ნაფრა

მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ნაფრაკარსტული უფსკრული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის მასივის დასავლეთ ნაწილში, მწვერვალ ნაფრის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზე. უფსკრული ჩასახულია ზედა იურისა და ქვედა ცარცის ძლიერ დამსხვრეულ და დანაპრალებულ ქანებში, მასში ჩასასვლელი, მწვერვალ ნაფრიდან 20-ოდე მ-ის მოშორებით, ძაბრის ფსკერზე იხსნება. მღვიმის ჯამური სიგრძეა 3520 მ, სიღრმე 970 მ.[1]

ნაფრა
კოორდინატები: 43°18′16″ ჩ. გ. 40°31′48″ ა. გ. / 43.304639° ჩ. გ. 40.5300611° ა. გ. / 43.304639; 40.5300611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2355 მ
სიგრძე 3520 მ
სიღრმე 970 მ
აღმოჩენის წელი 1980
სირთულის კატეგორია 5ბ
ამგებელი ქანები კირქვა
ნაფრა — საქართველო
ნაფრა
ნაფრა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ნაფრა

გენეტიკურად ნაფრა კოროზიულ-ეროზიული კლასის მღვიმეს მიეკუთვნება. მორფოლოგიურად წარმოადგენს ჭების სერიას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანის სიღრმეა 65 მ. ჭები მცირე სუბჰორიზონტალურ შესასვლელებს ენაცვლება. 630 მ სიღრმიდან დაწყებული მღვიმეში გასასვლელი გზა მიუყვება ჩანაქცევს 200 მ-იანი ვერტიკალური ამპლიტუდით. ფსკერული ნაწილი წარმოადგენს მნიშვნელოვანი მიწისქვეშა ნაკადის მოქმედ კალაპოტს. ფსკერულ ნაწილშია ორი გრიფონი. აქვე მდებარეობს ჩანჩქერი, რომლის სიმაღლეა დაახლოებით 10 მ და აღმავალი ტოტი.

მღვიმის ზედა ნაწილი კასკადური ტიპისაა. ცალკეული შიგა ჭების სიღრმე, რომელთა ფსკერი მოფენილია ნგრეული მასალით, 15-30 მ-ის ფარგლებში მერყეობს. აშკარად ჩანს: უფსკრულის ძირითადი მაგისტრალი, რომელიც ძლიერ დანაპრალებულ და დამსხვრეულ ზონას გასდევს. ასეა თითქმის 400 მ-მდე; შემდეგ იწყება საკმაოდ გრძელი დერეფანი გამდინარე ტბების სისტემით. იგი თანდათან ვიწროვდება და ბოლოს ერთბაშად აწყდება 45 მ სიღრმის ჭას; შემდგომ გაგრძელებას ქმნის კვლავ დახრილფსკერიანი, კასკადისებური დერეფანი, რომელშიც წყალმცირობისას ნაკადის ხარჯი აღწევს 100-130 ლ/წმ-ში. მღვიმის შორეული, საკმაოდ ვრცელი და გრძელი დერეფანი ებმის ოვალური ფორმის მოზრდილ დარბაზს. 970 მ სიღრმეზე ნაკადი ნაზვავით ამოქოლილ კლდოვან ნაპრალში იფილტრება.[2]

ნაფრაში უფართოესი გავრცელება აქვს სეისმო-გრავიტაციულ ნაფენებს — უმთავრესად ნაზვავებისა და ნაყარების სახით. ქიმიური წარმონაქმნები ზედა მშრალ დერეფნებშია შემონახული. ეს წარმონაქმნებია: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები და სხვა. „კიბოს ჭის“ კედლებზე აღსანიშნავია 30 სმ-მდე სიგრძის კალციტის დენდრიტული ნაზარდები. უფსკრულის ღრმა ნაწილისათვის დამახასიათებელია სიფონური და ნახევრად სიფონური დერეფნები, რომელთა კვლევაში მონაწილეობდა გამოცდილი სპელეოაკვანავტთა ჯგუფი პეტრე მინენკოვის ხელმძღვანელობით.[2]

კარსტული უფსკრული ნაფრა აღმოაჩინა კრასნოიარსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ექსპედიციამ ზახარ ზალიევის ხელმძღვანელობით 1980 წლის აგვისტოში. იმთავითვე შეაღწიეს 180 მ სიღრმემდე. აგვისტოს ბოლოს ექსპედიცია შეცვალა კრასნოიარსკის სპელეოლოგთა კლუბის მოიერიშე განყოფილებამ ვიქტორ მელნიკოვის ხელმძღვანელობით.[3]

ნაფრა განსაკურებულ ყურადღებას იპყრობს იმით, რომ იგი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კარსტული მიწისქვეშა ჰიდროსისტემის ნაწილი. წყლის შეფერილობით დამტკიცებულია კავშირი ნაფრასა და მჭიშთას შორის. ნაფრის შესასვლელი განლაგებულია ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზე, ჰიდროსისტემის ქვედა წერტილი ზღვის დონიდან −32 მ სიმაღლეზეა, რაც იძლევა 2382 მ-იან ამპლიტუდას. ნაფრა მიჩნეულია რთულ მღვიმედ და მიეკუთვნება სირთულის 5ბ კატეგორიას. ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოცდილი სპელეოლოგებისათვის. ექსპედიციის დროა მარტი-ივლისი.[4]

  1. Описания пещер Бзыбского массива
  2. 2.0 2.1 ზურაბ ტინტილოზოვი, ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები, „მეცნიერება“, გვ. 92-94, თბ., 1988 წ.
  3. История исследования пещер Бзыбского массива
  4. Пещеры. Проблемы изучения: Межвузовский сборник научных трудов. Выпуск 22. Пермь, 1990.