ბაგრატ შინქუბა

(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატ შინკუბა)

ბაგრატ შინქუბა, (აფხ. Баграт Уасыл-иҧа Шьынқәба; დ. 12 მაისი, 1917, სოფ. ჭლოუ, ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 25 თებერვალი, 2004) — აფხაზი საბჭოთა მწერალი, პოეტი, ისტორიკოსი, ლინგვისტი და პოლიტიკოსი. აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო პოეტი (1967). სკკპ წევრი 1946 წლიდან. აფხაზეთის ასსრ დ. გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1968). საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი 1958-1981 წლებში. სსრკ V, X, XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.

ბაგრატ შინქუბა
აფხ. Баграт Уасыл-иԥа Шьынқәба
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1917(1917-05-12)[1]
დაბადების ადგილი ჭლოუ, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია[2]
გარდაცვალების თარიღი 25 თებერვალი, 2004(2004-02-25)[1] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოხუმი
დასაფლავებულია სოხუმი
საქმიანობა ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, მწერალი, პოეტი და პოლიტიკოსი
ენა აფხაზური ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ორდენი „პატივი და დიდება“, ხალხთა მეგობრობის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

1939 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1953-1958 წლებში იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1958-1978 წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 30-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს, პოემებს, მოთრობებს. მათ შორის აღსანიშნავია რომანი ლექსად „ჩემი თანამემამულენი“ (1950), პოემა „კლდის სიმღერა“ (1965, ქართული თარგმანი 1968). სწავლობდა აფხაზურ, ადიღეურ და უბიხურ ენებს. მისი რომანი „უკანასკნელი უბიხი“ (1974, ქართული თარგმანი 1977, 1981)[3] აწ გადაშენებული უბიხების ტრაგიკულ ბედს ეძღვნება. 20-იანი წლების აფხაზურ სოფელში გარდაქმებს მიუძღვნა რომანი „გაპობილი ქვა“ (1982).

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

სკკპ წევრი 1946 წლიდან. 1958-1978 წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი 1958 წლიდან. მეხუთე მოწვევის სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი. საქართველოს კომუნისტური პარტიის სარევიზიო საბჭოს წევრი 1976 წლიდან.

შემოქმედება

რედაქტირება

ბაგრატ შინქუბა ბავშვობიდანვე გატაცებული ყოფილა პოეზიით, როგორც თავად, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთისათვის“ 1977 წელს მიცემულ ინტერვიუში იგონებს, ბავშობიდანვე აგროვებდა ლექსებსა და გამონათქვამებს და მუდმივად გრძნობდა, რომ ერთხელაც თავად გახდებოდა შემოქმედი. 1930 წელს ბაგრატ შინქუბა აბარებს მაქსიმ გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც სწავლასთან ერთდ ლიტერატურულ გაერთიანებაშიც ირიცხება, სწორედ ამ გაერთიანებაში გაწევრიანებას მიიჩნევს იგი საკუთარი შემოქმედების ბიძგად.

ბაგრატ შინქუბა თავის პოეტურ მოღვაწეობას 1935 წელს იწყებს. 1935 წელს ქვეყნდება მისი პირველი ლექსი „ვაჟკაცობა“, ხოლო 1938 წელს - პოეტური კრებული „პირველი ლექსები“.

ჩემი თანამემამულენი

რედაქტირება

1950 წელს მწერალი აქვეყნებს ლექსად დაწერილ რომანს „ჩემი თანამემამულენი“, რომელიც პირველი ცდაა აფხაზურ ენაზე მსგავსი ლიტერატურის შექმნისა, რომანში ასახულია ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის ამბავი. რომანი წარმოადგენს ერთგვარ კონფლიქტს ახალსა და ძველს, დრომოჭმულობასა და თანამედროვეობას შორის. რომანში ვხვდებით ავტორისმიერ, რეტროსპექტულ თხრობას, რომლის დროსაც მთხრობელი აღადგენს ისტორიული აფხაზების დაუღალავი ბრძოლის სცენებს თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. ბაგრატ შინქუბას ეს რომანი სოციალისტური რეალიზმის ზუსტი მაგალითია. მოქმედება ვითარდება ალაშარას კოლმეურნეობაში, რომელსაც მეთაურობს ძიკურ გურძანბა, ერთ დროს ენერგიულ, ახალგაზრდა ხელმძღვანელს პარტიამ ომის დროს კოლმეურნეობის ბედი ანდო, მართალია ძიკური კარგად გაუძღვა კოლმეურნეობას, თუმცა რომანის გარკვეულ ეტაპზე იწყება კონფლიქტი ძიკურსა და კოლმეურნეობის ახალგაზრდა წევრებს შორის, რომელთაც არ მოსწონთ კოლმეურნეობის აშკარა შეჩერება, ერთ მიღწეულ შედეგზე. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ძიკური კმაყოფილია, რადგან მისი კოლმეურნეობა გეგმებს ასრულებს, თუმცა რომანში ჩნდება ომიდან სამშობლოში დაბრუნებული დამეი ანშბა, რომელიც დაუყოვნებლივ ერთვება საკოლმეურნეო საქმიანობაში. დამეი აკრიტიკებს თავის სიყრმის მეგობარს, ძიკურს, თუმცა რომანში მათი კონფლიქტი არა ტიპური სახით, არამედ ახლებურად წყდება, ავტორს ძიკური გამოჰყავს არა უღირს გმირად, ან საზოგადოებისთვის მიუღებელ პიროვნებად, არამედ ჩამორჩენილ ადამიანად, რომელიც ფეხს ვერ უწყობს ახალ ადამიანებს. რომანს ჰყავს კიდევ ერთი გმირი - ინჟინერი არსენა ხიმთბა, რომელმაც განათლება თბილისში მიიღო. რომანში ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის ილუსტრირებისათვის ავტორი სიუჟეტის მსგავს განვითარებას მიმართავს: არსენას სურს მდინარე ძიკუას დამორჩლება, რათა გვალვისგან იხსნას თავისი კოლმეურნეობა. ამისათვის იგი თავის პროფესორს - ნიკო ძნელაძეს მიმართავს დახმარებისათვის, რომელიც არ დაიშურებს და ჩამოდის ალაშარას კოლმეურნეობაში, რათა დაეხმაროს მათ მდინარეზე წყალსატევის აშენებაში.

რომანში წამოჭრილი სიუჟეტურ-შინაარსობრივი კონფლიქტი საბოლოოდ იმით სრულდება რომ თავმჯდომარე ძიკურს რაიკომში იბარებენ, ავტორი მართალია კონკრეტულად აღარაფერს გვეუბნება ამ პერსონაჟის ბედზე, თუმცა მიგვანიშნებს რომ ძიკური უკვე აღარ გამოდგება ამ კოლმეურნეობისა და ახალი ადამიანების ხელმძღვანელად.

ქართულად რომანი „ჩემი თანამემამულენი“ მურმან ლებანიძემ თარგმნა.

კლდის სიმღერა

რედაქტირება

ბაგრატ შინქუბას შემდგომი პოემა „კლდის სიმღერა“ 1965 წელს ქვეყნდება. პოემაში საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე რევოლუციური აფეთქებების ფონზე წარმოჩენილია აფხაზი ხალხის ბრძოლა. პოემაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა თავისებურებებია ნაჩვენები. პოემა ქართულად გრიგოლ აბაშიძემ, შოთა ნიშნიანიძემ, კარლო კალაძემ და რევაზ მარგიანმა თარგმნეს.

ასევე პოეტის კალამს ეკუთვნის პოემები „შინ დაბრუნება“ და „ძმები“, რომელიც აფხაზური ფოლკლორის მოტივებზეა შექმნილი. ბაგრატ შინქუბას შემოქმედება ასევე აერთიანებს უამრავ ლექსსა და ათობით ბალადას.

ჩანთა დაბრუნდა

რედაქტირება

1969 წელს ქვეყნდება ბაგრატ შინქუბას პირველი პროზაული ნაწარმოები. მოთხრობა „ჩანთა დაბრუნდა“ მოთხრობაში აღწერილია აფხაზი გლეხის ჩანთას განცდები, რომელსაც ცოლის გარდაცვალების შემდეგ მშობლიური მიწის მიტოვება და ქალაქში გადასვლა უწევს. გლეხი ძალიან განიცდის იმ ამბავს, რომ ის შესაძლოა მისთვის უცხო მიწაზე გარდაიცვალოს და აქვე დამარხონ. მართალია შვილებმა ჩანთას მამა-პაპისეულ სახლი გაყიდეს, თუმცა იგი ქალაქიდან სოფელში ბრუნდება და მეზობლების დახმარებით თავიდან იშენებს სახლს.

უკანასკნელი უბიხი

რედაქტირება

მწერალს დიდი აღიარება მოუტანა 1974 წელს გამოცემულმა რომანმა „უკანასკნელი უბიხი“. რომანში უბიხი ხალხის ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი. რომანის მთავარი მოქმედი გმირი ზაურყან ზოლაკი გვიამბობს თავისი თანამემამულეების ისტორიას და მათი დაღუპვის ამბავს. რომანი მოგვითხრობს თუ რა ბედი ეწია უბიხ ხალხს, რომლებიც რუსეთის იმპერიის დაპყრობითი ომებისა და ოსმალეთის გავლენით თურქეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ, სადაც ამ ხალხის ისტორია საბოლოოდ დასრულდა, 100 წლის მთხრობელი, ზაურყანი კი უბიხების უკანასკნელი წარმომადგენელია. რომანი ქართულად 1977 წელს თამარ ჩიჯავაძემ თარგმნა.

გაპობილი ქვა

რედაქტირება

ბაგრატ შინქუბას კიდე ერთი პროზაული ნაწარმოებია რომანი „გაპობილი ქვა“, რომელიც 1983 წელს გამოიცა. კრიტიკოსები ამ რომანზე საუბრისას აღნიშნავენ რომ მასში ბევრი ავტობიოგრაფიული დეტალია, რასაც თავად ავტორიც ეთანხმება, რამდენიმე ინტერვიუში.

რომანში აღწერილია თუ როგორ იკიდებს ფეხს 20-იანი წლების აფახზეთში კომუნიზმის სახელით მოსული ახალი პოლოტიკური წესრიგი. ბაგრატ შინქუბას ლექსებზე შექმნილია არაერთი სიმღერა, მისი ნაწარმოებებისა და სცენარების მიხედვით კი დადგმულია რამდენიმე სპექტაკლი.

მთარგმნელობითი საქმიანობა

რედაქტირება

ბაგრატ შინქუბა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამწერლობო შემოქმედების გარდა, მთარგმნელობით სამუშასაც ეწეოდა. მან აფხაზურად თარგმნა უცხოური და ქართული ლიტერატურის არაერთი ავტორი:ალექსანდრე პუშკინი, მიხაილ ლერმონტოვი, ნიკოლოზ ნეკრასოვი, ტარას შევჩენკო, მაქსიმ გორკი, ალექსანრე ბლოკი, მიოჰან გოეთე, ბაირონი, ადამ მიცკევიჩი, შანდორ პეტეფი, შარლ ბოდლერი, პოლ ვერლენი და ნაზიმ ჰიქმეთი.

ბაგრატ შინქუბას სხვა აფხაზ მთარგმნელებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ქართული პოეზიის აფხაზურად თარგმნის საქმეში. მან აფხაზურად თარგმნა:შოთა რუსთაველი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, კარლო კალაძე, ალექსანდრე გომიაშვილი, რევაზ მარგიანი, შოთა ნიშნიანიძე, ალექსანდრე ყაზბეგი.

აფხაზურად „ვეფხისტყაოსნის“ ორი სრული თარგმანი არსებობს, დიმიტრი გულიასა და მუშნი ლასურიასი, ასევე შესრულებულია რამდენიმე ნაწილობრივი თარგმანიც, რომელთა შორისაც ყველაზე სანიმუშოდ ბაგრატ შინქუბას თარგმანებია აღიარებული, მან ჯერ კიდევ 1937 წელს თარგმნა ვეფხისტყაოსნის თავი „ნახვა არაბთა მეფისგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა“ და გამოაქვეყნა სალიტერატურო ჟურნალში „აფსნი ყაფშში“. 1966 წელს ცალკე წიგნად გამოიცა რუსთაველის აფორიზმების შინქუბასეული თარგმანი, რომელმაც სპეციალისტებისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ბაგრატ შინქუბას მთარგმნელობით მოღვაწეობაში ხაზგაზსმით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის თარგმანი. პირველად ბარათაშვილის პოეზია აფხაზურ ენაზე 1947 წელს გამოიცა, კრებულში შესული იყო დიმიტრი გულიას, ბაგრატ შინქუბას, ივანე თარბას და სხვა აფხაზი მთარგმნელების ნამუშევრები. ამ წიგნის მეორე შევსებული გამოცემა 1968 წელს განხორციელდა. ბაგრატ შინქუბამ თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის : „ბულბული ვარდზედ“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“, „მერანი“, „საფლავი მეფის ირაკლისა“, და პოემა - „ბედი ქართლისა“. 1984 წელს გამომცემლობების „მერანისა“ და „ალაშარას“ თანამშრომლობით გამოიცა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის სრული თარგმანი, შესრულებული ბაგრატ შინქუბას მიერ.

პუბლიცისტიკა

რედაქტირება

ბაგრატ შინქუბა მხატვრული და მთარგმნელობითი საქმიანობების პარალელურად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ლიტერატურის კრიტიკისა და სამწერლობო ენის შესახებ. მისი ძირითადი ინტერესის სფეროს აფხაზური სამწერლობო ენის განვითარება წარმოადგენდა. იგი აღნიშნავდა რომ აფხაზური სამწერლობო ენა, განსხვავებით რუსულისგან, ქართულისგან და სომხურისგან, საჭიროებს განვითარებას, რადგან ამ ენებზე უკვე მრავალი საუკუნეა იწერება ლიტერატურა, აფხაზური ლიტერატურა კი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. მწერალი მხატვრულ და მთარგმნელობით მუშაობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვნად თვლის კრიტიკოსთა საქმიანობასაც.

1979 წელს ბაგრატ შინქუბამ დაწერა აფხაზური ენის სახელმძღვანელო დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის. როგორც მოგვიანებით აღნიშნავდა ეს უკანასკნელი მას ყველაზე დიდ საქმედ მიაჩნია.

მწერლის ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გასწი გაჰკაფე
  • მე ჩემს ჭლოუში მაშინ გამიშვი
  • დაჭრილის სიმღერა
  • შართა ამთა
  • ხბო
  • კუმარჩი
  • (გლეხი ბრუნდება იმედიანად)
  • (მთებისკენ მიდის თოვლი და წვიმა)
  • ყაისინ ყულიევს
  • (ჭლოუ, ჭლოუ აქ დამეწერა)
  • სიზმარი
  • ორი გული არ მაქვს არა
  • (ღამის ნათელი)
  • შოთა რუსთაველი
  • მამა
  • გაშაირება
  • (ზღვა იყო მშვიდი)
  • რუსთაველის პროსპექტზე
  • (შენ გახსოვს: ერთად გვიყვარდა)
  • (დღემდე აქ ენთო)
  • (ზღვა არის წყნარი)
  • ამ ბაღში ახლა
  • (მზემ დაიძინა)
  • ნუ მკითხავ
  • თეთრკოფთიანი ქალიშვილი
  • (ზღვა უნაპირო)
  • გაფრინდი ჩემო ქარო!
  • („ბედის ვარსკვლავი“)
  • პასუხი
  • ახალგაზრდული
  • (ზეცის ლაჟვარდში)
  • (ო, არა, არა)
  • (ზაფხული, დილა)
  • (გზა-კვალს მიბნევენ)
  • ერთი სიმღერა
  • მუჰაჯირული ნანა
  • სიმღერა
  • (ზედ დაჰფენია)
  • გამარჯვების დღე
  • სოხუმი
  • (როდი ანათებს)
  • შინ დაბრინება
  • გზაში
  • (მე ავდიოდი გუშინ მწვერვალზე)
  • სოხუმიდან ჭლოუმდე
  • (მდინარეებო, დადაშვილობას)
  • (სასწაულია, რა ხმები მესმის)
  • წყურვილი
  • მწვერვალებისკენ
  • ანდერძი
  • (თვალი ქვეყნდა გავახილე)
  • (როცა ზაფხულს გააჩაღებ)
  • (აბა, ჩემი ხალისი)
  • სამახარობლო
  • უსათაუროდ ვიტყვი, მჯერა
  • მოგოუ დიდებულ საჩუქარზე
  • კამჩა მედროვე
  • გიორგი ლეონიძის გახსენება
  • (ისე ტკბილიად უსტვენს ჩიტი)
  • ( ის სიხარილიც)
  • (შორს ვარსკვლავები)
  • (დრო მოდის)
  • (შენით სულდგმულობს)

ბალადები

  • ლენინთან
  • სალამურა
  • ტურფა გუნდა
  • ბალღი
  • რიწა
  • ორი ძმის ამვი
  • პარტიზანი
  • მალხაზი და ალი
  • შინ დაბრუნება
  • ჩემი თანამემამულენი
  • ბულბული და მელა
  • ძმები
  • კლდის სიმღერა
  • რომანები
  • უკანასკნელი უბიხი
  • გაპობილი ქვა

ჯილდოები

რედაქტირება

1968 წელს მიენიჭა დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო პრემია.

1977 წლის 16 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ბაგრატ შინქუბა დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით. საბჭოთა ლიტერატურის მიმართ დიდი დამსახურებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობის გამო 1987 წლის 11 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ბაგრატ შინქუბას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: