ხამანწკასებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან ხამანწკები)

ხამანწკასებრნი (ლათ. Ostreidae) — ორსაგდულიანი მოლუსკების ოჯახი. აერთიანებს 25-მდე გვარს. აქვთ მომრგვალო, სამკუთხედი ან სოლისებრი ნიჟარა აღჭურვილი კონცენტრული ხაზებით ან რადიალური ნეკნებით და ნაოჭებით. საგდულების საკეტი უკბილოა, ჩაკეტვა ჩამკეტი მუსკულატურით ხდება. ზოგი სახეობის (ლათ. Crassostrea gigas) ნიჟარა 45 სმ აღწევს. ფეხი რედუცირებულია. ხამანწკასებრნი იკვებებიან პასიურად, წყლის ფილტრაციით. ზოგი სახეობა გაყოფილსქესიანია, ზოგი — ჰერმაფროდიტი. ზოგი სახეობა რამდენიმე მილიონ კვერცხს ყრის. გამოჩეკილი ხამანწკასებრნი მოძრავი არიან, შემდეგ კი სუბსტრატს ემაგრებიან.

ხამანწკასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ostreidae

ხამანწკასებრთა უმრავლესობა ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებშია გავრცელებული. შავ ზღვაში გვხვდება Ostrea edulis, ხოლო იაპონიის ზღვის სამხრეთ ნაწილში Crassostrea gigas, რომლებიც ქმნიან უდიდეს დასახლებებს. ხამანწკასებრნის ზოგ სახეობას (Crassostrea gigas, Crassostrea virginica და სხვა) სარეწაო მნიშვნელობა აქვს, იყენებენ საკვებად, როგორც ნედლს (ცოცხლად), ისე დაკონსერვებულს.

ხამანწკასებრნის ხორცი შეიცავს 11% ცილებს, 2% ცხიმებს, 6% ნახშირწყლებს, 3% ნაცარს, 78% წყალს, აგრეთვე C ვიტამინს და B ჯგუფის ვიტამინებს. აშშ-ში, იაპონიაში, ევროპის ქვეყნებში ხამანწკასებრნს ხელოვნურად ამრავლებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლეჟავა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 428.
  • Treatise on invertebrate paleontology, pt 6 – Mollusca (Bivalvia, v. 3), [Kansas City], 1971.