარილწყალის ჩანართები, ხოლო მის ადგილზე რჩება ჰაერის ბუშტულები, რომლებიც ფორებს ქმნიან. შედეგად ზღვის ყინული შედგება მყარი (სუფთა ყინული) და თხევადი (მარილწყალი) ფაზისაგან და აირისებრი ჩანართებისაგან. ზღვის ყინულის მარილიანობა და ფორიანობა განსაზღვრავს მის სიმკვრივეს, რომელიც მერყეობს 850–940 კგ/მ³ ფარგლებში. ხორგის დაბალი სიმკვრივის შედეგად, ამოშვერილია წყლის ზედაპირიდან საკუთარი სისქის 1/7–1/10-ზე.[2]

ზღვის ყინულის სიმტკიცე მტკნარი წყლის ყინულის სიმტკიცეზე ნაკლებია; იგი იზრდება მარილიანობის, ფორიანობისა და ყინულის ტემპერატურის შემცირებასთან ერთად. მარილწყალის არსებობის გამო ზღვის ყინული ნაკლებად გამჭვირვალეა. დროთა განმავლობაში მარილწყალი დაიწრიტება, ყინულში რჩება ფორები და ყინული მტკნარდება.[2]

ასაკის მიხედვით გამოიყოფა: საწყისი (ნემსისებრი ყინული, ძგიფი, ჭყაპი, თოში, წყალშიგა ყინული), ახალი ან ნილასური (ლავაშა ყინული, ყინულის ქერქი, ნილასი, რუხი და თეთრი), და მრავალწლიანი ზღვის ყინული. ჩამოყალიბების დროის შესაბამისად, გვიანი გაზაფხულის ზღვის ყინულს აქვს დაბალი სიმტკიცე და მაღალი მარილიანობა; წლიური, ან ერთწლიანი გასული წლის შემოდგომის ყინულისთვის ნიშანდობლივია მაღალი სიმტკიცე და სისქე, დაბალი მარილიანობა; ზამთარში, ზაფხულსა და მომდევნო ზამთარში არსებულ მრავალწლიან ყინულს ახასიათებს მაღალი სიმტკიცე და დაბალი მარილიანობა.[2]

მდებარეობისა და მოძრაობის მიხედვით გამოირჩევა 3 ტიპი: ნაპირის ყინული — უძრავი, ყინულის ნაპირთან მიყინული; მოტივტივე (მოდრეიფე) და პაკური ყინული. განასხვავებენ ზღვის ყინულის ბუნებრივად მზარდ (სწორი ყინული) და დახორავებულ ყინულებს (როპაკი, ტოროსი). ზღვის ყინული ზომების მიხედვით იყოფა: დიდი ყინულოვანი მინდორი (2 კმ-ზე მეტი სიგრძით), მინდვრების ნატეხები (200 მ-იდან 2 კმ-მდე), მსხვილნამტვრევი ყინული (20-იდან 200 მ-მდე) და წვრილნამტვრევი ყინული (20 მ-ზე ნაკლები). ზღვის ყინულის რაოდენობა (სიხშირე) შეფასებულია ბალებში — 0-იდან (სუფთა წყალი) 10-მდე (მთლიანი ყინული).[2]

ყინულით დაკავებული ზღვის ფართობი იცვლება თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე და დამოკიდებულია ზღვის სითბოს მარაგზე, ზღვის გაცივების ხანგრძლივობაზე, ყინულის ლღობასა და სხვა.[2]

ზღვის ყინული გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს პოლარულ მხარეებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ყველაზე შორს სამხრეთით იგი იჭრება ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დასავლეთ სანაპიროების გასწვრივ აღმოსავლეთ გრენლანდიის დინების სისტემებში, ლაბრადორის დინებაში, კურილის დინებაში, რომლებსაც ჩრდილოეთიდან მოაქვთ ცივი გამტკნარებული წყლები. მთელი წლის განმავლობაში ზღვის ყინული გვხვდება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ცენტრალურ ნაწილსა და მისი განაპირა ზღვების ჩრდილოეთ რაიონებში, აგრეთვე ანტარქტიდის გარშემო.[2]

წელიწადის ცივ დროს ზღვის ყინული წარმოიქმნება ბარენცისა და თეთრ ზღვებში, კარის, ლაპტევების, აღმოსავლეთ ციმბირისა და ჩუკოტკის ზღვების სამხრეთ რაიონებში, ბოფორტის ზღვაში, კანადის არქტიკული არქიპელაგის სრუტეებში, ჰუდსონის ყურეში, ბაფინის ზღვაში, დეივისის სრუტესა და ლაბრადორის ზღვაში. გრენლანდიის ზღვაში ზღვის ყინული ნაწილობრივ წარმოიქმნება ყინულებს შორის, რომელიც აქ ჩრდილოეთიდანაა მოტანილი. ზამთარში ზღვის ყინული აგრეთვე ყალიბდება ბერინგის, ოხოტის, აზოვის ზღვებში, ბალტიის ზღვის ბოტნიის, ფინეთისა და რიგის ყურეებში, კასპიისა და იაპონიის ზღვების ჩრდილოეთ ნაწილებში, ხოლო სუსხიან ზამთარში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც. სამხრეთ ნახევარსფეროში ყინულების გავრცელება ჩრდილოეთისაკენ ყველაზე კარგადაა გამოხატული უედელისა და როსის ზღვების დასავლეთ ნაწილებში. ზღვის ყინულის არსებობის საშუალო ხანგრძლივობაა დაახლოებით 1 წელი (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 1,3 წელი, ხოლო სამხრეთისაში — 0,8 წელი).[2]

ზღვის ყინულის გავრცელების ფართობი სეზონების მიხედვით მერყეობს: 9–11 მლნ. კმ² ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და 2–19 მლნ. კმ²-მდე სამხრეთ ნახევარსფეროში. საშუალოდ ზღვის ყინული იკავებს დაახლოებით 25 მლნ. კმ²-ს სეზონური რყევებით ±3 მლნ. კმ²-ს, რაც შეადგენს მსოფლიო ოკეანის ფართობის 7,2±0,8%-ს. ზღვის ყინულის საშუალო სისქეა დაახლოებით 1,5 მ. თანამედროვე ეპოქაში კლიმატის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით ზღვის ყინულის ფართობისა და მისი სისქის გავრცელება მცირდება, რაც ხელს უწყობს ნავიგაციის გახანგრძლივებას არქტიკულ და ანტარქტიკულ ზღვებში.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sea ice | Encyclopedia Britannica | Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Морской лёд | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-30. ციტირების თარიღი: 2021-02-15.