გერტრუდა სენფორდ ლეჟანდრი

გერტრუდა სენფორდ ლეჟანდრი (დ. 29 მარტი, 1902 – გ. 8 მარტი, 2000) — ამერიკელი სოციალიტი, რომელიც მსახურობდა სტრატეგიული მომსახურების ოფისში, ამერიკულ ჯაშუშურ სააგენტოში, მეორე მსოფლიო ომის დროს. ის ასევე იყო მკვლევარი, მონადირე, გარემოს დამცველი და მედუეის პლანტაციის მფლობელი სამხრეთ კაროლინაში.

გერტრუდა სენფორდ ლეჟანდრი

სერ ვილიამ ორპენის (1878-1931) მიერ შესრულებული გერტრუდა სენფორდის პორტრეტი
მშობლიური სახელი გერტრუდა ელლენ სენფორდი
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1902
აიკენი, სამხრეთი კაროლინა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 2000 (97 წლის)
ბერკლი, სამხრეთი კაროლინა, აშშ
დაკრძალულია მედვეი, სამხრეთი კაროლინა, პლანტაციების სასაფლაო
მოქალაქეობა ამერიკელი
საქმიანობა მონადირე, მოგზაური, ჯაშუში

ადრეული წლები

რედაქტირება

გერტრუდ სენფორდ ლეჟანდრი დაიბადა აიკენში, სამხრეთ კაროლინაში, იგი იყო ჯონ სენფორდის (1851) და ეტელ სენფორდის ქალიშვილი. მამამისი ნიუ-იორკის ფარდაგების მაგნატი და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ნიუ-იორკის მე-20 კონგრესის რაიონიდან. მისი ბებია და ბაბუა იყვნენ სარა ჯეინ კოქრან სენფორდი (1830-1901) და სტივენ სენფორდი (1826-1913), ამერიკელი ბიზნესმენი და Sanford and Sons Carpet Company-ის პრეზიდენტი. იგი ასევე იყო შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი ნიუ-იორკიდან. მისი ბებია და ბაბუა დედის მხრიდან იყვნენ გერტრუდა ელენ დიპუი სენფორდი და ჰენრი შელტონ სენფორდი, აბრაამ ლინკოლნის მიერ დანიშნული დიპლომატი და სენფორდის (ფლორიდა) დამაარსებელი.[1][2][3] მისი მშობლები შორეული ბიძაშვილები იყვნენ.

გერტრუდა სამი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო და ის, მისი ძმა სტივენ სენფორდი - საერთაშორისოდ აღიარებული პოლოს მოთამაშე, რომელიც ცნობილია როგორც „ლედი“ - და მისი და, სარა ჯეინ სენფორდი, როგორც ამბობენ, იყვნენ ფილიპ ბარის 1928 წლის სპექტაკლის Holiday-ის ინსპირაცია. სპექტაკლი 1930 და 1938 წლებში გადაიღეს ფილმებად ენ ჰარდინგის, მერი ასტორისა და რობერტ ეიმსის, ხოლო შემდეგ კათრინ ჰეპბერნისა და კერი გრანტის მონაწილეობით.

გერტრუდა, რომელსაც მეტსახელად ყოველთვის გერტის ეძახდნენ, გაიზარდა ამსტერდამში, ნიუ-იორკში და მანჰეტენის თაუნჰაუსში აღმოსავლეთ 72-ე ქუჩაზე, ცენტრალური პარკიდან ნახევარ ბლოკში. მან განათლება მიიღო ფოქსკროფტის სკოლაში, მიდლბურგში, ვირჯინიაში და 1920 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, შეუდგა სოციალურ საქმიანობას.

იგი დაინიშნა მსახიობ ჰარი ფენდერზე 1927 წელს.[4]

ნადირობა

რედაქტირება

ჯერ კიდევ მოზარდობისას გერტრუდა წავიდა პირველად სანადიროდ გრანდ ტეტონში, უაიომინგში. წლების განმავლობაში იგი დაკავებული იყო ნადირობით და იშვიათ სახეობებს აწვდიდა ბუნების ისტორიის მუზეუმებს, რომლებიც მოიცავდა სახეობებს 1923 წლიდან 1939 წლამდე პერიოდის ექსპედიციებიდან აფრიკაში, ირანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კანადასა და ალასკაში. ის ერთადერთი ქალი იყო ექსპედიციებში და გამოირჩეოდა ენერგიით, სპორტულობითა და მონდომებით.

1928-1929 წლებში აბისინიის (უფრო ხშირად ეძახიან ეთიოპიას) კვლევის დროს, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმისთვის ექსპედიციის ფარგლებში, მას შეუყვარდა ექსპედიციის თანახელმძღვანელი სიდნი ჯ. ლეჟანდრი ნიუ ორლეანიდან.[5][6]

ქორწინება და ოჯახი

რედაქტირება

გერტრუდა სენფორდი დაქორწინდა ექსპედიციის თანახელმძღვანელ სიდნი ჯ. ლეჟანდრზე 1929 წლის 17 სექტემბერს, ნიუ-იორკში. ქორწინების შემდეგ, წყვილმა სახლის ასაშენებლად იყიდა სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთი უძველესი გადარჩენილი პლანტაცია, მედვეი. მედვეი მიტოვებულ მდგომარეობაში იყო და წყვილმა წლების განმავლობაში აღადგინა სახლი.

მათ ორი ქალიშვილი ეყოლათ - ლანდინ ლეჟანდრ ვუდ მანიგო, დაბადებული 1933 წელს; და ბოკარა ლეჟანდრი, დაბადებული 1940 წელს. ლანდინის პირველი ქმარი იყო პიტერ ჰოჯსონ ვუდი კროს რივერიდან, ნიუ-იორკიდან. მასთან ჰყავდა ორი შვილი: პიტერ სენფორდ ჰარისონ ვუდი 1954 წელს და ვენდინი ლეჟანდრ ვუდი 1955 წელს. მისი მეორე ქმარი იყო პიტერ მანიგო (1927-2004), Evening Post Publishing Company-ის თავმჯდომარე ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: გაბრიელ ჰამილტონ მანიგო და პიერ მანიგო. ორივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა.[7] ბოკარა ორჯერ იყო დაქორწინებული: რიჩარდ მაკზე, კინორეჟისორზე და არტურ პატერსონზე, კაპიტალისტზე. მისი ორივე ქორწინება ასევე განქორწინებით დასრულდა.[8]

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სიდნი და გერტრუდა ლეჟანდრი ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას. სიდნი შეუერთდა აშშ-ის საზღვაო ძალებს და გადაისროლეს ჰავაიში. გერტრუდა მუშაობდა ვაშინგტონში და მოგვიანებით ლონდონში სტრატეგიული სერვისების ოფისში (OSS). ის არ იყო ჯაშუში, თუმცა ხელმძღვანელობდა საკაბელო მაგიდას. ლონდონში ის მსახურობდა დევიდ ბრიუსის მეთაურობის ქვეშ და ხშირად უმასპინძლდებოდა მაღალჩინოსნებს საკუთარ სახლში, მიუხედავად გერმანული ფაუ-1 ტიპის ბომბების საფრთხისა. 1944 წლის სექტემბერში სააგენტომ იგი გადაიყვანა პარიზში, გადასცა ქალთა არმიის ძალების ფორმა და დოკუმენტაცია, რომლითაც იგი მეორე ლეიტენანტი გახდა.

1944 წლის სექტემბრის ბოლოს იგი გახდა პირველი ამერიკელი ქალი სამხედრო, რომელიც დაატყვევეს გერმანიაში[9]. ეს მოხდა ლუქსემბურგის მახლობლად ფრონტზე არასანქცირებული ვიზიტის დროს. იგი აღმოჩნდა გერმანელი სნაიპერების ცეცხლის ქვეშ, OSS-ის ორ ოფიცერთან და მათ მძღოლთან ერთად. ექვსი თვის განმავლობაში სამხედრო ტყვეობაში მყოფი, იგი შვეიცარიაში მატარებლით გაიქცა. როდესაც მატარებელი საზღვრებთან ახლოს გაჩერდა, იგი გადმოვიდა. გერმანელი მცველი მას დახვრეტით ემუქრებოდა, მაგრამ გზა განაგრძო და თავი გაითავისუფლა. [10]

ომის შემდეგ ლეჟანდრი დაეხმარა გერმანელ შუცშტაფელის ოფიცერს, ემიგრირებულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეხმარებოდა სხვებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას პატიმრობის პერიოდში. მან ასევე ჩამოაყალიბა მედვეის გეგმა, რაც ომით დაზარალებული ევროპელების დახმარებას ითვალისწინებდა.

შემდგომი ცხოვრება და მემკვიდრეობა

რედაქტირება

1947 წელს გერტრუდა და მისი მეუღლე სიდნი შეუერთდნენ ექსპედიციას ინდოეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ს. დილონ რიპლი, რათა შეეგროვებინათ ნიმუშები იელის პიბოდის ბუნების ისტორიის მუზეუმისთვის. სიდნი მოულოდნელი გულის შეტევით გარდაიცვალა მედვეიში, 1948 წლის 8 მარტს. გერტრუდა შეუერთდა რიპლის კიდევ ერთ ექსპედიციას ნეპალში 1949 წელს. იგი 1951 წლის 22 მარტს დაქორწინდა დოქტორ კარნეს „პიგი“ უიქსზე, მაგრამ ქორწინება უიღბლო იყო, რომელიც ხუთი წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა და იგი საკუთარ გვარს დაუბრუნდა. გერტრუდა გაემგზავრა 1952 წელს ამერიკული ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის მიერ ორგანიზებულ საბოლოო შემგროვებელ ექსპედიციაში, აფრიკაში. ამ მოგზაურობის დროს იგი ეწვია დოქტორ ალბერტ შვეიცერის სამედიცინო მისიას, რომელიც მან აღწერა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი, რომელსაც კი ოდესმე შეხვედრია. მას არასოდეს დაუკარგავს მოგზაურობის სურვილი, ეწვია ბევრ ქვეყანას და 1962 წელს ქალიშვილ ბოკარა ლეჟანდრთან ერთად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო.[11]

შემდგომ წლებში გერტრუდამ დააარსა Medway Environmental Trust საგანმანათლებლო მიზნებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი საყვარელი სახლი, მედვეი, ბუნების ნაკრძალად გადაკეთდებოდა. 1980-იან და 1990-იან წლებში მან თავისი სახლი ისტორიულ ჩარლსტონის ფონდს გადასცა, ხოლო ქონების უმეტესი ნაწილი Ducks Unlimited-ს.

თითქმის სიცოცხლის ბოლომდე, ლეჟანდრი ტრადიციული საახალწლო კოსტუმების წვეულებას მართავდა საკუთარ სახლში. ერთ-ერთ ბოლო წვეულებაზე მან ასეთი სადღეგრძელო თქვა: „წინ ვიყურები. ყოველთვის ასე ვაკეთებდი. მე არ ვფიქრობ ცხოვრებაზე. მე ვცხოვრობ და ყოველთვის კარგ დროს ვატარებ.“[12]

მან დაწერა ორი მემუარი, ქვიშებმა შეწყვიტეს სირბილი (1947) და ჩემი ცხოვრების დრო (1987). მას ეკუთვნის წიგნი გერტი: გერტრუდა სენფორდ ლეჟანდრის ზღაპრული ცხოვრება, მემკვიდრე, მკვლევარი, სოციალიტი, ჯაშუში (2019)[13] და რაიხის სტუმარი (2019).[14] ის გარდაიცვალა 97 წლის ასაკში, მედვეიში, 2000 წლის 8 მარტს. ეს იყო სიდნის გარდაცვალების დღე და თვე. მისი ფერფლი დაკრძალეს სიდნის საფლავთან, პლანტაციების სასაფლაოზე.[15]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პიტერ ფინი: რაიხის სტუმარი ამერიკელი მემკვიდრე გერტრუდა ლეგენდრის ისტორია და მისი დრამატული ტყვეობა და გაბედული გაქცევა ნაცისტური გერმანიიდან, ნიუ-იორკიდან: პანთეონის წიგნები, 2019, ISBN 978-1-5247-4733-6

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Descendents of Governor Thomas Welles of Connecticut, 1590-1658, and His Wife, Alice Tomes. 
  2. Sanford Historical Society, "General Henry S. Sanford." General Henry S. Sanford. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-20. ციტირების თარიღი: 2023-02-28.
  3. King Leopold's Ghost. 
  4. "Harry Fender for Society Via Altar." Variety. Vol. 87, Iss. 6, (May 25, 1927): 1, 34. Via Proquest.
  5. Legendre, Gertrude The Time of My Life, გვ. 69. 
  6. Nemy, Enid (13 March 2000). „Gertrude Sanford Legendre, 97, Socialite Turned Hunter and Prisoner of War“. The New York Times.
  7. . “A Life Less Ordinary: The Legendary Adventures of Lowcountry Socialite Gertrude Legendre, Charleston Magazine, October 2005, pp. 70-74.
  8. Legendre, Bokara Not What I Expected, გვ. 98, 121–22. 
  9. Finn, Peter (2019). "A Guest of the Reich", p.18-19. Pantheon Books, New York. ISBN 9781524747336.
  10. „How Gertie Legendre became the first American woman in uniform captured by the Nazis - The Washington Post“. The Washington Post.
  11. Legendre, Gertrude (1987) The Time of My Life. 
  12. Gertrude Legendre (2000-03-13).
  13. Gertie: The fabulous life of Getrude Sanford Legendre, Heiress, Explorer, Socialite, Spy.
  14. Hodgson, Moira (October 2019). 'A Guest of the Reich' Review: The Honored Prisoner - WSJ“. Wall Street Journal.
  15. Legendre, Bokara Not What I Expected, გვ. 211–215.