აჰმად იბნ ჰანბალი

მუსლიმი თეოლოგი, ღვთისმეტყველი, მუჰადდისი და ფაყიჰი

იმამი აბუ 'აბდულლაჰ აჰმად ბინ მუჰამმად ბინ ჰანბალ აშ–შაიბანი აზ–ზუჰლი (არაბ. أبو عبد الله أحمد بن محمد بن حنبل الشيباني الذهلي), აგრეთვე ცნობილი როგორც იმამი აჰმადი (არაბ. الإمام أحمد), აჰმად იბნ ჰანბალი (არაბ. أحمد أبن حنبل) და იბნ ჰანბალი (არაბ. أبن حنبل; დ. 1 ნოემბერი, 780, ბაღდადი — გ. 2 აგვისტო, 855, იქვე.[4]) — მუსლიმი თეოლოგი, ღვთისმეტყველი, მუჰადდისი და ფაყიჰი. ჰანბალი მაზჰაბის ფუძემდებელი და ეპონიმი, ერთ–ერთი აჰლ ას–სუნნას ოთხი იმამიდან. ცნობილია იმით, რომ გაუძლო მიჰნას და არ უარყო ისლამური დოგმა ყურანის უქმნელობის შესახებ[5].

აჰმად იბნ ჰანბალი
არაბ. أَحْمَدُ بْنُ حَنْبَل
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი, 780
დაბ. ადგილი ბაღდადი, ერაყი, აბასიანთა სახალიფო[1] [2]
გარდ. თარიღი 2 აგვისტო, 855 (74 წლის)
გარდ. ადგილი ბაღდადი, Arab Iraq, აბასიანთა სახალიფო[1]
დასაფლავებულია Ahmad ibn Hanbal Mosque და Al-Rusafa
საქმიანობა muhaddith, ფაკიჰი[3] , 'ālim, ინტელექტუალი[3] , უნივერსალური ადამიანი, მუფასირი და იურისტი[3]
განთქმული მოსწავლეები აბდულა იბნ აჰმად იბნ ჰანბალი, უსმან ად-დარიმი, მუჰამედ ალ-ბუხარი, აბუ ზურ'ა ალ-რაზი, აბულ-ქასიმ ალ-ბაგავი, მუსლიმ იბნ ალ-ჰაჯაჯი, აბუ დაუდი, იბრაჰიმ იბნ ისჰაკ ალ-ჰარბი, Hanbal ibn Ishaq, Abu Bakr al-Marrudhi, Abu Bakr al-Athram, Harb Al-Kirmani, Baqī ibn Makhlad, Abdul Wahhab, სალიჰ იბნ აჰმად იბნ ჰანბალი, Ishaq ibn Hanbal და Bashar ibn Musa
დედა Safiya bint Maymuna
შვილ(ებ)ი აბდულა იბნ აჰმად იბნ ჰანბალი და სალიჰ იბნ აჰმად იბნ ჰანბალი
ნათესავ(ებ)ი Hanbal ibn Ishaq და Ishaq ibn Hanbal

ბიოგრაფია

რედაქტირება

იმამი აჰმადი დაიბადა 780 წელს ბაღდადში, სადაც მისი ოჯახი ახალდაბრუნებული იყო მერვიდან – იქ მამამისი სახელმწიფო მოხელე იყო, იგი 30 წლისა გარდაიცვალა და იმამ აჰმადის დედა ფეხმძიმე დაბრუნდა მერვიდან ბაღდადში. როდესაც წამოიზარდა, მან დაიწყო რელიგიის შესწავლა ცნობილ ჰანაფი ყადისთან, აბუ იუსუფთან, იმამ აბუ ჰანიფას მოსწავლესთან. 16 წლიდან იგი ბევრს მოგზაურობდა მთელს ახლო აღმოსავლეთში და აგროვებდა ჰადისებს. ამ დროს იგი დღიური სამუშაოთი ირჩენდა თავს. ბაღდადში დაბრუნებისას იგი იწყებს სწავლას იმამ აშ–შაფი'ისთან.
ჰადისების მოგროვების პერიოდში იმამი აჰმადი განმტკიცდა იმ აზრში, რომ რელიგიაზე რაიმეს დამატება და სიახლის შემოტანა (ბიდ'ა) ყოვლად მიუღებელი საქმე იყო. იგი ღიად უპირისპირდებოდა მსგავსი ქმედების ჩამდენ ხალხს და ქადაგებდა მათ წინააღმდეგ, აფრთხილებდა ყველას, მორიდებოდნენ ამ ადამიანებს.[6]
მალევე იმამმა აჰმადმა მოახერხა ბაღდადში ხალხის საყოველთაო პატივისცემის მოპოვება. ხალხი მასთან მიდიოდა რელიგიის საკითხების გასაგებად, მისი აზრის მოსასმენად ამა თუ იმ საკითხზე.[7] მისი მასწავლებელი, იმამი აშ–შაფი'ი, მას თავის თანასწორად მიიჩნევდა და ხშირად ისინი კამათობდნენ ამა თუ იმ საკითხზე.[8]
მიუხედავად საკმაოდ დიდი ცნობადობისა, იმამი მეტად მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა, რადგან უარს ამბობდა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე. მისი აზრით, სახელმწიფო სამსახური და ჯამაგირი გავლენას მოახდენდა მისი თავისუფლების ხარისხზე. იგი უმეტესად დღიურ სამუშაოზე მუშაობდა – მებარგულად, მეწაღედ, მისი ცოლი კი ძაფს ართავდა და ფარდაგებს კერავდა, რასაც შემდეგ ჰყიდდნენ.[9]

მიჰნა (არაბ. محنة) იყო პერიოდი, როდესაც მუ'თაზილიტებმა ხელში ჩაიგდეს გავლენა სახალიფოს სამეფო კარზე. 'აბბასიანმა ხალიფამ ალ–მამუნმა ყადი ალ–ყუდა'დ (სახალიფოს მთავარი მოსამართლე) დაინიშნა მუ'თაზილიტი იბნ აბი დუ'ადი, რომელმაც შექმნა ინკვიზიციის მსგავსი ორგანო, რომლის გამომძიებლებმა დაიწყეს მუ'თაზილიტური იდეის მოწინააღმდეგე სუნიტ სწავლულთა დევნა. ძირითადი გამოსარჩევი ნიშანი იყო ის, რომ მუ'თაზილიტებს სწამდათ, რომ ყურანი იყო ღმერთის უბრალო ქმნილება, მას არ გააჩნდა არანაირი აღმატება სხვა ქმნილებებზე, ადამიანს შეეძლო მისი განსჯა და სიტუაციებზე მორგება, ზოგჯერ საჭირო იყო მისი ფილოსოფიური გააზრება (ე.წ. ქალამი) და ა.შ. სუნიტური მრწამსის მიხედვით ყურანი ღმერთის მარადიული ატრიბუტია, იგი მისი სიტყვაა და არა ქმნილი, ამგვარად იგი დაცულია არასრულყოფილებისგან და არ არის უბრალო ქმნილება, საჭიროა მისი პატივისცემა და სხვა. დაიწყო სუნიტ სწავლულთა დევნა. ბევრი სუნიტი სწავლული ამფიბოლიურ პასუხს სცემდა, რათა გამომძიებლები ჩამოხსნოდნენ.[10]
იმამმა აჰმადმა უარი თქვა თუნდაც ამფიბოლიურად ეცნო მუ'თაზილიტთა ფილოსოფია და დაბეჯითებით უარყოფდა მას. ხალიფა ალ–მამუნის ბრძანებით, იგი დაატუსაღეს მუჰამმად იბნ ნუჰთან ერთად, თუმცა სახალხო მღელვარების შემდეგ გაათავისუფლეს. იგი ხალიფა ალ–მამუნმა პირადად დაიბარა, მაგრამ როგორც იმამ აჰმადის თანამედროვეები გვამცნობენ, იმამი მხურვალედ სთხოვდა ღმერთს, აეცილებინა მისთვის ეს შეხვედრა. მართლაც, მალევე 46 წლის ალ–მამუნი უეცრად გარდაიცვალა (მოიწამლა ინდისხურმით).[11]
ალ–მამუნის მემკვიდრის, ალ–მუ'თასიმის დროს იგი კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ იგი აგრძელებდა მუ'თაზილიტთა ფილოსოფიის უარყოფას. მის დასაყოლიებლად და დანარჩენი სუნიტების შესაშინებლად ალ–მუ'თასიმმა გადაწყიტა სამაგალითოდ დაესაჯა იგი – ბაღდადის მთავარ მოედანზე მან შეკრიბა სწავლულები, გადამწერები, სახელმწიფო მოხელეები და ა.შ., უბრძანა გამოეყვანათ იმამი აჰმადი და გაეშოლტათ მანამ, სანამ იგი მუ'თაზილიზმს არ აღიარებდა. საპყრობილიდან გამოყვანამდე იმამ აჰმადს მისი მოსწავლეები შეხვდნენ, მათგან ერთ–ერთმა, აბუ ბაქრ ალ–მარუზიმ, თხოვა მას ამფიბოლიისთვის მიემართა და უთხრა მას: – მასწავლებელო, ღმერთი ამბობს, ნუ მოიკლავთ თავს! [12]
იმამმა უპასუხა: „აბუ ბაქრ, გადი და ნახე რა ხდება მთავარ მოედანზე“. ალ–მარუზი წავიდა მთავარ მოედანზე და ნახა შეკრებილი სწავლულები, მათი მოსწავლეები, რომლებსაც კალმები და სამელნეები გამზადებული ჰქონდათ. ალ–მარუზიმ ჰკითხა მათ – რას ელოდებით აქ? შეკრებილებმა კი უპასუხეს – ჩვენ ველოდებით აჰმად იბნ ჰანბალს, რომ ჩავწეროთ მისი ნათქვამი. დაბრუნებისას ალ–მარუზიმ იმამს უამბო რაც გადახდა და იმამმა უთხრა – აბუ ბაქრ, რას მოვიგებ მე, თუ ამდენი ხალხი გზააბნევისთვის გავწირე?[13]
საპყრობილედან გამოყვანისას იმამ აჰმადს გზად შეხვდა ერთი პატიმარი, სახელად აბუ ლ–ჰაისამი, რომელიც ცნობილი ჯიბის ქურდი იყო. რადგან მისი ნაქურდალი მეოთხედ დინარს არ აღწევდა, ამიტომ მას ხელის მოკვეთის მაგიერ, გაშოლტვით სჯიდნენ. როცა მან გაიგო, თუ რაში იყო საქმე და ვინ იყო იმამი აჰმადი, იგი მივიდა, სამოსზე მოქაჩა იმამს და უთხრა – მიცნობთ მე? იმამმა უპასუხა რომ არ იცნობდა და მაშინ აბუ ლ–ჰაისამმა უთხრა:
– მე აბუ ლ–ჰაისამი ვარ. კარგად ცნობილი დამნაშავე და ჯიბის ქურდი. ჩემი სახელი სახალიფოს საშიშ დამნაშავეებს შორისაც წერია. სხვადასხვა დანაშაულისთვის ჩემთვის ათასობით შოლტი დაუკრავთ და მათ ვერ შემცვალეს, მე ეს ყველაფერი მოვითმინე ამ წარმავალი წუთისოფლის გამო, მაინც ვაგრძელებ ავკაცობას და დანაშაულს, თუმცა მცდარ გზაზე ვარ. ნუთუ შენ, რომელიც სწორ გზაზე ხარ, ვერ მოითმენ შოლტებს ღმერთისა და მისი რელიგიის გამო? ნუთუ ისინი შეგცვლიან შენ?
მოგვიანებით იმამი ყოველთვის იხსენებდა ამ სიტყვებს, რომელმაც მას სიმხნევე შეჰმატა ამ გამოცდის წინ.[14]
იმამი გაშოლტეს და ამ დროს მან რამდენიმეჯერ დაკარგა გონება. ბოლოს, როცა ცხადი გახდა რომ იმამი მუ'თაზილიტთა ფილოსოფიას არ აღიარებდა, იგი კვლავ სატუსაღოში დააბრუნეს და მალევე ჩუმად გაათავისუფლეს.
ალ–მუ'თასიმის მემკვიდრე, ალ–ვასიყი ასევე მუ'თაზილიტური იდეის ერთგული დარჩა, თუმცა რადგან მუ'თაზილიტთა მიმართ უკმაყოფილება ბაღდადში მატულობდა, იმამ აჰმადის დაპატიმრება აღარ უცდია, მაგრამ უბრძანა მას, ბაღდადიდან წასულიყო. იმამმა მართლაც დროებით დატოვა ბაღდადი, ვიდრე ალ–ვასიყი გარდაიცვლებოდა და ხალიფობას მისი ძმა, ალ–მუთავაქქილი მიიღებდა.
ალ–მუთავაქქილის ხალიფობისას მოვლენები პირიქით განვითარდა – მან მუ'თაზილიტები გაათავისუფლა იმ მნიშვნელოვანი თანამდებობებიდან, რაც მათ ეკავათ, ბაღდადიდან გააძევა მუ'თაზილიტთა ლიდერი იბნ აბი დუ'ადი, ამით მან დაასრულა მიჰნას პერიოდი.

ავადმყოფობა და გარდაცვალება

რედაქტირება

77 წლის ასაკში იმამი მძიმედ ავად გახდა, მას ძალიან უჭირდა სალოცავად ადგომაც კი და ლოცვას თავისი ვაჟების დახმარებით ახერხებდა. ჰიჯრით 241 წლის 12 რაბი' ალ–ავვალს, პარასკევს (31 ივლისი 855 წ.) იმამი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ამბავი მთელ ქალაქს ელვასავით მოედო და პარასკევის საკრებულო ლოცვიდან ხალხმა იმამ აჰმადის სახლს მიაშურა. მისი დაკრძალვისას, ჯანაზას ასი ათასობით ბაღდადელი ლოცულობდა.[15]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

იმამი აჰმადი ცნობილია, როგორც ჰანბალი მაზჰაბის ეპონიმი. მისი ნაშრომი – მუსნადი 30 ათასამდე ჰადისისგან შედგება, ასევე არსებობს მისი ნაშრომების სარწმუნოების სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ მის მთავარ დამსახურებად სწორედ მუ'თაზილიტთა წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია მიიჩნევა. მუსლიმი სწავლული, 'ალი იბნ ალ–მადინი ამბობდა: „უეჭველად, ღმერთმა განამტკიცა ჩვენი რელიგია აბუ ბაქრ ას–სიდდიყით რიდდას დროს და აჰმად იბნ ჰანბალით მიჰნას დროს“.

  1. 1.0 1.1 D. B. Ma. Aḥmad ibn Ḥanbal // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 1. — P. 430–431.
  2. Али-заде А. Ахмад ибн Ханбал // Исламский энциклопедический словарьМосква: Ансар, 2007.
  3. 3.0 3.1 3.2 Czech National Authority Database
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-05. ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-30. ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-11. ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  7. Ислам. Энциклопедический словарь. М.: «Наука», Главная редакция восточной литературы, 1991. — 315 с. — ISBN 5-02-016941-2 — Стр. 30-31.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  9. Кулиев Э. Р. ; Сладость веры [пер. с араб. А. С. Самедов]. – М. : Эжаев А. К., 2012. – 368 с. – ISBN 978-5-94824-155-5. Стр. 286
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  12. ბრძენი ყურანი, სურა ან–ნისა, IV, აია 29.
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-24. ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 05-03-2016. ციტირების თარიღი: 10-07-2014.
  15. http://www.islamhouse.com/68832/ru/ru/articles/Имам_Ахмад_ибн_Ханбал