ბზიფის მასივიკარსტული მასივი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. უკავია ბზიფის ქედის დასავლეთი ნაწილი. სიგრძე დაახლოებით 50 კმ, ფართობი 550 კმ². მაქსიმალური სიმაღლე 2623.5 მ (მთა ძიშრა).[1] მასივის ცენტრალური, პლატოსებრი ნაწილის საშუალო სიმაღლეა 1900–2000 მ. მის სამხრეთ ფერდობს გაუყვება დაბალი კარსტის ვიწრო ზოლი, სადაც აბსოლუტური სიმაღლეები 500–900 მ ფარგლებშია.[2]

ბზიფის მასივი
ბზიფის კარსტული მასივის ხედი
ბზიფის კარსტული მასივის ხედი
კოორდინატები: 43°20′56″ ჩ. გ. 40°37′56″ ა. გ. / 43.3488972° ჩ. გ. 40.6324806° ა. გ. / 43.3488972; 40.6324806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
უმაღლესი წერტილი ძიშრა
სიმაღლე 2623.5 
ფართობი 550 კმ²
სიგრძე 50 კმ
ბზიფის მასივი — საქართველო
ბზიფის მასივი
ბზიფის მასივი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბზიფის მასივი

დასავლეთით ესაზღვრება გაგრის მასივი, ჩრდილოეთით აჩიბახისა და რიხვის მასივი, აღმოსავლეთით გუმიშხის მასივი. აქვს ასიმეტრიული აგებულება: ჩრდილოეთი ფერდობი მოკლეა და ციცაბო, სამხრეთი მოგრძო და უფრო დამრეცი. გეოლოგიური აგებულებითა და სიმაღლით ახლოს დგას არაბიკის მასივთან. განვითარებულია ტექტოგენური, პეტროგენული, ეროზიული, ფლუვიალური, გლაციალური, კარსტული და გრავიტაციული რელიეფის ფორმები.[3]

ბზიფის მასივი წარმოადგენს ნაოჭა-ბლოკურ მორფოსტრუქტურას, რომელსაც აქვს სწორი, ნაწილობრივ შებრუნებული რელიეფი. ბზიფის მასივი წარმოიქმნა შუა- და გვიანალპურ სტრუქტურებში. რელიეფში კარგადაა გამოხატული ხშირად, ნასხლეტებით გართულებული ანტიკლინური ქედები. სინკლინურ სტრუქტურებს შეესაბამება ხეობები. სამხრეთი, უფრო დამრეცი და გრძელი ფერდობი ცალკეულ ბლოკებად გატეხილ მონოკლინს წარმოადგენს.[4]

განვითარებულია კლდოვანი, ფლატოვანი და დაკბილული თხემი, ვიწრო ხეობებითა და კანიონებით. მასივის პერიფერიულ ნაწილებში კარგად არის განვითარებული ეროზიული რელიეფი. ღრმადაა დანაწევრებული მდინარეების რეშევიესა და ძიშრის ხეობებით. მდინარეთა ხეობებსა და მთისწინეთშია ალუვიური დანალექები. გვხვდება ტროგული ხეობები და ცირკები.[5]

ბზიფის მასივის ფარგლებში განვითარებულია შიშველი, კორდიანი, მწვანე და დაფარული კარსტი. ბევრია კარსტული მღვიმე, რომელთა შორის აღსანიშნავია ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა, ნაფრა, პანტიუხინის უფსკრული და გრაფის ჩანაქცევი. ძირითად ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის ბზიფი, მჭიშთა, ააფსთა, ხიფსთა და გუდოუ. მასივის წიაღის უმეტესი ნაწილი უკავია მჭიშთის განტოტვილ სისტემას.[6][2] არის მუდმივი და დროებითი პატარა ტბები. ბევრია კარსტული წყარო. ბზიფის მასივი მდებარეობს 6–7 ბალიანი მიწისძვრის ზონაში.[7]

ბზიფის მასივის შესწავლა 1960-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტმა. 1970–80-იან წლებში ბზიფის მასივზე დაიწყო აქტიური სპელეოლოგიური კვლევები. ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ მასივის ფარგლებში აღმოჩენილია 400-ზე მეტი კარსტული სიღრუე, რომლებსაც დღესაც სწავლობენ.[1]

  1. 1.0 1.1 ზ. ტინტილოზოვი, ვ. რეზვანი, ვ. დუბლიანსკი, ა. კლიმჩუკი., ბზიფის მასივის სპელეოლოგიური და ჰიდროლოგიური თავისებურებანი, საქ. მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 127. 1987. N3. გვ. 569–572
  2. 2.0 2.1 ლევან მარუაშვილი, მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები : ზოგადი სპელეოლოგია, თბილისი, 1973, გვ., 237–240
  3. ზურაბ ტინტილოზოვი, ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები, საქ. სსრ მეცნ. აკად., გეოგრაფიის ინ-ტი., თბ.: მეცნიერება, 1988
  4. Геология СССР. Т. 10. Грузинская ССР. М.: Недра, 1964. 492 с.
  5. Геоморфология Грузии: Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др. Тб.: Мецниереба, 1971.
  6. გ. გიგინეიშვილი, ბზიფის კარსტული მასივის მიწისქვეშა წყალშემკრები აუზების შესახებ, საქ. მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 60. 1970. N1. გვ. 109–111
  7. Ананьин И. В. Сейсмичность Северного Кавказа. М: Наука, 1977. 147 с.