დიმიტრი პრიანიშნიკოვი

საბჭოთა მეცნიერი, აგრონომი, მცენარეთა ფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი და მცენარეთმცოდნე

დიმიტრი პრიანიშნიკოვი (რუს. Дми́трий Никола́евич Пря́нишников, დ. 6 ნოემბერი [ძვ. სტ. 25 ოქტომბერი], 1865 — გ. 30 აპრილი, 1948) — საბჭოთა მეცნიერი, აგრონომი, მცენარეთა ფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი და მცენარეთმცოდნე.

დიმიტრი პრიანიშნიკოვი
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი (6 ნოემბერი), 1865
დაბ. ადგილი კიახტა, Transbaikal Oblast, რუსეთის იმპერია[1] [2]
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 1948(1948-04-30)[2] [3] (82 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[2]
დასაფლავებულია ვაგანკოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი და ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი რუსეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი[4] და Q4129793?[4]
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი doctor
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, K.A. Timiryazev Prize, honorary doctor of the University of Wrocław, სამამულო ომის ორდენი და ლენინური პრემია

ადრეული წლები

რედაქტირება

დიმიტრი ნიკოლოზის ძე პრიანიშნიკოვი დაიბადა იმიერბაიკალის ქალაქ კიახტაში. ამ შორეულ მხარეში გადაასახლეს დიმიტრის პაპა, ნიკოლოზის არმიის ჯარისკაცი. დიმიტრი პრიანიშნიკოვს მამა ადრე გარდაეცვალა და არც ახსოვდა იგი, მაგრამ სამაგიეროდ სამუდამოდ დარჩა დედის ხსოვნა, რომელმაც ბავშვს შრომისა და მშრომელი ადამიანებისადმი სიყვარული ჩაუნერგა.

მეცნიერი ყოველთვის დიდი მადლიერებით იგონებდა თავის ზოგიერთ მასწავლებელს ირკუტსკის გიმნაზიიდან. რეაქციის შავბნელ წლებში ისინი ყმაწვილს ტირანიისა და ცარიზმის სიძულვილს უნერგავდნენ.

პრიაშნიკოვმა ოქროს მედლით დაამთავრა გიმნაზია და უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილებაზე შევიდა. აქ მისი საყვარელი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერი - ბოტანიკოსი და ფიზიოლოგი ტიმირიაზევი, ფიზიკოსი - სტოლეტოვი, ქიმიკოსი - მარკოვნიკოვი და სხვ.

სტუდენტობის წლებში პრიანიშნიკოვი ქიმიამ გაიტაცა. პროფესორმა მარკოვნიკოვმა შენიშნა ჭაბუკს ნიჭი, მეცნიერული შრომისადმი სიყვარული და კათედრაზე დარჩენა შესთავაზა. მაგრამ დიმიტრი ნიკოლოზის ძემ გადაწყვიტა, „უფრო ახლოს დარჩენილიყო ხალხთან, პრაქტიკასთან“ და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პეტრეს მიწათმოქმედებისა და სატყეო აკადემიაში განაგრძო სწავლა (ამჟამად მოსკოვის ტიმილიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია).

პროფესიული საქმიანობა და მოღვაწეობა

რედაქტირება

აკადემიის სტუდენტი პრიანიშნიკოვი ატარებდა ცდებს და სწავლობდა შაქრის ჭარხლის კვებასა და სასუქებით განოყიერებას ვორონეჟის გუბერნიაში. ამ ცდების შედეგები იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რომ ტიმირიაზევა წინადადება წამოაყენა, დაეტოვებინათ პრიანიშნიკოვი აკადემიაში სამეცნიერო მუშაობისათვის მოსამზადებლად.

ახალგაზრდა მეცნიერმა დაიწყო მცენარეებში აზოტოვან ნივთიერებათა გარდაქმნის შესწავლა. მან აღმოაჩინა, რომ აზოტოვან ნივთიერებათა ცვლაში ცხოველებსა და მცენარეებში ბევრი საერთოა. ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის კანონთა შესაცნობად. ცხოველთა ორგანიზმში დაშლილი ცილის ნაწილი იქცევა ამონიაკად - შხამიან აზოტოვან ნივთიერებად, რომელიც გაუვნებლების შემდეგ შარდოვანად იქცევა და ორგანიზმიდან გამოიყოფა. ცილის დაშლისას მცენარეებში ამიაკი წარმოიქმნება, რომელიც ასპარანგინად იკვრება.

ასპარანგინი ისეთსავე როლს ასრულებს მცენარეში, როგორსაც შარდოვანა ცხოველურ ორგანიზმში, მაგრამ მცენარეები არ გამოჰყოფენ მას. ასპარანგი მცენარეშივე რჩება, ეს ასე ვთქვათ სათადარიგო ამიაკის საწყობია. როცა მცენარეს ცილების ახალი რაოდენობა დასჭირდება, ამიაკი განსაკუთრებული ფერმენტის დახმარებით გამოიყოფა ასპარანგიდან და ახალი ამინომჟავების, ამ უკანასკნელთაგან კი ცილოვან ნივთიერებათა შექმნას ხმარდება. ასე დაამტკიცა პრიანიშნიკოვნა, რომ მცენარეში აზოტოვან ნივთიერებათა გარდაქმნა ამიაკით იწყება და ამიაკითვე მთავრდება.

ამ გამოკვლევებმა პრიანიშნიკოვს მცენარეთა ბიოქიმიკოსისა და ფიზიოლოგიის სახელი მოუხვეჭა. ეს გამოკვლევები იქცა მცენარეთა აზოტოვანი კვების თანამედროვე თეორიის საფუძვლადაც.

1895 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე, ამ დროისთვის უკვე პროფესორი, გულმოდგინედ ეწევა სამეცნიერო მუშაობას და ამავე დროს მომავალ სპეციალისტებსაც ამზადებს. მეცნიერი თითქმის სამოცი წელი, სიკვდილამდე, 1948 წლამდე ტიმირიაზევის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში მუშაობდა.

აქ დიმიტრი ნიკოლოზის ძე წლების განმავლობაში კითხულობდა კერძო მიწათმოქმედების (მემცენარეობის) და აგროქიმიის კურსებს. თავის მრავალრიცხოვან მოწაფეებთან ერთად პრიანიშნიკოვი სისტემატურად ატარებდა ვეგეტაციურ ცდებს. იგი სწავლობდა მცენარეთა კვებას და ზრდიდა მათ წყლის ხსნარებში, ნიადაგზე, სტერილურ ქვიშაზე. ბუსენგო მსგავსად იგი ფიქრობდა, რომ საჭიროა „თვითონ მცენარეს ვკითხოთ“, რა სჭირდება მას. ამ ხელოვნებას პრიანიშნიკოვი შესანიშნავად ფლობდა.

განსაკუთრებით ზუსტად ამუშავებდა პრიანიშნიკოვი მცენარეთა აზოტოვანი კვების და აზოტოვანი სასუქების გამოყენების თეორიას. აზოტი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ყველა ორგანიზმის ცხოვრებაში. იგი შედის ცილების, ნუკლეინის მჟავების, ქროლოფილის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების შედგენილობაში, რომელთა სინთეზიც მწვანე მცენარეში მიმდინარეობს. აზოტოვანი შიმშილობის დროს ფოთლებს მწვანე ფერი ეკარგება, მცენარის ზრდა ფერხდება. და პირიქით, როცა აზოტოვანი საკვები საკმარისი რაოდენობითაა, მცენარე სწრაფად იზრდება, ფოთლები ინტენსიური მწვანე ფერისაა, მატულობს მათი ზომა და ხანგრძლივდება სიცოცხლე. აზოტით უზრუნველყოფის პირობებში არა მარტო მოსავალი მატულობს, არამედ იზრდება მცენარეში ცილისა და მარცვალში წებოგვარას შემცველობა, იზრდება პროდუქციის საკვები ღირებულება.

თავისი ცდების საფუძველზე პრიანიშნიკოვმა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში უწოდა აზოტმჟავა ამონიუმს მომავლის სასუქი. მას მხედველობაში ჰქონდა ამ მარილში აზოტის მაღალი შემცველობა (თითქმის 35 %).

მეცნიერის წინასწარმეტყველება მის სიცოცხლეშივე აღსრულდა. პირველი ხუთწლედის დასაწყისში საბჭოთა ქიმიურმა მრეწველობამ აითვისა ამიაკური გვარჯილის წარმოება. ამჟამად ეს მთავარი აზოტოვანი სასუქია და ამავე დროს ყველაზე ძლიერმოქმედიც.

უკანასკნელ წლებში ფართო გავრცელება ჰპოვა თხევადმა აზოტოვანმა სასუქებმა (გათხევადებული ამიაკი, ამიაკური წყალი, ამიაკატები). ჰაერის ამიაკისა და აზოტის სინთეზის მრეწველობის წარმოქმნამდე დიდი ხნით ადრე 1900 წელს პრიანიშნიკოვის ნაშრომებმა სწორი მითითება მისცა აგრონომებს, როგორ გამოეყენებინაათ ნიტრატული, ამიაკური და ამიაკურ-ნიტრატული სასუქები ამა თუ იმ კონკრეტულ პირობებში.

პრიანიშნიკოვი ყოველთვის მჭიდროდ უკავშირებდა ერთმანეთს აგროქიმიას, მცენარეთა ფიზიოლოგიასა და მიწათმოქმედებას.

ჩვენს ქვეყანაში უხვადაა ფოსფორიტების საბადოები, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მცირე რაოდენობით შეიცავს ფოსფორს და არ გამოდგება სუპერფოსფატისა და მცენარისათვის ადვილად ხელმისაწვდომ მინერალურ ფოსფორულ სასუქთა ნედლეულად. ჯერ კიდევ 1896 წელს პრიანიშნიკოვი დაინტერესდა საკითხით, ხომ არ შეიძლება სასუქად წერილად დაფქული ფოსფორიტის გამოყენება ქიმიური გადამუშავების გარეშე.

უპირველეს ყოვლისა, მან გადაწყვიტა გამოერკვია რა როლს ასრულებს სხვადასხვა მცენარის მიერ ფოსფორიტული ფქვილიდან ფოსფორის მჟავის ათვისებაში მცენარის ცალკეული თავისებურებანი, ნიადაგის თვისებები და თვით ფოსფორიტების ბუნება.

პირველივე ცდებმა ცხადყო, რომ პურეულ მარცვლოვნებს არ აქვთ უნარი საკვებად გამოიყენონ ფოსფორიტების ფოსფორის მჟავა, ხოლო ხანჭკოლა და ნაწილობრივ მუხუდო ასეთ ფოსფორს კარგად ითვისებენ. მოგვიანებით იგივე თვისება აღმოაჩნდა უგრეხელს, ძიძოს, ესპარცეტსა და კანაფს. შემდეგში პრიანიშნიკოვნა დაადგინა, რომ მხოლოდ მჟავა ეწერსა და ტორფიან ნიადაგებში, აგრეთვე ჩრდილოეთის (დეგრადირებულ) შავმიწებშია ფოსფორიტები მარცვლოვანებისათვის სასარგებლო და ბოლოს არანაკლები მნიშვნელობა აქვს თვით ფოსფორიტების თვისებებსაც, რადგან სხვადასხვა ფოსფორიტს ერთსა და იმავე ნიადაგში მცენარეები სხვადასხვანაირად ითვისნებენ. დიდი მნიშვნელობა აქვს ფოსფორიტების დაფქვის ხარისხსაც.

მეცნიერის ამ ნაშრომების ცხოვრებაში განხორციელებას დიდი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობა, მჟავა და სუსტად მჟავა ნიადაგები შეიძლება განოყიერდეს ყველაზე იაფი ფოსფორიანი სასუქით - ფოსფორის ფქვილით.

არ არსებობს აგროქიმიის არც ერთი დარგი, რომელიც პრიანიშნიკოვს არ გაემდიდრებინოს თავისი ნაშრომებით. ეს ნაშრომები დღეს მიწათმოქმედების ქიმიზაციის მეცნიერული საფუძვლებია. სულ პრიანიშნიკოვმა გამოაქვეყნა 500-ზე მეტი ნაშრომი და მათ შორის ბევრი წიგნიი: „აგროქიმია“, “აზოტი მცენარეების სიცოცხლესა და საბჭოთა კავშირის მიწათმოქმედებაში“, „მცენარეთა აგროქიმია“, „კერძო მიწათმოქმედება“ და სხვ. ეს წიგნები კიდევ დიდხანს დარჩება აგრონომებისა და აგროქიმიკოსების სამაგიდო წიგნებად.

პრიანიშნიკოვს უყვარდა თავისი მოწაფეები, უპირველეს ყოვლისა, აფასებდა შრომისმოყვარეობას, საღ აზროვნებას, მიღებული შედეგებისს კრიტიკულ განხილვას და სწრაფვას ახლისაკენ.

დიმიტრი ნიკოლოზის ძე ზრუნავდა, რომ უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა არ დაკამყოფილებულიყო მხოლოდ სამეცნიერო გამოკვლევათა შედეგების გაცონობით. ისინი უნდა შეიარაღებულიყვნენ ასეთი გამოკვლევების ჩასატარებელი მეთოდებით, რათა სტუდენტებს სცოდნოდათ, როგორც იღებდნენ მეცნიერულ ფაქტებს და შეძლებისდაგვარად თვითონაც გადაედგათ პირველი ნაბიჯები კვლევის გზაზე.

პრიანიშნიკოვს ყოველთვის სჯეროდა უბრალო ადამიანების ნიჭიერება. ჯერ კიდვ 1914 წელს იგი კატეგორიულად უარყოფდა ბურჟუაზიულ წრეში გავრცელებულ შეხედელებას, თითქოს ოჯახმა კულტურის რამდენიმე თაობა უნდა განვლოს, ვიდრე მისი შვილები უმაღლეს შემოქმედებით უნარს გამოამჟღავნებენ. იგი ამბობდა: „...ლომონოსოვს, რომ თავის დავანებოთ, ახლაც ვხედავთ, რომ ხან აქ, ხან იქ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები გლეხების წრიდან ცნობილ მეცნიერ მუშაკებად გვევლინებიან. ვინ იცის, რამდენი მსგავსი ნიჭი რჩება ხალხში გამოუმჟღავნებელი“. პრიანიშნიკოვი უკვე მაშინ მოითხოვდა განათლების ისეთ სისტემას, რომელიც „არა მარტო გამოავლენდა ხალხის შვილების სერიოზულ ნიჭს, მუდმივ შემოქმედებით შრომასაც მიაჩვევდა მათ...“ მეცნიერის ამ ოცნებას მხოლოდ დიდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შეესხა ფრთები.

როგორც ჭეშმარიტი ჰუმანისტი, პრიანიშნიკოვი ებრძოდა ადამიანის მოძულე მალთუსიანელებს - XVIII საუკუნის დასასრულსა და საუკუნის დასაწყისის ინგლისელი ბურჟუზიული ეკონომისტის მალთუსის მოძღვრების მიმდევრებს. მალთუსს მიაჩნდა, რომ დედამიწის ზურგზე მოსახლეობა ძალიან სწრაფად მატულობს და მალე საკმარისი აღარ იქნება სურსათი ხალხის გამოსაკვებად. ამიტომ ომებსა და ეპიდემიებს, რასაც მილიონობით ადამიანთა სიცოცხლე ეწირებოდა, მისი აზრით, კაცობრიობისათვის სარგებლობა მოჰქონდა. პრიანიშნიკოვმა დაამტკიცა, რომ მალთუსის მოსაზრება მცდარი იყო. კერძოდ ქიმიზაციის საშუალებით მიწათმოქმედების განვითარების შედეგად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ თავისუფლად ეყოს მსოფლიოს თანდათან მზარდ მოსახელეობას.

დიმიტრი ნიკოლოზის ძემ მთლიანად თავისი ნათელი ცხოვრება და მკვლევარისა და პედაგოგის ბრწყინვალე ნიჭი ხალხის კეთილდღეობას შეალია. სამშობლომ ღირსეულად დააფასა თავისი გამოჩენილი შვილის დამსახურება, იგი აირჩიეს აკადემიკოსად, მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის და ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის საპატიო წოდებები.

პრიანიშნიკოვის მოწაფეები - აკადემიკოსები, პროფესორები, ასობით მეცნიერ-მუშაკი, ათასობით აგრონომი - ავითარებენ მისი მეცნიერული აღმოჩენების პრაქტიკულ განხორციელებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საბავშვო ენციკლოპედია, თბ. 1973 წელი
  • Энциклопедический словарь юного химика / Сост. В. А. Крицман, В. В. Станцо. — თარგი:М.: Педагогика, 1982. — С. 290.
  • Максимов Н. А., Верзилов В. Ф., Епифанова А. П. Дмитрий Николаевич Прянишников (Материалы к биобиблиографии ученых СССР). თარგი:М.—თარგი:Л.: Издательство АН СССР, 1948. — 81 с.
  • Кедров-Зихман О. К. Жизнь и деятельность академика Д. Н. Прянишникова // Успехи химии, 1939, т. 8, вып. 1. — С. 1—10.
  • Академик Дмитрий Николаевич Прянишников, Герой Социалистического Труда, лауреат Сталинской премии / Сборник под редакцией Академии В. С. Немчинова. თარგი:М.: Издательство ТСХА, 1948. — 264 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება