დარიაჩეიე-ნამაქი (სპარს. دریاچه نمک) — მარილიანი ტბა ირანის ცენტრალურ ნაწილში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მოქცეულია ყუმის, ისპაჰანისა და სემნანის ოსტანების ტერიტორიაზე. გაწოლილია ქალაქ ქაშანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კმ-ში და ქალაქ თეირანიდან სამხრეთით დაახლოებით 120 კმ-ში. ზედაპირის ფაართობი 1560 კმ², სიღრმე 1 მ-მდე, წყლის მოცულობა 0,78 კმ³. თუმცა, ამგვარი მონაცემები შეიძლება არსებითად მერყეობდეს წელიწადის დროების გათვალისწინებითა და აგრეთვე გვალვებიდან გამომდინარე, რომელთა გამო ტბა ზოგჯერ მთლიანად შრება. ტბაში წყალი უპირველეს ყოვლისა, შედის მდინარეების ხარჯზე, რომლებიც სათავეს ზაგროსიდან და ელბურსიდან იღებენ. ტბის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 788 მ აღწევს. ფართო გაგებით, ტერმინი „დარიაჩეიე-ნამაქი“ ეწოდება აგრეთვე მლაშობს, უფრო სწორად — ქვეყნის 8 წყლის აუზიდან ერთ-ერთს. ფორმით ტბა წარმოადგენს სამკუთხედს, რომლის ზედა კუთხე ჩრდილოეთისკენაა მიმართული.[1]

დარიაჩეიე-ნამაქი
ტბა დარიაჩეიე-ნამაქი
ტბა დარიაჩეიე-ნამაქი
კოორდინატები: 34°30′ ჩ. გ. 51°52′ ა. გ. / 34.500° ჩ. გ. 51.867° ა. გ. / 34.500; 51.867
მდებარეობა ირანის დროშა ირანი
ტერიტორიული ერთეული ყუმის ოსტანი
ისპაჰანის ოსტანი
სემნანის ოსტანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 788 
ფართობი 1560 კმ²
საშუალო სიღრმე 0,45 
მაქსიმალური სიღრმე
ჩამდინარე მდინარეები ყარაჩაი
დარიაჩეიე-ნამაქი — ირანი
დარიაჩეიე-ნამაქი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

დარიაჩეიე-ნამაქი განლაგებულია ირანის მთიანეთის ჩრდილო ნაწილში და დაშთე-ქევირის უდაბნოს მსგავსათ აქვს იგივე გეოლოგიური და სტრატიგრაფიული მახასიათებლები. დასავლეთ მხარეს არსებული ლიტორალური სარტყელი გამოკვეთილად დამრეცია, ხოლო სხვა მხარეებში რამდენადმე ციცაბო.[2] წყლის მაღალი დონის დროს ტბა ღებულობს ტოლგვერდა სამკუთხედის იერს. ზაფხულის განმავლობაში დაგროვილი წყალი სწრაფად ორთქლდება და ტოვებს მარილიან თეთრ სივრცეს. ტბის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ბორცვი ქუხ-ე-სარდარღანი, რომელიც წყლის დონიდან გამომდინარე, დროდადრო კუნძული ხდება ფართობით 13 კმ².[3] ტბას ერთვის მდინარე ყარაჩაი. დარიაჩეიე-ნამაქიდან დასავლეთით 90 კმ-ში გაწოლილია ტბა ჰოუზ-ე-სულთანი, ხოლო სამხრეთით 2,5 კმ-შია შაჰ აბასის ქარავან-სარაი.

დარიაჩეიე-ნამაქის ფლორა განპირობებულია კლიმატით და მარილიანობის მაღალი დონით; გვხვდება: ცერცვეკალა, იალღუნი და სხვა. ქვაბულის ფაუნა შეიცავს ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლებისა და ფრინველთა სხვადასხვა სახეობას; ძუძუმწოვრებს შორის გამოიყოფა ევროპული შველი, არხარი, ჩვეულებრივი მელა, რუხი მგელი, კარაკალი, ზოლებიანი აფთარი, კურდღელი, აფრიკული გარეული ვირი, გაზელი; ორნითოფაუნას ქმნის: Ammomanes cinctura, Carpospiza brachydactyla, Chlamydotis undulata, Oenanthe albonigra. ვინაიდან რეგიონში გვხვდება საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებიც, მათ შორის ამიერკავკასიური ჯიქი და აზიური ავაზა დარიაჩეიე-ნამაქის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა ქევირის ეროვნული პარკი. იქთიოფაუნა წყლის დონის ცვალებადობისა და მარილიანობის მაღალი დონის გამო, ძირითადად წარმოდგენილია დასავლეთ შენაკადთა შესართავებში. დარიაჩეიე-ნამაქის აღმოსავლეთი ნაწილი დაშთე-ქევირთან ერთად წარმოადგენს ცხოველთა სხვადასხვა სახეობების საცხოვრებელ ადგილს და დაცულ ტერიტორიას. მათ აქვთ ეროვნული პარკის სტატუსი.[4]

სახელწოდება „დარიაჩეიე-ნამაქი“ სპარსული წარმოშობისაა და თარგმანში ნიშნავს „მარილიან ტბას“. სპარსულ ლიტერატურაში ტბის აღსანიშნავად გამოიყენება აგრეთვე შემდეგი სახელწოდებები: დარიაჩეიე-იე-ყუმი, დარიაჩეიე-იე-სავე, დარიაჩეიე-იე-არან-ვა-ბედგოლი და ქევირ-ე-მასილეი.[5]

  1. دریاچه نمک آران و بیدگل - کویرها و بیابان‌های ایران. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-29. ციტირების თარიღი: 2021-09-28.
  2. Abtahi, Morteza; Saif, Abdollah; Khosroshahi, Mohammad (4 февраля 2012). Investigation of the last Quaternary climate from the geomorphic evidence in Namak Lake basin, Central Iran, Journal of Geography and Regional Planning V. 3. Nairobi: Academic Journals, с. 93.-107., DOI:10.5897/JGRP11.124, ISSN 2070—1845, OCLC 701718846
  3. Alipour, Zarrin Taj; Mahdian, Mohammad Hossain; Pazira, Ebrahim; Hakimkhani, Shahrokh; Saeedi, Mafakheri (2012). The Determination of the Best Rainfall Erosivity Index for Namak Lake Basin and Evaluation of Spatial Variations, Journal of Basic and Applied Scientific Research II. 1. Cairo: TextRoad Publication, с. 484.-494., ISSN 2090-4304, OCLC 802522503.
  4. Teimori, Azad; Esmaeili, Hamid; Gholami, Zeinab; Zarei, Neda; Reichenbacher, Bettina (9 августа 2012). В: Bogutskaya, Nina: Aphanius arakensis, a new species of tooth-carp (Actinopterygii, Cyprinodontidae) from the endorheic Namak Lake basin in Iran, ZooKeys CCXV. Sofia: Pensoft Publishers, с. 55.-76., DOI:10.3897/zookeys.215.1731, ISSN 1313—2989, OCLC 808964240.
  5. دریاچه نمک ( دریاچه آران - دریاچه مسیله ) | تیشینه همسفر باهوش شما