პანტელეიმონ მკურნალის ძეგლი (ბატაისკი)
პანტელეიმონ მკურნალის ძეგლი (რუს. Памятник Пантелеимону-целителю) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის პანტელეიმონ მკურნალის ძეგლი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოსაგან. მისი ოფიციალური გახსნა გაიმართა 2013 წელს[1], წმინდანის ხსენების დღეს 9 აგვისტოს[2]. ძეგლის ავტორია სერგეი ისაკოვი.
პანტელეიმონ მკურნალის ძეგლი რუს. Памятник Пантелеимону-целителю | |
---|---|
კოორდინატები | 47°09′02″N 39°43′19″E / 47.150443° ჩ. გ. 39.722011° ა. გ. |
მდებარეობა | ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | სერგეი ისაკოვი |
მასალა | ბრინჯაო |
სიმაღლე | 5 მეტრი |
თარიღდება | 2013 |
ისტორია
რედაქტირებაქალაქ ბატაისკის ახალ მიკრორაიონში „სამხრეთის სანაპირო“ ლენინგრადისა და მეთევზეთა ქუჩის გადაკვეთზე 2013 წლის 9 აგვისტოს გაიხსნა მართლმადიდებელთა წმინდანის პანტელეიმონ მკურნალის ძეგლი, რომლის დასამზადებლადაც გამოიყენეს ბრინჯაო. ცნობილია, რომ წმინდა პანტელეიმონი ცხოვრობდა ახ. წ. III-IV საუკუნეების მიჯნაზე ბითინიის ქალაქ ნიკომედიაში. იგი კურნავდა ავადმყოფებს და გლახაკებს. ითვლება ექიმებისა და მკურნალების მფარველად.
ქანდაკების ავტორი არის ბატაისკის მკვიდრი სერგეი ისაკოვი, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი. კვარცხლბეკკის სიმაღლეა ორი მეტრი, ხოლო თავად ძეგლი სამი მეტრის სიმაღლისაა, საერთო ჯამში ქანდაკება 5 მეტრის სიმაღლისაა. კომპოზიციის ცენტრალური ფიგურაა წმინდა პანტელეიმონ მკურნალი, რომელსაც გარს აკრავს ოთხი ანგელოზი. იგეგმება, რომ ძეგლის მახლობლად ააგონ ტაძარი, რომელიც ეკურთხება წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელზე. საკულტო ნაგებობის პროექტი უკვე დამუშავების პროცესშია[1].
ძეგლის დადგმა აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა მერკურმა. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ძეგლის საზეიმო გახსნას ესწრებოდა როსტოვის ოლქის კულტურის მინისტრი ანატოლი ალექსანდრეს ძე რეზვანოვი, ქალაქ ბატაისკის მერი ვალერი ვასილის ძე პუტილინი, ძეგლის ავტორი, მოქანდაკე სერგეი მიხეილის ძე ისაკოვი და ადგილობრივი მოსახლეობა. ძეგლის გახსნის შემდეგ აღევლინა ლოცვა[2].