ვენესუელური სამზარეულო
ვენესუელური სამზარეულო (ესპ. Gastronomía de Venezuela) — ტრადიციული ვენესუელური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა ესპანური, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, დასავლეთაფრიკული და ადგილობრივი ამერიკელი ინდიელების გასტრონომიების შერწყმით. ვენესუელის რეგიონების სამზარეულოები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტებია: ხორცი, სიმინდი, ბრინჯი, ლობიო, იამი და ბანანი. ასევე, ვენესუელის რეგიონულ სამზარეულოებს კარტოფილი, პომიდორი, ბარდიჯანი, ხახვი, გოგრა, ყაბაყი და ისპანახი საერთო აქვთ.
რეგიონული გასტრონომიები
რედაქტირებატერიტორიული მასშტაბის, ასევე, სამეურნეო რესურსებისა და ვენესუელელი ხალხის ეთნოსების მრავალფეროვნების, მის ყველა რეგიონს თავისი, ინდივიდუალური გასტრონომია აქვს, ამიტომაც, ვენესუელური სამზარეულოს განხილვისას რამდენიმე კულინარიული მხარის გამოყოფა აუცილებელია.
პირველი ეს არის გაიანის, ორიენტესა და კარიბის რეგიონები, რომელთაც მრავალი აქვთ საერთო. აქ უპირატესობა ზღვის პროდუქტებითა და თევზით მომზადებულ საჭმელებს ენიჭება. ისინი აქტიურად იყენებენ ლობსტერებს, ხამანწკებსა და კამბალებს, რომელთა მოსამზადებლადაც ძირითადად შემდეგ ინგრედიენტებს იყენებენ: სიმინდი, კარტოფილი, იამი, ჩინური ყაბაყი და ტარო. ამ რეგიონში ასევე დიდად პოპულარულია ყველის წარმოება. აქ ამზადებენ ყველის ისეთ სახეობებს, როგორებიცაა: მოცარელა, კლინეხა, გვაიანესი და ა.შ. ყოველდღიური კერძების სიაში შედის შემწვარი ან ჩაშუშული თევზი, რომელსაც მიირთმევენ ბრინჯთან, ან სპეციალურ სალათთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რეგიონში დამკვიდრებულია თევზის მირთმევის ევროპული ტრადიციებიც, მაგალითად, ისინი მას თეთრ ღვინოში შუშავენ, ფრანგების მსგავსად, და მისგან პაელიასაც ამზადებენ, მსგავსად ესპანელებისა.
ვენესუელური გასტრონომიის მეორე მსხვილი რეგიონული გაერთიანება შედგება სულიასა და ოსიდენტეს მხარეებისაგან. ამ გასტრონომიულ რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს ხორციანი კერძები. ძირითადად მათ ცხვრის, თხის, ან კურდღლის ხორცისაგან ამზადებენ. ამ მხარეში განსაკუთრებით შეიმჩნევა ევროპული კულინარიების დიდი გავლენა. აქ ერთობ გავრცელებული და პოპულარულია ყველის წარმოებაც. ასევე პოპულარულია სწრაფი კვება, რის გამოც რეგიონული კერძების უმეტესობა ძალიან სწრაფი და მარტივი მოსამზადებელია. ადგილობრივი ტკბილეულიდან აღსანიშნავია ე.წ. შემწვარი ხორბლის ნამცხვარი, ასევე იკაკოს კანფეტი, კარამელიზირებული ლიმონი და ლეღვი.
ცენტრი, ასე ეწოდება კიდევ ერთ გასტრონომიულ რეგიონს ვენესუელაში. ვინაიდან ამ მხარეში მიწები არც ისე პროდუქტიულია და ფაქტობრივად სოფლის მეურნეობა აქ არ არსებობს, მისი კერძები შემოიფარგლება შემწვარი ქათმით, მოშუშული თევზით, ბრინჯით, მაკარონითა და სალათებით. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელის ამ მხარეში მძლავრია ესპანური, იტალიური, ფრანგული, პორტუგალიური და ზოგადად, ევროპული გასტრონომიების გავლენა და მათი ტენდენციები.
რაც შეეხება ლიანოსის რეგიონს, აქ უფრო ბრაზილიური, ურუგვაული და არგენტინული სამზარეულოების გავლენა ჭარბობს. ეს რეგიონი ცნობილია იმით, რომ დიდი რაოდენობით საქონლის ხორცს იყენებენ კერძებში. გარდა ხორცისა და სიმინდისა, ლიანოსელები აწარმოებენ დიდი რაოდენობით ყველსა და რძეს.
უნდა აღინიშნოს ანდების რეგიონიც, სადაც კოლუმბიური სამზარეულოს გავლენა იგრძნობა. სხვა ვენესუელური რეგიონებისგან განსხვავებით, აქ ნაკლებად იგრძნობა ევროპული გავლენა. ანდების მხარეში აწარმოებენ კარტოფილს და ასევე პოპულარულია როგორც თევზის, ისე ქათმის, ცხვრისა და საქონლის ხორცი. თევზეულიდან განსაკუთრებულად მოიხმარენ კალმახს. აღსანიშნავია ისიც, რომ ანდების მოსახლეობაში გავრცელებულია დამარილებული ბოსტნეულის ჭამა, განსაკუთრებით კი ბადრიჯნის, გოგრისა და კარტოფილის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Romero, Aldemaro (21 June 1998). "Pasticho". notitarde.com (Spanish). Archived from the original on 23 March 2002. Retrieved 2006-04-28.
- "12 comidas playeras típicas de Venezuela". La Tienda Venezolana (in Spanish). Retrieved 2020-01-14.
- Alvarez, Alex (2016-07-07). "An Ode To Plantains, Banana's Much Cuter Cousin". we are mitú. Retrieved 2020-01-14.
- Kohnstamm, Thomas; Kohn, Beth. "Venezuela." Lonely Planet. Accessed October 2011.
- Brittin, Helen (2011). The Food and Culture Around the World Handbook. Boston: Prentice Hall. pp. 20–21.