ენაგეთის ბრძოლა
ენაგეთის ბრძოლა — ბრძოლა თურქმანთა და ქართველთა ლაშქარს შორის 1488 წელს, თეთრბატკნიან (აყ-ყოიუნლუს) თურქმანთა მმართველის იაყუბ-ყაენის საქართველოში ლაშქრობების ერთ-ერთი ეპიზოდი. მის შესახებ მოთხრობილია „ახალ ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში.
1488 წელს იაყუბ-ყაენის ერთ-ერთი სარდალი ხალილ-ბეგი დიდი ჯარით საქართველოში შემოიჭრა, აიღო კოჯრის ციხე და თბილისს ალყა შემოარტყა. ქართლის მეფე კონსტანტინე II მდ. ნიჩბისისწყალთან იდგა და ჯარს აგროვებდა. სამცხის მთავარმა და კახეთის მეფემ დახმარებაზე უარი უთხრეს.
ამასობაში თბილისთან მდგარმა თურქმანთა სარდალმა მარბიელი ლაშქარი შეუსია ქვემო ქართლს. თურქმანებმა ამოწყვიტეს ორბეთის ძირისა და მთის სოფლები, დადძალი ტყვე და ალაფი ჩაიგდეს ხელთ, მაგრამ მათ სოფ. ენაგეთში მდგომი სულხან ბარათაშვილი და მისი ძმები დაესხნენ თავს და სასტიკად დაამარცხეს. უკუქცეული მტრის არიერგარდს (ჩაღათაულთ) ქაიხოსრო ბარათაშვილი, ჯავახ ჯავახიშვილი და ქავთარ სოლოღაშვილი წამოეწივნენ მცირე რაზმით.
ამ გამარჯვების მიუხედავად, კონსტანტინე მეფეს თურქმანთა ძირითად ჯართან საბრძოლველად ძალა არ ჰყოფნიდა; უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ მეფემ 1489 თებერვალში თბილისი დათმო. იაყუბ-ყაენის გარდაცვალების (1490) შემდეგ კი კონსტანტინემ თურქმანები თბილისიდანაც განდევნა და ქართლიდანაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.