გიორგი ბესთაუთი (ოს. Гиуæрги Бестауты; დ. 5 მაისი, 1932, გოიაანთკარი30 ივლისი, 1978, ცხინვალი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ოსი პოეტი და მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

გიორგი ბესთაუთი
ოს. Бестауты Гиуæрги
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1932(1932-05-05)[1]
დაბადების ადგილი Q20619106?
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 1978(1978-07-30)[1] (46 წლის)
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ბესთაუთი დაიბადა 1932 წლის 5 მაისს, ცხინვალის რაიონის სოფელ გოიაანთკარში. გიგლა ბესთაუთისა და მარუსა ვალიევის ოჯახში. გიორგის ბაბუას, დედის მხრიდან, ტელა ვალიევს, იცნობდნენ, როგორც პოეტური ნიჭის ადამიანს, ოსურ ლექსთა მთხზველს. ხალხური ლექსების, ლეგენდების მთქმელი ყოფილა მისი მეორე ბაბუაც — იორდანე ბესთაუთი. გენეტიკის წყალობით გიორგის სხვა დედმამიშვილებიც წერდნენ ლექსებს. პოეტი შემდგომ იგონებდა, რომ ლექსების წერა უფროსი ძმის მიბაძვით დაიწყო.

მშობლიური სოფლის დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ გიორგი თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის ცხინვალში და სწავლას აგრძელებს ცხინვალის პირველ საშუალო სკოლაში. გიორგის მაშინ ქართულად ერთი სიტყვაც არ სცოდნია. სკოლაში სწავლობდნენ არა მარტო ქართველები, არამედ ოსები, რუსები და სომხები. ამ ფაქტს მისი ბიოგრაფი აკადემიკოსი ნაფი ჯუსოითი ასე აღწერს:

 
„ბავშვმა არ იცოდა არც რუსული, არც ქართული ენა... რუსულ სკოლაში არ მიიღეს, მაგრამ ქართულ სკოლაში, რომელიც ერთადერთი ქართული სკოლა იყო მაშინ ცხინვალში, მაშინ როცა ეს სკოლა ქართველ ბავშვებსაც ვერ იტევდა, გონიერი დირექტორის თანხმობით, მიიღეს გამოსაცდელი ვადით. ნიჭიერმა ბიჭმა არ გაუცრუა იმედები და წლის ბოლომდე ის სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე გახდა. სკოლა კი 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა.“

სკოლაში ისე კარგად დაეუფლა ქართულ ენას, რომ ლექსების წერა მან ქართულად დაიწყო. ნაფი ჯუსოითი წერს:

 
„გიორგიმ ისე კარგად შეისწავლა ქართული ენა, რომ ცნობილ ქართველ პოეტს გიორგი ლეონიძეს შემოქმედ ახალგაზრდებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს უთქვამს: - ვისაც უნდა, რომ პოეტი გახდეს, მან ქართული ენა ისე უნდა იცოდეს, როგორც ამ ოსმა ბიჭმაო!...“

1952 წელს გიორგიმ ცხინვალის პირველი ქართული საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და იმავე წელს მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში მისი მასწავლებლები იყვნენ აკადადემიკოსი გიორგი ახვლედიანი, აკადემიკოსი ალექსანდრე ბარამიძე, პროფესორი ლევან მენაბდე და სხვები. სწორედ მათი დახმარებით შეისწავლა ძველი ქართული მწერლობა სრულყოფილად, რაც დაეხმარა შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ ქართულიდან ოსურ ენაზე თარგმნაში. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან მრავალი ლექსი დაწერა ქართულ ენაზე.

1957 წლიდან გიორგი კვლავ ცხინვალშია. ის ამავე წელს იწყებს მუშაობას ჟურნალ „ფიდიუაგში“, ჯერ რიგით ლიტმუშაკად, 1972 წელს კი ამ ჟურნალის რედაქტორი გახდა. 1973 წლიდან ის გამომცემლობის მთავარ რედაქტორად გადაიყვანეს და სიცოცხლის ბოლომდე, 1978 წლამდე, იქ მუშაობდა.

გარდაიცვალა 1978 წლის 30 ივლისს.

2020 წლის 1 ოქტომბბერს თბილისის სამგორის რაიონის ქინძმარაულის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, მისი სახელი მიენიჭა.[2]

შემოქმედება

რედაქტირება

1957 წელს ცხინვალში გამოდის გიორგის ლექსების პირველი წიგნი ოსურ ენაზე. 1962 წელს კი მისი ლექსების მეორე კრებული გამოდის, ახლა უკვე ქართულ ენაზე. გიორგი ბესთაუთის ლექსები თარგმნეს ბესიკ ხარანაულმა, გივი შაჰნაზარმა, ჯემალ აჯიაშვილმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, გივი ალხაზიშვილმა, თედო ბექიშვილმა და სხვა ქართველმა პოეტებმა.

1968 წელს გამოდის გ. ბესთაუთის ლექსების ახალი კრებული „დღე და ღამე“. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ქართული სკოლა დაამთავრა, ქართული განათლება მიიღო, იგი თავის მშობლიურ ენას ბრწყინვალედ ფლობდა, რასაც დედას, ოსური ენის კარგბ მცოდნეს უმადლიდა.

გიორგი ბევრს თარგმნიდა ქართულიდან ოსურად და პირიქით. იგი ბევრს მუშაობდა თარგმანებზე. მან თარგმნა ქართველი კლასიკოსების ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის და სხვათა ნაწარმოებები ოსურ ენაზე. ასევე თარგმნა მან თანამედროვე ქართველ პოეტთა ლექსები. გიორგი კარგად იცნობდა ოსურ და ქართულ ფოლკლორს, ისტორიას, მხატვრულ ლიტარატურას, მან თარგმნა იოანე იალღუზიძის პოემა „იალღუზიანი“ ოსურად, მაგრამ უმთავრესი მაინც შოთა რუსთაველის პოემა იყო. მან ათი წელი (1962-1972 წწ.) მოანდომა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას. მისი შრომა დააფასეს და გიორგი ბესთაუთი 1978 წელს ივანე მაჩაბლის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა.

გიორგი ბესთაუთის ლექსები თარგმნილია ქართულ ენაზე. 2016 წელს გამოიცა გიორგი ბესთაუთის კიდევ ერთი კრებული, „სიყვარულის ტაძარი“. წიგნი შეადგინა, ბიოგრაფიული ნარკვევი დაურთო და გამოსაცემად მოამზადა ნაირა ბეპიევმა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გიორგი ბესთაუთი, მოოქროვილი საღამოები, თბ., 1985
  • შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი (ოსურ ენაზე), თარგმნა გიორგი ბესთაუთმა, ცხინვალი, 1975
  • გიორგი ბესთაუთი, გული მართალი, თბ., 1964

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 414.
  • გიორგი ბესთაუთი, თბ., მერანი, 1970
  • გიორგი ბესთაუთი, „სიყვარულის ტაძარი“, თბ., 2016.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება