აჩიგვარა
აჩიგვარა[1][2] (აფხ. Аҽгәара) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბულიშხინჯი, გუდავა, ოხურეი, ტოგონი, ფუწყური). მდებარეობს მდინარე ოქუმის მარცხენა ნაპირზე, სამურზაყანოს დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 მ. დაშორებულია შავი ზღვიდან 13 კმ, გალიდან — 9 კმ. რკინიგზის სადგური.
სახელწოდება აფხაზურია და „ცხენოს სადგომს“, „თავლას“ ნიშნავს. მისი ისტორიული სახელწოდებაა სუბეიში/სუბვი. ეს სოფელი XVII საუკუნის იტალიურ რუკებზეა ასახული (იტალ. Subeis), მდ. ოქუმის მარჯვენა მხარეს. იხსენიება მალაქია კათალიკოსის მიერ ბიჭვინთის ტაძრის შეიწირულობის წიგნში: „ამას გარეთ სუბეიშს სასახლე გამიკეთებია, საყდარი დამიდგამს...“ (ქსძ, III, 50). „აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდ დავთარში“ (1621 წ.) „სუბეისა“ და „სუბვის“ ფორმითაა მოხსენიებული: „მართებს სუბეის ღუაჯაგიას მოინალობაი, თოსკუამიას პეტრიას მეჯოგობაი“ (კაკაბაძე, 1914: 3). იმავე დავთრიდან ირკვევა, რომ სოფ. მუხურის მახლობლად მდებარეობს „სუბვის სასახლე“, მისი მისი „მიმდგამია“. იქვეა ჩამოთვლილი მუხურელ და სუბეიშელ საეკლესიო გლეხთა გვარები: კიტია, პერტია, ქორჩოლუა, ჯაკონია, ღუაჯაგია, არტონია, ხვინგია, მიქელია, ბიგუა, ჯიმია... (იქვე: 31-33). ტოპონიმ სუბეიში/სუბვის ამოსავალია მეგრული სუბე, სუბვი, სუბი, რაც „მაღლობს“, „ზეგანს“, „შემაღლებულს“ ნიშნავს. XVII საუკუნის მიწურულიდან აფხაზების აქ დამკვიდრების შემდეგ მას სახელი აჩიგვარა დაერქვა.[3]
ის არაა დატანილი სამეგრელოს 1861 წლის რუკაზე და არც 1886 წლის აღწერის მასალებში იხსენიება. 1923 წელს სამურზაყანოს მაზრაში შედიოდა აჩიგვარას თემი სოფლით. სოფელში არის უბნები: სატორუო, საშაკაიო — ტორუების, შაკაიების ქართული გვარების სამკვიდრო. 1992-1993 წლების ომის შემდეგ, აჩიგვარას აფხაზმა სეპარატისებმა სოფელს სახელი გადაარქვეს.[3] 2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 269.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 24.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ 3.0 3.1 ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 136.