კუნჯა
კუნჯა,[1] გოჭალაკუმჟა[1] (ლათ. Salvelinus leucomaenis) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. გამსვლელი კუნჯას სხეულის სიგრძე 120 სმ-მდეა, მასა 15 კგ-მდე; არეალის სამხრეთ ნაწილში უფრო მცირე ზომისაა (სიგრძე 58–81 სმ, მასა 2,2–5,6 კგ),[2] ერთი თაობის თევზების ზომა გავრცელების სხვადასხვა ადგილის მიხედვით იცვლება. მკერდისა და მუცლის ფარფლების წინა სხივები თეთრია.[3] მუქი ზურგისა და ყავისფერი გვერდების ფონზე აყრია მსხვილი ღია ლაქები.[2] ქერცლი წვრილია. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში — კარაგის ყურიდან პეტრე დიდის ყურემდე, არის სახალინზე, კურილის, შანტარის, კომანდორის კუნძულებზე, ჰოკაიდოსა და ჰონსიუზე, ამურში ადის ქალაქ ამურის ნიკოლაევსკის ზემოთ. გამსვლელი თევზია, მრავლდება ნახევრად მთის ტიპის მდინარეებში. ჰოკაიდოს წყალსატევებში არის მკვიდრი ფორმაც.[3]
კუნჯა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Salvelinus leucomaenis (Pallas, 1814) | |||||||||||||||
|
არეალის ჩრდილოეთ ნაწილში სქესობრივ სიმწიფეს 5–6 წელში აღწევს, ცოცხლობს 17 წლამდე; სამხრეთ ნაწილში მწიფდება 3–5 წელში და ცოცხლობს 7–10 წლამდე. მკვიდრი ფორმები გამრავლებისთვის მზად 6–8 წელში არიან.[2] კუნჯა ცხოვრებაში უმეტესად 2–3-ჯერ მრავლდება. ტოფობს აგვისტო – სექტემბერში.[3] ბუდეს იკეთებს კენჭიან გრუნტზე, ქვირითს ამაგრებს. გამსვლელი ფორმების ნაყოფიერება 0,71–6,7 ათასი ცალია, მკვიდრი ფორმებისა — 0,5–2,2 ათასი.[2] 4–6 მმ დიამეტრის ქვირითი ღია ყვითელი ან ნარინჯისფერია.[3] იჩეკებიან მარტ – აპრილში.[2]
ზღვაში გასვლამდე მოზარდეული იკვებება მატლებითა და წყალში მოხვედრილი მწერებით, წვრილი თევზით, მ.შ. წყნარი ოკეანის ორაგულის ლიფსიტებით. ზღვაში სუქების დროს საკვების ძირითადი ნაწილს შეადგენენ კიბოსნაირები (უპირატესად მიზიდები, კრილი, ღორტავასებრნი), ასევე წვრილი თევზები (ცქიმურა, მოივა, ნავაგას მოზარდეული).[3]
2–4 წლამდე კუნჯა მდინარეებში ცხოვრობს (ჩრდილოეთ ნაწილში — 6–7 წლამდე), რის შემდეგაც გადის ზღვაში. ზღვაში გრძელ მიგრაციებს არ ახორციელებს, ზაფხულში რამდენიმეჯერ მცირე ხნით შედის მდინარეების ქვემო დინებებში და მომლაშო ლაგუნებში. ზღვაში შესვლიდან პირველ ტოფობამდე 2–4 წლის შუალედია. გამოსაზამთრებლად შედის მდინარეთა ქვემო დინებებში და მლაშე ტბებში. სქესობრივად მომწიფებული თევზები მდინარეში აგვისტოში შედიან.[3]
სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ობიექტია.[2] კუნჯას სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. უპირატესად იყენებენ ნედლი სახით. ხორცის ხარისხი დამოკიდებულია წლის სეზონზე. საუკეთესოა აგვისტო – სექტემბერში. ქვირითი დასამარილებლად გამოსადეგია. გემოთი არ ჩამოუვარდება კეტას ან ღურკანას ხიზილალას.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 94, 164, ISBN 978-9941-460-45-6.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Решетников Ю. С. Кунджа // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 342.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Промысловые рыбы России : В двух томах / под ред. О. Ф. Гриценко, А. Н. Котляра и Б. Н. Котенёва. т. 1. — М.: изд-во ВНИРО, 2006. — стр. 290–291. ISBN 5-85382-229-2.