ევროპული ქრცვინი, ტყის ქრცვინი, შავი ქრცვინი ან ჩვეულებრივი ქრცვინი (ლათ. Mustela putorius) — ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევრაზიის კონტინენტზე: ევროპაში — თითქმის მთლიანად, აზიასა და აფრიკაში — მცირედ. მამალი სიგრძეში 350–460 მმ-ია, დედალი — 290–394 მმ; მასა შესაბამისად 1000–1500 გ და 650–815 გ. შეფერილია შავ-მურად, აქვს ღია ლაქები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ბინადრობს მცირე ტყის მასივებში და ცალკეულ კორომებში. დედალი მძუნაობს აპრილ-მაისში, ზოგჯერ ივნისის მეორე ნახევარში. მაკეობა თვენახევარი გრძელდება, რის შემდგომაც იბადება 4–6 ნაშიერი. თავდაპირველად დედა მათ რძით კვებავს. ევროპული ქრცვინი იკვებება მემინდვრიებითა, თაგვებით, ბაყაყებით, გომბეშოებით, ვირთხებით, გველებით, ფრინველებითა და მწერებით. მოშინაურებული ფორმა — შინაური ქრცვინი (ლათ. Mustela putorius furo) გამოიყენება სანადიროდ (მაგ., სოროდან კურდღელის გამოსადევნად).
- Heptner, V. G.; Sludskii, A. A. (2002). Mammals of the Soviet Union. Washington, D.C.: Smithsonian Institution Libraries and National Science Foundation. ISBN 90-04-08876-8.