ბოსასო (სომალ. Boosaaso, არაბ. بوساسو) — ქალაქი სომალის ბარის რეგიონში. 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 700 000 ადამიანს[1]. დე-ფაქტო შედის პუნტლენდის ავტონომიური სახელმწიფოს შემადგენლობაში.

ქალაქი
ბოსასო
სომალ. Boosaaso
არაბ. بوساسو
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ბარის რეგიონი (სომალი)
კოორდინატები 11°17′00″ ჩ. გ. 49°11′00″ ა. გ. / 11.28333° ჩ. გ. 49.18333° ა. გ. / 11.28333; 49.18333
დაარსდა XIV საუკუნე
ფართობი 294,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50±1 ფუტი
მოსახლეობა 700 000 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 2375,30 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
ოფიციალური საიტი bosasomunicipality.com
ბოსასო — სომალი
ბოსასო

ბოსასო — საპორტო ქალაქი და პუნტლენდის ეკონომიკური დედაქალაქია[2]. ქალაქში ცხოვრობენ სომალის სხვადასხვა კლანების და ხალხის წარმომადგენლები, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ სუბკლან ჰარტის წარმომადგენლები, რომლებიც მიეკუთვნებიან სომალულ კლან დაროდს.

ანტიკური გეოგრაფიული თხზულების — «ერიტრეის ზღვის პერიპლის» თანახმად, ძველი ბერძენი ვაჭრები სტუმრობდნენ ამ რეგიონს, რომელიც მდებარეობდა საზღვაო გზაზე ევროპიდან აზიამდე და მას დაარქვეს მოსილონი[3].

თანამედროვე ბოსასოს ადგილზე პირველი მუდმივი დასახლება (ბენდერ-ქასიმი) დაარსდა XIV საუკუნეში სომალელი ვაჭრის — ქასიმის მიერ. ლეგენდის თანახმად, ქალაქის თანამედროვე სახელი წარმოიშვა ქასიმის საყვარელი აქლემის ზედმეტსახელისაგან, რომელსაც ბოსასო ერქვა. მიუხედავად ამისა, ზუსტი ისტორიული მონაცემები ამ საკითხზე არ მოიპოვება. შუა საუკუნეებში ქალაქი იყო ჰარტის კლანის ციტადელი და მათი სასულთნოს მთავარი პორტი[4]. XVIII საუკუნის შუიდან და XX საუკუნის დასაწყისამდე ქალაქი იმყოფებოდა მაჯირტინის სასულთნოს ხელისუფლების ქვეშ. შემდეგ ბოსასო შევიდა იტალიის სომალის შემადგენლობაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის სომალიმ შეწყვიტა თავისი არსებობა, მის ადგილზე შეიქმნა გაეროს სომალის სამეურვეო ტერიტორია, მის პარლამენტში ქალაქ ბოსასოს წარმოადგენდნენ ჰაჯი ბაშირ ისმაილ იუსუფი და უგაას იასინ აბდირაჰმანი[5][6].

1960 წელს, ყოფილი იტალიის სომალისა და დამოუკიდებლობა მიღებული ბრიტანეთის სომალის გაერთიანების შემდეგ, ბოსასო შევიდა ახლადჩამოყალიბებულ სომალის სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1990-იან წლებში, სომალიში სამოქალაქო ომის შედეგად, ქალაქი აღმოჩნდა თვითგამოცხადებული პუნტლენდის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელშიც მან მიიღო მთავარი პორტის მნიშვნელობა, სადაც შედიან წითელი ზღვის და სპარსეთის ყურის პორტებიდან მომავალი გემები. მიუხედავად ამისა, ბოსასომ გადაიტანა სამოქალაქო პირების ძარცვა და მკვლელობები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1992 წელს[7].

ბოსასოს კლიმატი საკმაოდ ცხელი და მშრალია.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ბოსასო დაყოფილია 16 რაიონად[8].

მოსახლეობა

რედაქტირება
 
ბოსასო.

2015 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 700 000 ადამიანი[1]. მონაცემები შეფასებითია, რადგანაც მოსახლეობის აღწერა პუნტლენდში არასდროს არ ჩატარებულა. ქალაქის შემოგარენში კიდევ ცხოვრობს დაახლოებით 50 ათასი ადამიანი, ძირითადად, დევნილები სამხრეთ სომალიდან[1]. ამასთან ერთად, ბოსასო საშუალედო პუნქტი და დროებითი თავშესაფარია ადენის ყურის გასწვრივ არსებული ტერიტორიიდან დევნილებისთვის, რომლებიც მიემართებიან, პირველ რიგში, სპარსეთის ყურის მდიდარ ქვეყნებში[2]. ქალაქის მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება.

სხვადასხვა სომალური კლანების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში ცხოვრობენ ეთიოპიიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები, ასევე არაბი-მეჰრების მცირე ჯგუფი[9].

ეკონომიკა

რედაქტირება

დღეისათვის ქალაქი განიცდის მოსახლეობის მზარდ მატებას; სამოქალაქო ომის დაწყებამდე ქალაქში ცხოვრობდა სულ 50 000 ადამიანი. კონფლიქტის მიმდინარეობისას ბოსასოში დიდი რაოდენობით ჩამოსვლა დაიწყო ჰარტის ეთნოსის წარმომადგენლებმა, რომლებიც მანამდე ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ცხოვრობდნენ[7]. 2000-იან წლებში ბოსასოში არსებული წარმოების ზრდის მიუხედავად, ქალაქში ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორს კვლავ წარმოადგენს თევზჭერა.

ქალაქში მდებარეობს კომპანია Golis Telecom Somalia-ის — სომალის ჩრდილო-აღმოსავლეთში სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე ყველაზე დიდი ოპერატორის შტაბ-ბინა. კომპანია შეიქმნა 2002 წელს და ამ დროის განმავლობაში თავისი ქსელით დაფარა 40 რაიონზე მეტი პუნტლენდში და მეზობელ სომალილენდში[10] — კლიენტებს ემსახურებიან, როგორც სტაციონარული და მობილური სატელეფონო კავშირით, ასევე ინტერნეტით. ჟურნალ «ეკონომისტის» თანახმად, კომპანიის მომსახურება ყველაზე იაფი და მისაღებია მის ანალოგებთან შედარებით მთელ აფრიკაში[11]. Golis Telecom Somalia-სთან ერთად, ქალაქში მუშაობენ NationLink Telecom და Telcom.

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
აეროპორტის შენობა.

ბოსასოს გავლით გადის საავტომობილო ტრასა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთის ქალაქებს (მაგალითად, გაროუე და გალკაიო) აკავშირებს სამხრეთის ქალაქებთან[12].

2012 წლის ივნისში სამთავრობო ორგანიზაცია Puntland Highway Authority-მ დაამთავრა ავტოგზის საფარის მოდერნიზაცია ბოსასოსა და გაროუეს შორის[13]. 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო ავტოგზის აღდგენა, რომელიც ბოსასოს აკავშირებს კარდოსთან[14]. ასევე იგეგმება ახალი ავტოგზის მშენებლობა, რომელიც რეგიონის სანაპირო ქალაქებს დააკავშირებს ერთმანეთთან[13].

ქალაქში საზღვაო პორტი აშენდა 1980-იან წლებში, ჯერ კიდევ მოჰამედ სიად ბარეს მმართველობის პერიოდში.

ქალაქში მოქმედებს ქვეყანაში სიდიდით მეორე ბენდერ ქასიმის საერთაშორისო აეროპორტი. 2008 წელს დაიდო შეთანხმება აეროპორტის მმართველ კომპანიასა და Lootah Group-ს (დუბაიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან) შორის ქალაქში სავაჭრო ზონის, ასევე საზღვაო პორტის და აეროპორტის თანამედროვე კომპლექსების მშენებლობის შესახებ. როგორც გათვალისწინებულია, ბოსასოს აეროპორტის ახალი კომპლექსი ყველა საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში[15].

განათლება

რედაქტირება

ბოსასოში მოქმედებს 30-ზე მეტი სკოლა, მათ შორის, იმამ ნამავის სახელობის სკოლა (3200 მოსწავლე), ბოსასოს საზოგადოებრივი საშუალო სკოლა (2000-ზე მეტი მოსწავლე), შეიხ ჰამდანის სახელობის სკოლა (დაახლოებით 800 მოსწავლე), ალჯნაეჰის და გარისის სკოლები. უმაღლეს განათლებას იძლევიან აღმოსავლეთ აფრიკის უნივერსიტეტი (East Africa University) და ბოსასოს კოლეჯი (Bosaso College)[16], ასევე Puntland Nursing Institute. ქალაქში სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებენ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია და Sam Greathouse School of Modern Technology.

დასვენება

რედაქტირება

ბოსასოში არსებობს ქვიშის პლაჟები და სუფთა ზღვის წყალი რიფებით. ქალაქში დიდი რაოდენობით არსებობს ინტერნეტ-კაფეები და მაღაზიები, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შეიძინონ ამ რეგიონში პოპულარული კატი (ლათ. Catha). ქალაქის სტუმრებისათვის მუშაობს ისეთი ოტელები და სასტუმროები, როგორებიცაა Hotel Huruuse, Juba და სხვა. ტურისტებს ასევე იზიდავს ადგილობრივი ბუნება: მთები, ტბები და ტყეები, ველური ცხოველებით და მცენარეულობით, ასევე გარემოს პანორამული სახეები.

ქალაქში არსებობს საკუთარი ტელევიზია (SBC TV და ETN TV) და რადიო (Radio Midnimo).

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Bosaso Municipality - Districts დაარქივებული 2015-02-02 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 2012-10-17.
  2. 2.0 2.1 Lucie Peytermann. (12 September 2007) Somalia's port of Bosaso: the bottleneck of East Africa's misery. Reliefweb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  3. Ancient History Sourcebook: The Periplus of the Erythraean Sea: Travel and Trade in the Indian Ocean by a Merchant of the First Century. Fordham University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  4. Lee V. Cassanelli, The shaping of Somali society: reconstructing the history of a pastoral people, 1600-1900, Philadelphia: University of Pennsylvania Press, 1982. — P. 75.
  5. International Labour Office & League of Nations, Record of proceedings, International Labour Office, 1956.
  6. H. E. Hagi Bashir Ismail Yousuf. Puntlandi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  7. 7.0 7.1 „Somalia: President Farole – the Pride of Puntland“ (ინგლისური). Garoweonline. 12 May 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-19. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  8. Districts. Bosaso Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  9. Ali B. Ali-Dinar, Life & Peace Review, Vol.8, No.4, 04/94, University of Pennsylvania, 1994.
  10. Golis Telecom Profile. Golis Telecom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-22. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  11. Somalia calling(ინგლისური) // The Economist, 20 December 2005.
  12. 100 Days Report Garowe 26 April 2009. Waayaha.net (26 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  13. 13.0 13.1 „Puntland to upgrade Bosaso-Garowe highway“. Sabahi. 28 June 2012. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2013.
  14. „Puntland to rehabilitate Bosaso-Qardo road“. Sabahi. 22 October 2012. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2013.
  15. „Government of Punt Land State of Somalia, Lootah Investment sign strategic agreements worth Dhs170m“ (ინგლისური). AMEinfo.com. 24 November 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-06. ციტირების თარიღი: 2012-02-22.
  16. Basaso College. Basaso College. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2012-02-22.