ივანე გომართელი

(გადამისამართდა გვერდიდან გომართელი, ივანე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართელი.

ივანე გედეონის ძე გომართელი (დ. 14 ოქტომბერი, [ძვ. სტ. 2 ოქტომბერი], 1875, სოფ. გორისა, შორაპნის მაზრა — გ. 19 აპრილი, 1938, თბილისი) — ქართველი ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. იყენებდა ფსევდონიმებს „ანასინი“, „ახელი“, „ჭ“, „ა“, „ექიმი“, „ივ. გუმართელი“, „ივ. გ-ლი“, „ივ გე-ლი“, „ი. გე-ლი“ და „ი.-გ-ლი.“

ივანე გომართელი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1875(1875-10-02)[1]
დაბადების ადგილი გორისა
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1938(1938-04-20)[1] (62 წლის)
საქმიანობა პოლიტიკოსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა საშუალო შეძლების აზნაურების ოჯახში. გაიზარდა თბილისში, თავად ელისაბედ წერეთლის ოჯახში, რადგან მამამისი ამ ოჯახში მუშაობდა. მეოთხე კლასამდე სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში. 1894 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად შეუდგა ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის შესწავლას და დაიწყო პუბლიცისტური საქმიანობა. თანამშრომლობდა ქართულ გამოცემებთან „ივერია“, „კვალი“, „ჯეჯილი“ და „მოამბე“, რომლებშიც აქვეყნებდა მხატვრულ და ისტორიულ-პუბლიცისტურ სტატიებს. აქტიურად მონაწილეობდა „ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს“ წრეში, რომელსაც ა. ხახანაშვილი ხელმძღვანელობდა. 1897 წელს თბილისში გამოვიდა მისი წიგნი „ისტორია აღმოსავლეთისა“. ამავე წელს გახდა რსდმპ წევრი. 1899 წელს დაასრულა უმაღლესი განათლება და სამშობლოში დაბრუნდა.

1900 წლის თებერვლიდან 1902 წლამდე მუშაობდა ახალქალაქის მაზრის სოფელ ბარალეთის სამედიცინო პუნქტში, თუმცა პოპულარული იყო მთელი მაზრის მასშტაბით. პარალელურად აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს. შემდეგ მუშაობდა თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, საიდანაც გაგზავნეს დიდ ჯიხაიშში. დიდი ჯიხაიშის სამკურანლომ გომართელის წყალობით სახელი გაითქვა. 1901 წლიდან ქართულ პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა პოპულარულ წერილებს სამედიცინო საკითხებზე. 1902 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. 1905 წლიდან თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალისტურ-დემოკრატიულ ჟურნალ „მოგზაურთან“. 1905 წელს ცოტა ხნით დატოვა პარტია თანაგუნდელებთან ეროვნულ საკითხზე უთანხმოების გამო, თუმცა შემდეგ კვლავ დაუბრუნდა მას. საკუთარი პოზიციები ეროვნულ საკითხთან მიმართებაში ასახა 1906 წელს გამოცემულ წიგნში „ეროვნული საკითხი“. 1906 წელს რსდმპ სიით არჩეულ იქნა რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან[2]. 10 ივლისს სათათბიროს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად ხელი მოაწერა ვიბორგის მოწოდებას, რის გამოც 1907 წელს სამი თვით იყო დაპატიმრებული. ამის შემდეგ ცოტა ხნით მუშაობდა მოსკოვის კლინიკებში და 1907 წელსვე დაბრუნდა თბილისში, სადაც პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა არც რევოლუციურ მოძრაობას არ ჩამოშორებია. პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს ასევე 1908 და 1910 წლებში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ერთი წელი გაატარა მეტეხის ციხეში.

1910 წლიდან გახდა რსდმპ-ს ფრაქცია „ალიონის“ წევრი. 1917 წელს კი დააარსა გაზეთი „ალიონი“, სადაც დაბეჭდა წერილები „დედა სამშობლო“ (N59), „ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა“, „ჩვენებური ბოლშევიკები და ეროვნული საკითხი“, „ერის უფლება და თავისუფლება“, „აბხაზები და ჩვენ“. 1917 წელს თბილისში გამოსცა წიგნი „საქართველოს ტერიტორიული ავტონომია, ანუ ეროვნულ-ტერიტორიული თვითმმართველობა“.

 
გომართელი დამფუძნებელი კრების სხვა წევრებთან ერთად

1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. იმერეთში საარჩევნო კამპანიისას წარმოთქმული მისი სიტყვები იბეჭდებოდა გაზეთ „ერთობაში“. კრებაში იყო სარედაქციო, ხელოვნების და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების თავმჯდომარე. სარგებლობდა მაღალი ავტორიტეტითა და ხალხის პატივისცემით. იყო მმართველი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი. პირველი რესპუბლიკის არსებობის წლებში ცხოვრობდა თბილისში, ვერაზე, ანასტასიას ქ. N21-ში.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკას. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. 1923 წელს შვილები გაგზავნა სასწავლებლად საფრანგეთში, რის შემდეგაც ისინი უკან არ დაბრუნებულან. 1924 წელს მომხდარი ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ ხელისუფლებამ დახვრიტა მისი მეუღლის ორი ნათესავი, ვიქტორ ცენტერაძე და გიორგი ციციშვილი. ამის გამო 21 სექტემბერს გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც დაგმო აჯანყება და ქართველი ერის ერთადერთ სწორ გზად საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობა მიიჩნია. 1925 წელს გარიცხეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1937-1938 წლებში დიდი ტერორის დროს მას ბრალდებოდა ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური საქმიანობა. მოულოდნელად გარდაიცვალა 1938 წელს საკუთარ სახლში. არსებობს ვერსია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ლიტერატურული მოღვაწეობა

რედაქტირება

გომართელის პიესები „ქოხში“ და „წამხდარი სისხლი“ (ორივე 1905) წარმატებით იდგმებოდა ქართულ თეატრების სცენაზე. დრამატურგიაში გომართელი აგრძელებდა „ნატურალისტური დრამის“ ტრადიციებს. მას ეკუთვნის აგრეთვე რომანი-ქრონიკა „სამი დროება“ (1931), კრიტიკული წერილები ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ბარათაშვილის, ა. ჭავჭავაძის, ე. ნინოშვილის, რ. ერისთავის, დ. კლდიაშვილის, ი. გრიშაშვილის, პოეტ-სიმბოლისტებისა და პროლეტარ მწერლების, ასევე ფ. შილერის, მ. გორკის, ჯ. გარიბალდის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. აღსანიშნავია გომართელის „გლეხის კარაბადინი“ (1928), „საუბარი ჯანმრთელობის საკითხებზე“ (1937).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაგოიძე ვ., ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XX საუკუნის საქართველოში, თბ., 1964;
  • ნადარეიშვილი გ., ივანე გომართელი, თბ., 1967;
  • წოწელია ვ., ივანე გომართელი (XX საუკ. სალიტ. კრიტიკის ისტორიიდან), წგ. 1–2, თბ., 1979–85.
  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 10-102.
  • ხვადაგიანი ი. (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, გვ. 202-203. ISBN 978-9941-0-9318-0. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Faceted Application of Subject Terminology
  2. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) первый созыв, М., 1906, ст. 463