ენაგეთი
ენაგეთი — სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ასურეთის ადმინისტრაციული ერთეული), თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ენაგეთი ისტორიულ წყაროებში XVI საუკუნიდან იხსენიება. 2014 წლის აღწერით სოფელში 329 მცხოვრებია.
სოფელი | |
---|---|
ენაგეთი | |
ენაგეთის ხედი ჩრდილოეთიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ასურეთის |
კოორდინატები | 41°36′25″ ჩ. გ. 44°37′56″ ა. გ. / 41.60694° ჩ. გ. 44.63222° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ადრეული სახელები | პატარა ენაგეთი |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 329[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობა
რედაქტირებაენაგეთი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ენაგეთისხევის (ალგეთის მარცხენა შენაკადი) ნაპირას მდებარეობს, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. იგი თეთრიწყაროდან 21 კმ-ით, ხოლო მარნეულიდან (უახლესი რკინიგზის სადგური) 18 კმ-ით არის დაშორებული.
ენაგეთს საკმაო სიგრძეზე გასდევს სოფლის მთავარი გზა, რომელიც სოფელში თბილისი-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის იმ განშტოების გაგრძელებაა, რომელიც აღნიშნულ გზას ენაგეთთან აკავშირებს. სოფლის მთავარი გზის ორივე მხარეს არის დასახლებული უბნები. სოფელში არის მთავარი გზის პარალელური ერთი გზა და მთავარი გზის რამდენიმე განშტოება, რომელთა გარშემოც აგრეთვე უბნებია გაშენებული. ეს უბნები სოფლის მთავარ გზას აღნიშნული განშტოებებით უკავშირდება. მთლიანობაში, ენაგეთის რუკას წაგრძელებული ფორმა აქვს და მის ღერძს სოფლის მთავარი გზა წარმოადგენს. ენაგეთში დაახლოებით 110 სახლი დგას.
ენაგეთს ჩრდილოეთით ფოთლოვანი ტყის მასივები მდებარეობს, სამხრეთით კი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო მიწები. სოფლის თავზე, გორაკზე („სერი“) მდებარეობს ენაგეთის სასაფლაო.
ისტორია
რედაქტირებაენაგეთი წყაროებში XVI საუკუნიდან მოიხსენიება. 1523 წელს, ბარათაშვილების გაყრისას, სოფელში ყოფილა მათი სასახლე. ენაგეთში უცხოვრიათ დათონაშვილებს, ასათიშვილებს, ჯანიაშვილებს, თომიაშვილებს, პავლიაშვილებს, ყურშიაშვილებს, ყარაგოზიშვილებს და სხვ. შემდგომ საუკუნეებშიც ენაგეთი ბარათაშვილ-გოსტაშაბიშვილების მამულებში შედიოდა, თუმცა იქ იყვნენ სხვა მებატონეებიც. დატანილი აქვს რუკაზე ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.). თავის თხზულებაში ვახუშტი ენაგეთს იაყუბ-ყაენის ლაშქრობებთან დაკავშირებით მოიხსენიებს (ენაგეთის ბრძოლა).
სოფლის ჩრდილო-დასავლეთით დაახლ. 2 კმ-ზე გვიანდელი შუა საუკუნეების ძველი ენაგეთის ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 8 საყდარი ნანგრევების სახით. სოფლის მიდამოებში კიდევ რამდენიმე ეკლესიის ნანგრევებია. ერთ-ერთი მათგანის, წმინდა სამების გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესიის ირგვლივ XVIII–XIX საუკუნეების სასაფლაო და რამდენიმე ქვაჯვარია.
მოსახლეობა
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 329 ადამიანი. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ. მოსახლეობა ქართული ენის ქართლურ დიალექტზე საუბრობს. ამჟამად მუდმივი მოსახლეობა ძლიერ შემცირებულია, ვინაიდან უკანასკნელ წლებში მრავალმა ენაგეთელმა მიაშურა საცხოვრებლად თუ სამუშაოდ დიდ ქალაქებს (თბილისი და რუსთავი). სოფელს ძირითადად ზაფხულობით სტუმრობენ დამსვენებლები (ძირითადად ქალაქებში საცხოვრებლად წასული ენაგეთელები და მათი ოჯახის წევრები).
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 414 | 212 | 202 |
2014[1] | 329 | 172 | 157 |
ენაგეთში ცხოვრობენ ძირითადად შემდეგი გვარების წარმომადგენლები: მესტვირიშვილები, ნაცვლიშვილები, გოგიაშვილები, ბეჟანიშვილები.
ენაგეთელების ყოფა-ცხოვრება
რედაქტირებაენაგეთი გამოირჩევა კარტოფილის კარგი მოსავლით. აგრეთვე მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი და სხვა კულტურები.
ენაგეთში არის ენაგეთის საჯარო სკოლა და ფეხბურთის საკმაოდ დიდი მოედანი. ამჟამად სოფელში აღარ ფუნქციონირებს არანაირი კულტურული დაწესებულება. ენაგეთში დიდი ხნის პრობლემას წარმოადგენს უწყლობა და ინფორმაციის ნაკლებობა (გართულებულია სატელევიზიო სიხშირეების მიღება).
-
წმ. გიორგის ეკლესია
-
ღვთისმშობლის ეკლესია
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 200-201, თბ., 2013 წელი.
- ციციშვილი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1979, №50.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II