ხალხთა დიდი გადასახლება

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი მიგრაციის პერიოდი)

ხალხათა დიდი გადასახლება — პირობითი სახელი ხალხის მასობრივი გადასახლებებისა რომის იმპერიის პერიფერიებიდან მის ტერიტორიაზე, IV-VII საუკუნეებში. ეს გადასახლება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნაწილი გლობალური მიგრაციის პერიოდისა, რომელიც 8 საუკუნეს გაგრძელდა. რომის იმპერიის ბირთვი, რომელიც მოიცავდა იტალიას, გალიასა და ესპანეთს, სადაც გადასახლებული გერმანელების მასა მიემართებოდა, V საუკუნეში უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული გარომაელებული კელტებით. ამიტომ ხალხთა გადასახლებებს თან სდევდა კულტურული, ენობრივი და რელიგიური კონფლიქტები. ამ გადასახლებაში გერმანელების გარდა აქტიურად მონაწილეობდნენ სლავური ხალხები, თურქული, ირანული და ფინურ-უნგრული ტომები.

ჰუნების შემოსვლა ცენტრალურ ევროპაში და გერმანული ტომების გადასახლება

გერმანელების გადასახლება რომის იმპერიის ტერიტორიაზე

რედაქტირება

გერმანელი ტომების გადაადგილება დროდადრო ახლდებოდა. II საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისში მოძრაობა დაიწყეს აღმოსავლეთ გერმანულმა ტომებმა - გუთებმა, ბურგუნდებმა, ვანდალებმა. უშუალოდ გუთების გადაადგილების უახლოესი შედეგი იყო მარკომანთა ომი (165-180 წწ.), გუთები ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან გამოემართნენ და II-III საუკუნეების მიჯნაზე შავიზღვისპირეთის სტეპებში დასახლდნენ; მოგვიანებით ისინი განცალკევდნენ ოსტგუთებად და ვესტგუთებად. III საუკუნეში რომის იმპერიის საზღვრებში შეიჭრნენ დასავლეთ გერმანული ტომები - ალემანები და ფრანკები. ალემანები თავს ესხმოდნენ გალიას. 261 წელს მათ დაიკავეს რომაული პროვინცია რეცია და იტალიაში შევიდნენ. ფრანკები 258-260 წლებში შეიჭრნენ გალიაში. III საუკუნის ბოლოს რომაელებმა დატოვეს გალია, მას გუთები დაეპატრონენ.

ჰუნების შემოსევა

რედაქტირება

IV საუკუნის 70-იანი წლებიდან ჰუნების, სარმატების, ალემანებისა და სხვა ტომების აქტივიზაციასთან დაკავშირებით ტომთა გადაადგილებანი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. სწორედ ჰუნების გადაადგილებას უკავშირდება ხალხთა დიდი გადაადგილების დაწყება. 375 წელს გერმანულ ტომებს თავს დაესხნენ ჰუნები. ჰუნები თურქულ-მონღოლური ტომები იყვნენ, რომლებიც ცენტრალურ აზიაში სახლობდნენ. ისინი შეუდარებელი მხედრები იყვნენ და კარგი შეიარაღებაც ჰქონდათ. ჭენებისას ნებისმიერი მდგომარეობიდან შეეძლოთ ისრის სროლა.

მათ გაანადგურეს ჰერმანარიხის კავშირი, დაიმორჩილეს ოსტგუთების დიდი ნაწილი და დასავლეთისაკენ გაემართნენ. ჰუნებისაგან შევიწროებულმა ვესტგუთებმა 376 წელს დასასახლებლად მიიღეს რომაული პროვინცია - მეზია-ბულგარეთის ტერიტორია. რომის მთავრობამ ვესტგუთები (დაახლ 1 მლნ კაცი) ფედერატობის საფუძველზე შეიფარა. 378 წელს ვესტგუთები აუჯანყდნენ რომს და ადრიანოპოლის ბრძოლაში 378 წელს გაანადგურეს იმპერატორ ვალენტის ჯარი.

ბარბაროსული სახელმწიფოების ჩამოყალიბება

რედაქტირება

ალარიხ I-ის ხელმძღვანელობით 410 წელს ვესტგუთებმა აიღეს და გაძარცვეს რომი. რიგი გადაადგილების შემდეგ ისინი გადავიდნენ სამხრეთ-დასავლეთ გალიაში (შემდეგ კი ესპანეთში), სადაც 413 წელს დააარსეს ტულუზის სამეფო. ეს იყო პირველი ბარბაროსული სამეფო დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე, რომელიც რომმა ოფიციალურად ცნო 419 წელს. V საუკუნის შუა წლებში დასავლეთ რომის იმპერიის დიდი ნაწილი დაიპყრეს სხვადასხვა ტომებმა (უმთავრესად გერმანელებმა) და თითოეულმა საფუძველი ჩაუყარა თავის სახელმწიფოს. ფრანკებმა V საუკუნის დასასრულს დასაბამი მისცეს გალიაში ფრანკთა სახელმწიფოს. ანგლები, საქსები და იუტები კი რომაელების მიერ დატოვებულ (407 წელი) ბრიტანეთში გადასახლდნენ და საფუძველი ჩაუყარეს შვიდმეფობას ანუ ჰეპტარქიას. ამავე პერიოდში ჰუნები დამკვიდრდნენ პანონიაში, აქედან კი ატილას (განაგებდა 434-453 წწ.) მეთაურობით ისინი გალიისაკენ დაიძრნენ, სადაც კატალაუნის ბრძოლაში 451 წელს დამარცხდნენ რომაელების, ვესტგუთების, ფრანკებისა და ბურგუნდების გაერთიანებულ ჯართან. 455 წელს ვანდალებმა აიღეს და გაძარცვეს რომი. ბარბაროსმა ტომებმა ოდოაკრის წინამძღოლობით 476 წელს საბოლოოდ მოუღეს ბოლო დასავლეთ რომის იმპერიას. 568 წელს ლანგობარდები შეიჭრნენ ჩრდილოეთ და შუა იტალიაში, სადაც აღმოცენდა ლანგობარდების სახელმწიფო.

სლავური ტომები

რედაქტირება

ხალხთა დიდ გადასახლებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სლავური მოდგმის ტომებმაც, რომლებიც VI-VII საუკუნეებში მასობრივად იჭრებოდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე. VII საუკუნის შუა წლებში სლავები დასახლდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

ვანდალები - გერმანული ტომები, რომლებმაც ორივე კონტინენტი (ევრაზია და აფრიკა) მოიარეს. ისინი სკანდინავიის ნახევარკუნძულსა და ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ. მათ აღმოსავლეთიდან ჰუნებს გამოქცეულ ალანებთან გაერთიანების შემდეგ დასავლეთისკენ იწყეს მიგრაცია, გაიარეს გალია და გადავიდნენ თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე. აქ მათ თავიანთი ბარბაროსული სამეფოც შექმნეს, რომელსაც შემდგომ ვესტგუთები დაესხნენ თავს და აქ დამკვიდრებული ალანები და ვანდალები გააძევეს, რომლებმაც ამჯერად გიბრალტარის სრუტის გავლით აფრიკის კონტინენტზე გადავიდნენ და აქ არსებული რომის აფრიკული პროვინციები დაიკავეს. ისინი რომის იმპერიის შინაომებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ვანდალთა სამეფომ არც ჩრდილოეთ აფრიკაში იარსება დიდხანს. იგი VI საუკუნის 30-იან წლებში ბიზანტიამ გაანადგურა და საკუთარ ტერიტორიას შეუერთა.

შედეგები

რედაქტირება

ხალხთა დიდი გადასახლების უახლოესი შედეგები იყო მონათმფლობელური წყობილების დამხობა ხმელთაშუაზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე. თავის მხრივ მონათმფლობელურ წყობილებასთან შეხებამ დააჩქარა გვაროვნული წყობილების დაშლა ბარბაროსებში და ყველაფერმა ამან ერთად ხელი შეუწყო ფეოდალური წყობილების განვითარებას.

ლიტერატურა

რედაქტირება