გუდავასოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოქუმის მარცხენა ნაპირას, აჩიგვარის თემში. ზღვის დონიდან 20 მ, გალიდან 12 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ. 1989 წელს სოფელში იყო 933 მცხოვრები.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორიული სოფელი გუდავა მოიცავდა ახლანდელი სოფლების: პირველი გუდავის, მეორე გუდავისა და საკუთრივ გუდავის ტერიტორიებს. სოფლის თავდაპირველი სახელწოდება იყო გუდაყვა, რომელიც გვიანდელ ფეოდალურ ხანაში გუდავათი შეიცვალა, ხალხურ მეტყველებაში გეოგრაფიული სახელი გუდა ეწოდებოდა. ამ სახელწოდებით არის აღნიშნული იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ რუკაზე (1654).

გუდავას ადგილზე ადამიანს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულში უცხოვრია. გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების გუდავა — ქალაქის ტიპის დასახლება — ცნობილი იყო ზიგანისის (ბიზანტიური წყაროებით: ზიგანეოსი) სახელწოდებით. გვიანდელი ანტიკურ ხანაში გუდავა იმ ციხესიმაგრეთა სისტემაში შედიოდა, რომლებიც რომის იმპერიის მცირეაზიური პროვინციების მისადგომებს იცავდა. წერილიბით წყაროებში მოხსენიებულია ზიგანისის ციხე, სადაც IV-V საუკუნეების მიჯნაზე რომაელთა კოჰორტა (400-600-კაციანი რაზმი) მდგარა. VII-X საუკუნეებში ლაზიკის 4 საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთი გუდავაში იყო. გუდავაში დაკრძალულია ქრისტიანობისთვის წამებული კირიაკე, რომელიც დაიღუპა III–IV სს. მიჯნაზე, პირველ ქრისტიანთა დევნის დროს.

1970-1972 წლების არქეოლოგიური გათხრებისას (ხელმძღვანელი პარმენ ზაქარაია) გუდავაში აღმოჩნდა გეგმით მართკუთხა ფორმის ბანაკის გალავნისა და მცირე ეკლესიის ნაშთები, აგრეთვე გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების ადგილობრივი და რომაული კერამიკა, მინის ჭურჭლის ნატეხები, რომაული მონეტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., ლექვინაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 177.
  • ბერძენიშვილი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966;
  • ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., გუდავაში 1971 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, კრ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, წგ. 3, თბ., 1974;
  • Ломоури Н., Из исторической географии древней Колхиды, «Вестник древней истории», 1957, №4;