დოროთეი დბარი
დოროთეი დბარი (დ. 18 იანვარი, 1972, მუგუძირხვა, გუდაუთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებააფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი დოროთეი დბარი დაიბადა 1972 წლის 18 იანვარს გუდაუთის რაონის სოფელ მუგუძირხვაში. 1988 წელს დაასრულა ამავე სოფლის საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში.
განათლება
რედაქტირებადბარმა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელი დაასრულა 1991 წელს მხატვარ-გამფორმებლის სპეციალობით. ამავე წელს ჩააბარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან ერთი წლის შემდეგ 1992 წლის 9 აპრილს დბარი მოინათლა ლიხნის ტაძარში.
1993 წელს იგი აბარებს მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელსაც ამთავრებს 1997 წელს და სწავლას აგრძელებს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. დბარმა აკადემია წარჩინებით დაამთავრა 2001 წელს და საკანდიდატო ნაშრომი დაიცვა შემდეგ თემაზე: „ქრისტიანობის ისტორია აფხაზეთში პირველ ათასწლეულში“.[1]
საეკლესიო მოღვაწეობა
რედაქტირებარუსეთსა და საბერძნეთში
რედაქტირებამოსკოვის სასულიერო აკამდემიის დასრულების შემდეგ, დოროთეი დბარი სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეკომენდაციით ინიშნება ქალაქ მაიკოპის სამების საკათედრო ტაძრის უფროს დიაკვნად. დიაკვნად დანიშვნიდან 20 დღეში, მაიკოპისა და ადიღეის ეპისკოპოსის მიერ მოხდა დბარის ხელდასმა მღვდელმონაზვნად.
2007 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ცხოვრობდა, სწავლობდა და მოღვაწეობდა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. 2007–2008 წლებში ეუფლებოდა ბერძნულ ენას სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, სადაც 2009 წელს ჩააბარა დოქტორანტურაშიც. ქალაქ სალონიკშივე გაიარა ფრანგული, ძველბერძნული და ინგლისური ენების კურსები. 2011 წელს მსახურობდა საბერძნეთში, გუმენისას წმინდა ღვთისმშობლის მონასტერში. 2014 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, შემდეგ თემაზე: „წმინდა იოანე ნათლისმცემლის გარდაცვალების ადგილი“.[1]
აფხაზეთში
რედაქტირება2001 წელს, აფხაზეთში, დბარი ხსნის კომანის ეკლესიას და 2002 წლის 10 მარტს, მაიკოპისა და ადიღეის ეპისკოპოსის ნებართვით ტოვებს მის ეპარქიას და გადადის სხვა ეპარქიაში.
აფხაზეთში მოღვაწეობის პირველ წლებში (2001–2002) დბარი მუშაობს სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საეპისკოპოსო საბჭოს მდივნად. 2001–2006 წლებში კი ასევე მოღვაწეობს კომანის ეკლესიაში.
აღნიშნულ წლებში, დბარმა ღვთისმსახურება აღავლინა აფხაზეთში არსებულ შემდეგ ტაძრებში: წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის მონასტერი ახალ ათონზე, სოხუმის საკათედრო ტაძარი, დრანდის ეკლესია, მოქვის ტაძარი და ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის ეკლესია.
საბერძნეთში წასვლამდე, დბარმა 2002 წელს დააფუძნა ახალი ათონის სასულიერო სასწავლებელი, რომლის რექტორიც იყო 2006 წლამდე და ასწავლიდა შემდეგ საგნებს: დოგმატური ღვთისმსახურება, აფხაზეთის ეკლესიის ისტორია, საეკლესიო სამართალი, რელიგიის ისტორია და სხვ. 2011 წლის 15 მაისს ახალი ათონის მონასტერში გამართულ საეკლესიო-ეროვნულ ყრილობაზე დბარი დაინიშნა აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის საბჭოს თავმჯდომარედ.
საბერძნეთიდან აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, ანუ 2018 წელს, დბარი დაინიშნა დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სადაც მოღვაწეობს ისტორიის განხრით. აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის ვებგვერდზე განთავსებულ ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ დბარი არის ორი სამეცნიერო მონოგრაფიის, რამდენიმე წიგნის, 30-ზე მეტი სამეცნიერი სტატიის და 150-ზე მეტი პუბლიცისტური სტატიის ავტორი; მას ასევე შესრულებული აქვს ღვთისმეტყველების და სხვა ტექსტების თარგმანი ძველი ბერძნულიდან, თანამედროვე ბერძნულიდან და სხვა სლავური ენებიდან რუსულ და აფხაზურ ენებზე.
აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის ვებ-გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიიდან ასევე ირკვევა, რომ არქიმანდრიტ დბარს გამოცემული აქვს წიგნი შემდეგ თემაზე - „მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთში: წარსული, აწმყო, მომავალი“.[2]
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებადბარის მიერ დაცული საკანდიდატო ნაშრომი „ქრისტიანობის ისტორია აფხაზეთში პირველ ათასწლეულში“ არაერთხელ გამოიცა აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის მიერ. ნაშრომის პირველ ორ თავში საუბარია აფხაზეთის ისტორიასა და თავად აფხაზებზე იმ პერიოდში, როდესაც მოხდა ქრისტიანობის მიღება, განხილულია წინამდებარე პერიოდიც. მომდევნო თავებში საუბარია აფხაზური საეკლესიო ინსტიტუტის განვითარებაზე და აფხაზური საეკლესიო ავტოკეფალიის შექმნის შესახებ. ნაშრომის დასკვნით ნაწილში საუბარია აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის თემა.[3] საკუთარ ნაშრომს, აქტიმანდრიტი დბარი იწყებს იმ მოსაზრების გაფანტვით, თითქოს აფხაზეთში ქრისტიანობა ყოველთვის აღიქმებოდა როგორც აფხაზ ერზე უცხო ტომელთა გავლენით მიღებული რელიგია და თითქოს აღნიშნულ სარწმუნოებას არასოდეს ჰქონია დიდი მნიშვნელობა აფხაზეთში. იგი ასევე აკრიტიკებს იმ მოსაზრებას, რომ ქრისტიანული რწმენის არქიტექტურული ძეგლების სიმრავლე აფხაზეთში დაკავშირებულია ამ უცხო ტომელთა საქმიანობასთან და ხდებოდა აფხაზი ერის უშუალო მონაწილეობის გარეშე. დბარი აკრიტიკებს იმ მოსაზრებასაც რომლის მიხედვითაც აფხაზები გულრგილად იყვნენ განწყობილნი იმ საქმიანობის მიმართ, რომელსაც აფზახეთში ახორციელებდნენ ქართველი და ბიზანტიელი მისიონერები. აღნიშნული მითების გავრცელებაზე საუბრისას ნაშრომი ქართველ და აფხაზ ინტელიგენციაზე მიუთითებს, თუმცა არანაკლებ როლს ანიჭებს საქართველოს სასულიერო პირებს. აქტიმანდრიტი დბარის მოსაზრებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II (ერისკაცობაში – გიორგი საძაგლიშვილი) დიდი როლი ითამაშა ზემოთ აღნიშნული მოსაზრებების ფორმულირებაში; ამის დასადასტურებლად მას მოყავს კირიონ II-ს მოსაზრება თუ რატომ უნდა შესულიყო აფხაზეთი და საქართველოს სხვა მხარეები საქართველოს საეკლესიო ავტოკეფალიაში. არქიმანდრიტი დბარი კირიონ II-ის შემდეგ სიტყვებს ციტირებს:
„საქართველომ შეიტანა (აფხაზებში) ქრისტიანობა და უფლება აქვს მართოს ისინი (აფხაზები). [4]“
|
არქიმანდრიტი დბარი ადანაშაულებს აფხაზურ ინტელიგენციას იმაში, რომ ისინი მალევე „დაეთანხმნენ“ ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას, თუმცა მათმა თანხმობამ სხვა მოსაზრებას და მოცემულობას გაუხსნა გზა, თუ აფხაზი ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ქრისტიანობა აფხაზეთში შეტანილია ბიზანტიელი და ქართველი უცხო ტომელების მიერ, შესაბამისად, აღნიშნულ რელიგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უცხო ტომელებს უკავშირდებათ, სწორედ ამიტომ, აფხაზები აქტიურად ინარჩუნებდნენ თავიანთ წარმართულ წეს-ჩვეულებებს. არქიმანდრიტი დბარის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება აფხაზეთში ისტორიკოსების, ეთნოგრაფების და ფოლკლორისტების საქმიანობის შედეგად, რომელთაც დასკვნეს, რომ აფხაზებში არსებულ უამრავ ტრადიციას, წეს-ჩვეულებებს, თუ სხვა ყოფით მოვლენას ჰქონდა ქრისტიანობის უდიდესი გავლენა; უბრალოდ, ბევრი მათგანი აღიქმებოდა როგორც წარმართული, თუმცა ამავდროულად იყო ქრისტიანული. ნაშრომის ავტორს სჯერა საკითხის პოლიტიზირების და თვლის, რომ ქართველი პოლიტიკოსებისათვის ქრისტიანობა იყო „მოქცევის იარაღი“, ხოლო აფხაზი ოპონენტებისთვის კი ქრისტიანობა იყო „მტრის იარაღი“. სწორედ პოლიტიკურ ქარცეცხლს აბრალებს არქიმანდრიტი დბარი აფხაზეთში ქრისტიანობის ისტორიის სათანადო შესწავლის შესაძლებლობების არარსებობას.[4]
აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი დბარი განსაკუთრებულად ადანაშაულებს საბჭოთა ეპოქაში დამყარებულ იდეოლოგიას, რომელიც წინ უძღოდა აფხაზური და ქართული სამეცნიერო მიმართულების განვითარებას. იგი ფიქრობს რომ საბჭოთა პერიოდში არ მომხდარა საეკლესიო-ისტორიული კვლევების პრობლემატიკის სათანადო შესწავლა. ასევე თვლის, რომ საბჭოთა კავშირში გამეფებულმა იდეოლოგიამ ხელი შეუშალა მეცნიერების განვითარებას როგორც აფხაზეთშიც - ისე საქართვლოში, რამაც ჩაშალა ამ ეპოქაში მოღვაწე ქართველი და აფხაზი მეცნიერების შრომა ისტორიულ თუ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით. ნაშრომის ავტორი განიცდის, რომ არ არსებობს აფხაზეთში ქრისტიანობის სათანადო კვლევა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არც საქართველოში მომხდარა ქრისტიანობის ისტორიის შესწავლა.
საკუთარი კვლევების შედეგად, არქიმანდრიტი დბარი სვამს შემდეგ შეკითხვას:
არქიმანდრიტი დბარი მისსავე დასმულ შეკითხვას უარყოფითად პასუხობს და ნაშრომსაც ამ შეკითხვაზე აგებს.
საკუთარ ნაშრომში დბარი არაერთხელ ციტირებს არაერთ პუბლიკაციას, რომელიც ეხება საქართველოს ეკლესიის ისტორიას, მათ შორის: პლატონ იოსელიანის ნაშრომი „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, რომელიც გამოიცა ინგლისურ ენაზე 1866 ლონდონში.
დამოკიდებულება აფხაზეთში არსებული ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის მიმართ
რედაქტირებაარქიმანდრიტი დბარი ნეგატიურად არის განწყობილი აფხაზეთში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური პირობების მიმართ, რაც გამოიხატება მოსახლეობის მხოლოდ „მდიდრებად და ღარიბებად“ დაყოფაში.
მედია საშუალებებისათვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ის იხსენებს სტუმრობას მშობლებთან, როცა მის უმცროს ძმასთან ერთად გააცილა მისი შვილი სკოლაში. სკოლის შენობასთან მისვლისას იგი ათვალიერებდა იმას თუ როგორ მოიყვანა თითქმის ყველა ოჯახმა საკუთარი შვილი კერძო ტრანსპორტით. მისი თქმით - აფხაზეთში არავის უკვირს როცა ოჯახში არის ორი ან მეტი მანქანა. არქიმანდრიტი დბარი საკუთარ გამოცდილებაზეც ღიად საუბრობს როცა მას ოჯახის საკურთხებლად იწვევენ და შორეულ სოფლებშიც კი ხვდება უმდიდრესი ინტერიერით გაფორმებული სახლები. აფხაზეთში არსებული ეკონომიკური და სოციალური განსხვავებების და მდიდარი ფენის შესახებ იგი ირონიულად აცხადებს, რომ „ეს ყოველივე აფხაზი ბებია-ბაბუების რუსული პენსიის შედეგად ვერ იქნება უზრუნველყოფილი“.
არქიმანდრიტი დბარი ნეგატიურად არის განწყობილი აფხაზი ხალხის იმ თვისების მიმართ, რომელიც თანხმდება სხვისგან მიღებულ ნებისმიერ დახმარებას, რადგან ეს თვისება მოკლებულია უნარს გაარჩიოს თუ რა დგას ამ დახმარების მიღმა და რას ემსახურება იგი. ასეთმა დახმარებამ შეიძლება აფხაზეთს წაართვას მისთვის ყველაზე ძვირფასი: დამოუკიდებლობა, საკუთარი ენა და კულტურა - რომელთა გარეშეც აფხაზი ეთნოსი ვერ შეძლებს ფიზიკურ გადარჩენას. [5]
არქიმანდრიტი ღიად საუბრობს იმ კორუფციაზეც, რომელიც გამეფებულია აფხაზეთში და რომლის გამოც შეუძლებელია მოქალაქეთა შემოსავლის/ქონების დადგენა.
მისი აზრით, დამოუკიდებლობა მოითხოვს იმის გააზრებას, რათა მისი გამოყენება სწორედ მოხდეს. მას მოყავს მაგალითი ადამიანისა და ჩანგლის ურთიერთობაზე, რადგან როდესაც ადამიანმა არ იცის როგორ გამოიყენოს ჩანგალი, მას შეუძლია დაზიანებაც კი მიიყენოს. სწორედ ასე ხედავს არქიმანტრიდი დბარი დამოუკიდებლობის გააზრების მნიშვნელობას.[5]
დამოკიდებულება ქართველების მიმართ
რედაქტირებასაკუთარ შრომებსა და კვლევებში, არქიმანდრიტი დბარი ხაზს უსვამს ქართველი მეცნიერებისა და წყაროების მნიშვნელობას ქრისტიანობის შესწავლასა და განვითარებაში აფხაზეთში. მისი თქმით, საქართველო და აფხაზეთი ყოველთვის ერთმანეთის ახლოს იყვნენ ფიზიკურად და მეათე საუკუნის ბოლოდან შედიოდნენ ერთ სამეფოში, რომელსაც იგი მოიხსენიებს როგორც „აფხაზეთისა და ქართლის სამეფო“. ამავდროულად, არქიმანდრიტი დბარი არაერთხელ მიუთითებს, რომ ქართველი ისტორიკოსებისა და მკვლევრების მიერ არაერთხელ მოხდა ფაქტების „შეცვლა“ და „დამახინჯება“, რაც მოგვიანებით აისახებოდა უცხოელი მოღვაწეების ნაშრომებში და ამითაა განპირობებული მსოფლიოში საქართველოს მიმართ არსებული მხარდაჭერა.
2018 წელს, აფხაზეთის ომის 25 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა არქიმანდრიტ დბარის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი 30 სექტემბერს მოიხსენიებს როგორც აფხაზეთის გამარჯვების, დამოუკიდებლობის და აფხაზეთის სახელმწიფოს ახალი ეტაპის შექმნის დღედ. ომის დასრულებას იგი მიაწერს კიდევ უფრო რთული ეტაპის დაწყებას აფხაზი ხალხისთვის და მათ დილემას, შეძლონ და თავი დააღწიონ გადაწყვეტილების მიღების მანამდე არსებულ ორ პოლუსს (თბილისი და მოსკოვი), რათა აფხაზი ხალხისთვის შეიქმნას ერთადერთი ცენტრი - ქალაქი სოხუმი.
ომთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას იგი სიამაყით აღნიშნავს იმას თუ როგორ შეძლო მცირე აფხაზმა ერმა 5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება.
მას მოყავს საკუთარი მაგალითი იმაზე, თუ რაოდენ რთული იყო მისთვის განათლების მისაღებად უცხოეთში გამგზავრება. აღნიშნულ დაბრკოლებებს ის მიაწერს საქართველოს მიერ აფხაზეთის დაბლოკვას საერთაშორისო არენაზე. იგი ასევე იხსენებს როგორი მარტივი იყო ომამდე სოხუმიდან ტრაპიზონში გემით გადასვლა, ახლა კი აფხაზებს უწევთ თურქული პროდუქციის სოჭში შეძენა და შემდეგ მისი გადმოტანა აფხაზეთში. [5] სწორედ ეკონომიკურ ბლოკადას მიაწერს ის აფზახეთში გაზრდილ კრიმინალს და დანაშაულს. ამავდროულად - არქიმანდრიტი ხაზს უსვამს ქალთა როლს კონფლიქტის შემდგომ დამდგარი რთული ეკონომიკური ვითარების გადატანაში; მაშინ როცა მამრობითი სქესის პირებს არ აძლევდნენ რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გადასვლის უფლებას, სწორედ ქალბატონები ეზიდებოდნენ ყოველდღიურად გადარჩენის რთულ ჭაპანს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Дорофей (Д. Дбар), История христианства в Абхазии в первом тысячелетии[მკვდარი ბმული]
- Архимандрит Дорофей (Дбар Дмитрий Заурович)
- Дорофей (Дбар)[მკვდარი ბმული]
- ҬАК с архимандритом Дорофеем (Дбар) დაარქივებული 2020-05-07 საიტზე Wayback Machine.
- Архимандрит Дорофей (Дбар): «Нельзя Забывать, Что За 25 Лет Выросло Новое Поколение, Что Перед Современным Абхазским Государством Стоят Новые Вызовы»
- Архимандрит Дорофей (Дбар), История христианства в Абхазии в первом тысячелетии, Второе издание
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Архим. Дорофей (Д. Дбар), История христианства в Абхазии в первом тысячелетии[მკვდარი ბმული]
- ↑ Архимандрит Дорофей (Дбар). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-30. ციტირების თარიღი: 2020-05-19.
- ↑ ҬАК с архимандритом Дорофеем (Дбар). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-07. ციტირების თარიღი: 2020-05-19.
- ↑ 4.0 4.1 Архимандрит Дорофей (Дбар), История христианства в Абхазии в первом тысячелетии, Второе издание
- ↑ 5.0 5.1 5.2 Архимандрит Дорофей (Дбар): «Нельзя Забывать, Что За 25 Лет Выросло Новое Поколение, Что Перед Современным Абхазским Государством Стоят Новые Вызовы»