ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა
ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა — კარსტული უფსკრული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის კირქვული მასივის ეგრეთ წოდებულ „გამყოფ შტოქედზე“, ზღვის დონიდან 1960–2000–2390 მ-ზე. მორფომეტრიული მონაცემებით შედის საქართველოს 1000 მ-ზე ღრმა კარსტული უფსკრულების პირველ ათეულში. გამომუშავებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის კირქვების, გადოლომიტებული კირქვებისა და შეცემენტებული კონგლომერატების წყებებში. მღვიმური სისტემის ჯამური სიღრმეა 1760 მ, სიგრძე 24 080 მ, ფსკერის ფართობი 150 000 მ², საერთო მოცულობა 2 000 000 მ³.
ილუზია-თოვლიან-მეჟენის მღვიმური სისტემა | |
---|---|
კოორდინატები: 43°15′53″ ჩ. გ. 40°43′06″ ა. გ. / 43.26472° ჩ. გ. 40.71833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 2390 მ |
სიგრძე | 24 080 მ |
სიღრმე | 1760 მ |
მოცულობა | 2 მლნ. მ³ |
თოვლიანი უფსკრულის ძირითადი მაგისტრალი ხუთი დიდი გალერეისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, რიგ განშტოებებს შეიცავს. მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს წარმოადგენს ზედაპირიდან 1300 მ სიღრმეზე მდებარე „იქს“ დარბაზი, რომლის სიგრძეა 220 მ, სიგანე 70 მ, ხოლო სიმაღლე 50 მ-ს აღემატება.
მეჟენის უფსკრული შედგება მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური და ჰორიზონტული ნაწილებისგან, რომლებიც ერთმანეთს მოკლე დერეფნებით უკავშირდება. თოვლიანი და მეჟენის უფსკრულები ერთმანეთს ჩასასვლელიდან 630 მ სიღრმეზე უერთდება, 410 მ-ით მაღლა მდებარე უფსკრული „ილუზია“ თოვლიან-მეჟენს შეუერთდა, რითაც მღვიმური სისტემის ჯამურმა სიღრმემ 1753 მ შეადგინა და მსოფლიოს უღრმეს უფსკრულთა სიაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად თოვლიანი უფსკრული 1760 მ სიღრმით მსოფლიოს უღრმეს უფსკრულთა სიაში მე-4 ადგილზეა.
მღვიმურ სისტემაში არის ნაირგვარი სტალაქტიტ-სტალაგმიტები, ტრავერტინები, ჰელიქტიტები, მღვიმური თოვლი. მიწისქვეშა მყინვარის ფართობი 6000 მ²-ს აღწევს. სისტემაში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი მრავალრიცხოვანი შენაკადებით, რომელთაც დონეების ძლიერი რყევა ახასიათებთ. სხვადასხვა მონაკვეთებში ბინადრობენ ობობები, მრავალფეხიანები და სხვა. მღვიმური სისტემა აღმოჩენილია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპელეორაზმის მიერ 1971 წელს. შესწავლასა და გამოკვლევაში სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ რუსი და ევროპელი გამოცდილი სპელეორაზმები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 234–235.
- ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.