მოჯაჰიდი
მუჯაჰიდი, მოჯაჰედი (არაბ. مجاهد; „ის, ვინც იღვწის“) — ისლამის თანახმად, რელიგიური მოტივებით საბრძოლო მოქმედებების მონაწილე. მუსლიმურ სამყაროში მუჯაჰიდებს უწოდებენ ნებისმიერ მებრძოლს, რომელიც იბრძვის „კარგ“ მხარეს, მათ შორის ეროვნული არმიებისა და პოლიციის წარმომადგენლებს. მუჯაჰიდებად ტრადიციულად იწოდებიან ასევე ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლები, მაგალითად შამილი და უმარ მუხთარი. დასავლურ სამყაროში კი პირიქით, მუჯაჰიდები, როგორც უცხო ცივილიზაციის უხეში ძალა, უარყოფითი მახასიათებლების მატარებლები არიან.
ჯიჰადი
რედაქტირებაჯიჰადი (არაბ. جهاد; გარჯა, ღვაწლი.) მუსლიმთა ერთ-ერთი რელიგიური ვალდებულებაა, ხოლო შეიარაღებული ჯიჰადი (არაბ. جهاد بالسيف; ჯიჰად ბი ს-საიფ, ჯიჰადი ხმლით, ასევე არაბ. القتال في سبيل; ალ-ყითალ ფი საბილი ლ-ლაჰ, ბრძოლა ღმერთის გზაზე, ბრძოლა ღმერთის გულისთვის) მისი ერთ-ერთი ფორმა. ისლამურ სამართალში გამოიყოფა ორი სახის შეიარაღებული ჯიჰადი – შეტევითი (არაბ. جهاد الطلب; ჯიჰად ატ-ტალაბი) და თავდაცვითი (არაბ. جهاد الدفع; ჯიჰად ად-დიფა'ი).[1]
შეტევითი ჯიჰადი არის პერიოდული ექსპედიციები იმ ტერიტორიებზე, სადაც ცხოვრობენ არამუსლიმები და მმართველიც არამუსლიმია, რომელსაც არ დაუდია საზავო ხელშეკრულება მუსლიმებთან, მათ ტერიტორიაზე ისლამი იდევნება ან მუსლიმები, მათ შორის სამოგზაუროდ ან სავაჭრო ვიზიტით მისულნი, შევიწროებას განიცდიან. ასეთ ტერიტორიას ომის მხარე (არაბ. دار الحرب; დარუ ლ-ჰარბ) ეწოდება. ისლამურ მხარესა (არაბ. دار الإسلام; დარუ ლ-ისლამ) და ომის მხარეს აღმართული იყო სასაზღვრო გამაგრებები (არაბ. رباط; რიბატ), რომელსაც შეტევითი ჯიჰადის დროს ბაზად იყენებდნენ მუჯაჰიდები.
თავდაცვითი ჯიჰადი არის არამუსლიმთა მიერ მუსლიმების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმის საწინააღმდეგო მოქმედებები. თავდაცვით ჯიჰადად ასევე ითვლება ადამიანის მიერ საკუთარი ღირსების, ოჯახისა და ქონების თავდამსხმელებისა თუ ბოროტმოქმედებისგან დასაცავად ბრძოლა.[2]
მუჯაჰიდები
რედაქტირებაჯიჰადს საკმაოდ მყარი რელიგიური საფუძვლები აქვს ყურანსა და სუნნაში. პირველი ჯიჰადი დაიწყო მაშინ, როდესაც მექელმა წარმართებმა მუჰამმადთან ﷺ ერთად მექიდან ემიგრირებულ მუსლიმებს, მუჰაჯირებს მექაში დარჩენილი ქონება წაართვეს. ამის შემდეგ იწყება პირველი სამხედრო მოქმედებები მექელი წარმართების წინააღმდეგ, თავდასხმები მათ სავაჭრო ქარავნებზე და ნელი ინტენსივობის კონფლიქტი წარმართებსა და მუსლიმებს შორის, რომლის კულმინაცია იყო ბადრის ბრძოლა. ამის შემდგომ, მუჰამმადის ﷺ სიცოცხლეშივე მრავალი სამხედრო ექსპედიცია იქნა ჩატარებული მუსლიმების მიერ სხვადასხვა მებრძოლი მხარეების წინააღმდეგ. ბრძოლებში მონაწილეობდა თავად მუჰამმადი ﷺ და მისი უახლოესი გარემოცვაც.
მართლმორწმუნე ხალიფების პერიოდი
რედაქტირებამართლმორწმუნე ხალიფების პერიოდში სახალიფოს სწრაფი ექსპანსია სწორედ ჯიჰადის ხარჯზე მოხდა. მუსლიმებმა დაამარცხეს იმ დროინდელი ზესახელმწიფოები – ბიზანტიისა და სასანიანთა იმპერიები, ეს უკანასკნელი მუსლიმებმა მთლიანად გაანადგურეს, ხოლო ბიზანტიამ ზღვისა და ბერძნული ცეცხლის წყალობით იხსნა კონსტანტინოპოლი დაცემისგან. მუჰამმადის საჰაბები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ამ შეტევით ჯიჰადში, მათ შორის ხალიდ იბნ ალ-ვალიდი, რომელმაც ბიზანტიისგან დაიპყრო სირია, პალესტინა და ანატოლიის დიდი ნაწილი, ხოლო სასანიანებს მრავალი დამარცხება მიაყენა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ასევე სა'დ იბნ აბი ვაყყასი და ალ-მუსანნა იბნ ჰარის აშ-შაიბანი, რომლებმაც გადამწყვეტი დამარცხება მიაყენეს სასანიანებს ყადისიას ბრძოლაში.[3]
შეტევითი ჯიჰადის ობიექტი იყო საქართველოც, 654 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა ჰაბიბ იბნ მასლამა. პირველად იგი უკუიქცა, თუმცა მოგვიანებით დიდი ლაშქრით დაბრუნდა ქართლში და დიდი სისხლისღვრის გარეშე გააფორმა დაცვის სიგელი. მოგვიანებით დაცვის სიგელი დაირღვა და იგი უკვე უმაიანთა პერიოდში ალ-ჯარრაჰ იბნ აბდულლაჰმა განაახლა, რომელიც შემდეგ ხაზარებისა და კავკასიელების (მათ შორის ქართველების) გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა არდებილთან და ალ-ჯარრაჰიც მოკლეს.[4]
უმაიანთა და აბბასიანთა პერიოდი
რედაქტირებაომაიანთა სახალიფომ გააგრძელა მართლმორწმუნე ხალიფათა ექსპანსიონისტური პოლიტიკა. ტარიყ იბნ ზიადმა, გამუსლიმებულმა ბერბერმა მხედართმთავარმა ვესტგოთებისგან დაიპყრო თითქმის მთელი იბერიის ნახევარკუნძული. მუჰამმადის მედინელი საჰაბა, აბუ აიუბ ალ-ანსარი დაიღუპა კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ხოლო მუჰამმად იბნ ყასიმმა რაჯპუტთა სამეფოებისგან დაიკავა მდინარე ინდის დაბლობი. ბრძოლებში მონაწილეობდნენ კლასიკური ისლამის ისეთი სწავლულები, როგორებიცაა 'აბდულლაჰ იბნ მუბარაქი, სუფიან იბნ 'უიაინა, მუჰამმად აშ-შაფი'ი, აჰმად იბნ ჰანბალი და სხვები.
ჯვაროსანთა და მონღოლთა ლაშქრობები
რედაქტირებაქრისტიანი ჯვაროსნებისა და წარმართი მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლასაც თავდაცვითი ჯიჰადის ხასიათი ჰქონდა. ჯვაროსნების წინააღმდეგ ჯიჰადი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ფატიმიანთა შიიტური დინასტია ეგვიპტეში დამხობილი იქნა სალაჰუდდინ იბნ აიუბის მიერ. მონღოლთა წინაშე კი პირველი მუსლიმური სახელმწიფო ხვარაზმი იყო, რომელსაც მონღოლებმა სწრაფად სძლიეს. ჯიჰადი მათ წინააღმდეგ მხოლოდ ეგვიპტელმა მამლუქებმა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც მონღოლებმა აიღეს და გაძარცვეს ბაღდადი. მამლუქთა მეთაურებმა, საიფუდდინ ყუტუზმა და ბაიბარსმა აინ-ჯალუთთან დაამარცხეს მონღოლები.
შემდგომი პერიოდი
რედაქტირებაშემდგომ პერიოდში ჯიჰადმა დაკარგა მისი ისლამური, კლასიკური მნიშვნელობა და უფრო მუსლიმური ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების მიერ ექსპანსიონისტური პოლიტიკის გასამართლებელ ბერკეტად იქცა. ამ პერიოდში მუჯაჰიდის კლასიკური განმარტების შესაბამისად უნდა ჩაითვალოს აჰმად ალ-ფარუყი ას-სარჰინდი და მუჰამმად იაზდი. ისინი დაუპირისპირდნენ მოგოლთა იმპერატორ აქბარის რელიგიურ რეფორმებს, რომლითაც მან ისლამის, ქრისტიანობის, ზოროასტრიზმის, ჯაინიზმისა და ინდუიზმის რელიგიური ტრადიციების შერევით დააარსა ახალი რელიგია დინ-ი ილაჰი. ას-სარჰინდი და იაზდი წინ აღუდგნენ იმპერატორის რეფორმებს, რომლებიც მკრეხელობად გამოაცხადეს და შეიარაღებული აჯანყებაც წამოიწყეს, მაგრამ იმპერატორის ჯარებმა დაამარცხეს აჯანყებულები, მუჰამმად იაზდი მოკლეს, ხოლო ას-სარჰინდი აგრძელებდა ქადაგებას, ვიდრე აქბარის მემკვიდრე ჯაჰანგირმა არ ბრძანა მისი დაპატიმრება. ას-სარჰინდი დააპატიმრეს და ჩასვეს გვალორის საპყრობილეში. ას-სარჰინდის დაპატიმრებამ დიდი აჯანყება გამოიწვია მაჰბათ-ხანის მეთაურობით, რის შემდეგაც ჯაჰანგირი შეხვდა ას-სარჰინდის, გააუქმა მამამისის გატარებული რეფორმები და ისლამს დაუბრუნდა.[5]
რელიგიური მოტივაციითა და დროშით იბრძოდნენ კოლონიზატორების წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები. მაგალითად, ჩრდილო კავკასიაში შეიხი მანსური, რომელმაც 1785 წელს მდინარე სუნჯასთან გაანადგურა რუსეთის საექსპედიციო კორპუსი. ასევე რელიგიური მოტივაცია ჰქონდა კავკასიის იმამატს, მავრიტანიელ სუფი შეიხს მუჰამმად აშ-შანყიტის, რომელიც ებრძოდა ფრანგულ და ესპანურ კოლონიალიზმს, ფილიპინელი მოროების მიერ ესპანელთა და ამერიკელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებებს, 'უმარ მუხთარს, რომელიც ლიბიაში იტალიელთა წინააღმდეგ 30 წლიან პარტიზანულ ომს ხელმძღვანელობდა, მუჰამმად 'აბდულლაჰ ჰასანს, რომელიც ინგლისის წინააღმდეგ იბრძოდა სომალიში. ალბანელი აჯანყებულები ჰაჯი ქამილის სარდლობით ასევე რელიგიური მოტივაციით იბრძოდნენ დასავლური ძალების მიერ დანიშნულ ალბანეთის მეფის, ვილჰელმ ვიდის წინააღმდეგ. ინგლისის წინააღმდეგ 15 წლიან ომს აწარმოებდნენ ვაზირისტანში მირზა 'ალი ხანის მეთაურობით და სხვა.
რელიგიური მოტივაცია ჰქონდა აჭარის ანტისაბჭოთა აჯანყებასაც 1927–29 წლებში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულმა სეკულარულმა ზომებმა (განსაკუთრებით ქალების თავსაბურავის წინააღმდეგ) ზემო აჭარაში ანტისაბჭოთა აჯანყება გამოიწვია, თუმცა საბჭოთა არმიის მიერ აჯანყება ჩახშობილი იქნა.[6]
თანამედროვეობა
რედაქტირებათანამედროვეობაში უკვე მკვეთრად გამოირჩევა ჯიჰადის ორი ფენომენი – ჯიჰადიზმი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომელსაც თან ახლავს რელიგიური მოტივი. პირველს განეკუთვნება გლობალური ისლამისტური ორგანიზაციები, როგორიცაა ალ-კაიდა თავისი განშტოებებით, ისლამური სახელმწიფო, ჰარაქათ ანსარ ირანი, თაჰრიქ-ე ტალიბან პაკისტანი და სხვა. ისინი ებრძვიან როგორც მუსლიმური სამყაროს ქვეყნების სამთავრობო ძალებს, ისე სხვა რელიგიური კულტურების მატარებელ ქვეყნებს და მიაჩნიათ, რომ შარი'ათული მმართველობის დამყარებამდე ყველა ქვეყანა ლეგიტიმური მიზანია მისი რელიგიური კულტურის მიუხედავად. გარდამავალ საფეხურს მათ შორის განეკუთვნებიან ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან უცხო ქვეყნის ჯარებს, ხოლო სამიზნე ტერიტორიაზე შარი'ათული მმართველობის დამყარებას ისახავენ მიზნად, ასეთებს განეკუთვნება ტალიბანი, ლაშქარ-ე ტაიიბა, ჰამასი და კავკასიის საამირო. მეორე ტიპის ორგანიზაციებს განეკუთვნებიან ისინი, ვინც რელიგიური მოტივებით აწარმოებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, მაგალითად პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, აჰმად შაჰ მასუდის დაჯგუფება, ბოსნიელ მუსლიმთა ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სხვა.
ალტერნატიული მნიშვნელობები
რედაქტირებასიტყვა მუჯაჰიდი ხშირად გამოიყენება მუსლიმურ ქვეყნებში, რათა ორგანიზაციამ მოიპოვოს სახალხო მხარდაჭერა, რადგან მუჯაჰიდი აქ სამართლიანობისთვის მებრძოლთან ასოცირდება. მაგალითად ირანის სახალხო მუჯაჰედთა ორგანიზაცია, ასევე ავღანეთის თავისუფლებისთვის მებრძოლ მუჯაჰიდთა ფრონტი და სხვა.
სუფი ორდენებში ჯიჰადი უპირველესად საკუთარი ვნებებისა და სურვილების წინააღმდეგ ბრძოლაა, ამგვარად მუჯაჰიდებსაც ასკეტებად მიიჩნევენ. ასევე არსებობს კონცეფცია ჯიჰადი კალმით, რომელმაც მოდერნისტულ მუსლიმებს შორის ფართო გავრცელება ჰპოვა. ასევე ჯიჰადის ამგვარი გაგება აჰმადიას მოძრაობის ერთადერთი ინტერპრეტაციაა.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://fatwa.islamweb.net/fatwa/index.php?page=showfatwa&Option=FatwaId&Id=177109
- ↑ أبي داود، كتاب السنة، باب في قتال اللصوص، ٤٧٧٢
- ↑ http://books.google.dk/books?id=lj9_SE3_DXkC&printsec=frontcover&dq=tabari&hl=da&sa=X&ei=LIkbUuf0D-eH0AWE_YD4Ag&ved=0CGkQ6AEwBjgK#v=onepage&q=tabari&f=false
- ↑ http://books.google.ge/books?id=Jz0Yy053WS4C&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/10170/Shaykh-Ahmad-Sirhindi
- ↑ http://books.google.ge/books?id=NwvoM-ZFoAgC&pg=PA22&lpg=PA22&dq=ajaristan+uprising&source=bl&ots=8cJeM2V4lr&sig=MonKa-KYcrJKulnUK-Z6RCMX4UE&hl=en&sa=X&ei=MeAeVOjSFImsPY_vgYAC&redir_esc=y#v=onepage&q=ajaristan%20uprising&f=false
- ↑ http://www.alislam.org/library/links/00000064.html