ფერდობი, მთის კალთა — დედამიწის ზედაპირის დახრილი მონაკვეთი, რომელიც წარმოიქმნება ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების შედეგად ხმელეთსა და ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე. ფერდობთა ხასიათი განისაზღვრება შემადგენელი ქანების შედგენილობითა და აგებულებით, ადგილის აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლით, ფერდობთა პროცესების ინტენსივობით, კლიმატური თავისებურებებითა და სხვა. ამ პირობების სხვადასხვაგვარი შეხამება ხელს უწყობს ფერდობთა სხვადასხვაგვარობის შექმნას. ფორმების მიხედვით განასხვავებენ: სწორ, ამობურცულ, ჩაზნექილ, საფეხურებისებრ და რთულ ფერდობებს. არსებობს აგრეთვე ჩაქცევითი, მეწყრული, სოლიფლუქციური, დელუვიური, ეროზიული და სხვა სახის ფერდობები. ფერდობთა უმეტესობას აქვს რთული გენეზისი. ფერდობთა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მათი დახრილობა, რომელიც ძლიერ იცვლება ერთი ადგილიდან მეორე ადგილისაკენ. მთებში გვხვდება ფრიალო კალთები, რომელთა დახრილობა უახლოვდება 90°-ს. მთებში არსებული ფერდობების საშუალო დახრილობა ჩვეულებრივ 20°-ს აჭარბებს. ვაკე ადგილებზე დახრილობა მცირეა (2-3°). ფერდობთა ფორმა და დახრილობა დრო და დრო იცვლება.

ფერდობი

ლიტერატურა რედაქტირება

  • Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др.. 1978;
  • Геоморфологический словарь-справочник., Составитель Л. М. Ахромеев. Брянск, 2002.