არგენტინული სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არგენტინული სამზარეულო იტალიური და ესპანური გავლენის ნაზავია. ეს განაპირობა ამ ქვეყნებიდან მასობრივმა ემიგრაციამ ჯერ კოლონიალურ პერიოდში, შემდეგ კი XIX-XX საუკუნეებში. ამას ემატება კრიოლოებისა (ესპანელი კოლონიზატორები და მათი შთამომავლები) და აბორიგენი მოსახლეობის კულტურული ნაზავი. ქვეყანაში ჭარბადაა ფართო სპექტრის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. მე-19 საუკუნეში, ძროხის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 180 კგ-ს შეადგენდა. ასადოს (არგენტინული ბარბექიუ) გარდა სხვა არცერთი კერძი ასე არ ემთხვევა ეროვნულ იდენტობას. მიუხედავად ამისა, არგენტინის დიდმა ფართობმა და კულტურულმა მრავალფეროვნებამ, ქვეყანა სხვადასხვა ლოკალური კერძების მქონე სამზარეულომდე მიიყვანა.[1][2] ემიგრაციის განუწყვეტელმა ტალღებმა, ქვეყნის სამზარეულოს თავისი კვალი დაამჩნია, ბოლოს და ბოლოს არგენტინამ 6.6 მილიონი ემიგრანტი მიიღო, ჩამორჩა რა მხოლოდ აშშ-ს (27 მილიონი) და გაუსწრო ისეთ ემიგრანტთა ფართოდ მიმღებ ქვეყნებს, როგორებიც იყვნენ კანადა, ბრაზილია და ავსტრალია.[3][4]

არგენტინული ასადო

არგენტინელებს გურმანების რეპუტაცია გააჩნიათ. სოციალური თავყრილობები ხშირად სუფრის და ერთად მირთმევის გარშემოა აწყობილი. სახლში სადილზე დაპატიჟება როგორც წესი მეგობრობის, სითბოსა და ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა. კვირა დღის საოჯახო ლანჩი, მთელი კვირის ყველაზე მნიშვნელოვან კერძად მიიჩნევა, რისი მთავარი წევრებიც ხშირად ასადო ან პასტა არიან.

არგენტინული რესტორნები სამზარეულოებისა და ფასების ფართო სპექტრს მოიცავს. დიდ ქალაქებში შეხვდებით ყველაფერს, დაწყებული უმაღლესი დონის საერთაშორისო სამზარეულოთი და დამთავრებული ბოდეგონით, რომელიც იაფფასიანი ტრადიციული ტავერნაა.

ტიპური საკვები

რედაქტირება
 
ტიპური პიცერია ბუენოს აირესში

არგენტინის რეგიონთა უმეტესობა საქონლის ხორცზე ორიენტირებული რაციონითაა ცნობილი. მათ შორის მთავარია გრილზე შემწვარი ხორცი ასადოს (ბარბექიუს) დროს. განსაკუთრებით ხშირია სტეიკი და საქონლის ნეკნები. არგენტინელები ასევე ხშირად მიირთმევენ ისეთ პოპულარულ კერძებს, როგორებიცაა: ჩორისო (ღორის ხორცის სოსისი), ჩინჩულინესი (ღორის მსხვილი ნაწლავით მომზადებული კერძი), მოიეხასი (მზადდება ხბოს ან ბატკნის კუჭქვეშა ჯირკვლით) და სხვ. პატაგონიას რეგიონში საქონლის ხორცზე მეტად ბატკანსა და თხას მიირთმევენ. ამ ცხოველებს მთლიანად წვავენ ცეცხლზე მეთოდით, რომელსაც ასადო ა ლა ესტაკა ეწოდება.

ასადოს მთავარი საკაზმი ჩიმიჩურია, რომელიც სხვადასხვა მწვანილის, ნივრისა და ძმრისგან მზადდება.

ცნობილი იტალიური კერძები, როგორებიცაა პიცა და პასტა, ისევე ხშირად მოიხმარება როგორც საქონლის ხორცი.

დიდ ქალაქებში უამრავი დაწესებულება ახლად მომზადებულ ფეტუჩინისა და ტალიატელეს, ნიოკის, რავიოლის და სხვა იტალიურ კერძებს სთავაზობს მომხმარებელს.

 
ტრადიციული მერიენდა ბუენოს აირესის კაფეში. Medialunas (კრუასანები), café en jarrito (ორმაგი ესპრესო) და პატარა ჭიქით მინერალური წყალი

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად არგენტინაში ყველაზე პოპულარული სასმელი ყოველთვის ღვინო (ესპ. ვინო) იყო, ბოლო ათწლეულებში მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ლუდმა (ესპ. სერვესა) დაიწყო. ლუდსახარშები არგენტინაში პირველად 1860-ანი წლებიდან გამოჩნდა, რაც ალზასელი კოლონისტების სახელს უკავშირდება. თავდაპირველად თითქმის ყველა ლუდსახარში ბუენოს აირესის ცენტრში იყო, თუმცა მალევე პოლონელებმა ლუდის ინდუსტრიული წარმოება დაიწყეს.

ლუდის მოხმარება ბოლო თაობაში მკვეთრად გაიზარდა. 1980 წელს, არგენტინელებმა 233 მილიონი ლიტრი ლუდი მიირთვეს, 2007 წელს კი იგივე მაჩვენებელმა 1.57 მილიარდი შეადგინა (ერთ სულ მოსახლეზე 40 ლიტრი).[5]

კვების ჩვეულებები

რედაქტირება

საუზმე როგორც წესი მსუბუქია და ყავისა და საკონდიტრო ნაწარმისგან შედგება. არგენტინის უმეტეს ნაწილში, დღის მთავარი კერძი ლანჩია. თუ არ ჩავთვლით ბუენოს აირესსა და სხვა დიდ ქალქებს, დანარჩენ ქალაქთა უმეტესობა ლანჩის დროს "იკეტება". ამ დროს მოსახლეობა სამსახურებიდან სახლებში მიდის და გემრიელად მიირთმევს. ამას შემდეგ სიესტა მოსდევს, რაც ესპანურად მოკლე ძილს ნიშნავს. ის ესპანურენოვან ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა, ისევე როგორც ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ ევროპასა და ჩინეთში. არგენტინელები საღამოობით ყავითა და ნამცხვრით მსუბუქად წაიხემსებენ ხოლმე, რასაც მერიენდა ეწოდება. რაც შეეხება სადილს, მას დაახლოებით საღამოს 9 საათზე მიირთმევენ, უქმე დღეებში კი უფრო გვიანაც.

  1. Argentina - Tourism - Gastronomy 2 March 2012. Archived from the original on 23 March 2012. Retrieved 26 February 2016.
  2. Cuisine of Argentina and Chile About.com Travel. Retrieved 26 February 2016.
  3. Wayback Machine (PDF). 10 June 2007. Archived from the original on 10 June 2007. Retrieved 2 August 2017.
  4. European immigration into Latin America 1870-1930 (PDF). 10 June 2007. Archived from the original on 10 June 2007. Retrieved 2 August 2017.
  5. programacion macroeconomica Mecon.gov.ar. Archived from the original on 25 May 2015. Retrieved 26 February 2016.