სოხუმის საკათედრო ტაძარი

სოხუმის საკათედრო ტაძარი — ეკლესია ქალაქ სოხუმში, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. აგებულია 1909-1915 წლებში ბერძნული თემის სახსრებით.

სოხუმის საკათედრო ტაძარი

სოხუმის საკათედრო ტაძარი, 2014 წ.

სოხუმის საკათედრო ტაძარი — საქართველო
სოხუმის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°00′21″ ჩ. გ. 41°00′52″ ა. გ. / 43.00583° ჩ. გ. 41.01444° ა. გ. / 43.00583; 41.01444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი სოხუმის მუნიციპალიტეტი
კურთხევის წელი 1915
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი ტაძარი
თარიღდება 1909-1915

1915 წელს ტაძარი წმ. ნიკოლოზის სახელზე აკურთხეს. 20-30-იანი წლების ანტირელიგიური კამპანიის შედეგად აფხაზეთში მხოლოდ 6 ტაძარი იყო მოქმედი, მათ შორის სოხუმის წმ. ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია. 1946 წელს წმ. ნიკოლოზის ტაძარი საკათედრო გახდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე აკურთხეს. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი სვიმონი (გიგინეიშვილი) დაინიშნა. 1952 წლის იანვარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (1932-1952) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი სვიმონი ბერად აღკვეცეს და სახელად ანტონი უწოდეს. იმავე წელს მას ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, ხოლო 1954 წელს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. 70-80-იან წლებში, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დავითის (ჭკადუა) ინიციატივით ტაძარში სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. სწორედ მაშინ, 1980 წელს, ტაძარს რამდენიმე გვერდითი მინაშენი გაუკეთდა. ერთ-ერთი ეკვდერი წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე აკურთხეს. სოხუმის საკათედრო ტაძარი ბერძნული და რუსული არქიტექტურული ფორმების ნაზავს წარმოადგენს. ეს არის ჯვარგუმბათოვანი, სამნავიანი ტაძარი, რომელიც ბიზანტიური სტილის გუმბათით ბოლოვდება. ტაძარში დასვენებულია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, წმ. ნიკოლოზის, წმ. იოანე ოქროპირის, წმ. ბასილისკოს ხატები, წმ. პანტელეიმონ მკურნალის ხატი მისი წმინდა ნაწილებით. 2010 წელს ჩატარდა ტაძრის სრული რესტავრაცია. ტაძარს ახალი მოოქროვილი გუმბათი დაადგეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში, ქ. ჩელიაბინსკში დამზადდა. ტაძარში ღვთისმსახურება საეკლესიო-სლავურ, ბერძნულ, აფხაზურ ენებზე, ხოლო აღდგომას ქართულ ენაზეც სრულდება. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოხუმის საკათედრო ტაძარს (4 მარტის და კ. ლესელიძის ქუჩების გადაკვეთაზე) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბ. ხორავა, სოხუმის საკათედრო ტაძრის ისტორიიდან, კრებ. კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ რეგიონებში, თბ., 2018.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება