შეიხი მანსური
მანსური (ნამდვილი სახელი — უშურმა; დ. 1760, ალდი, ჩეჩნეთი, — გ. 13 აპრილი, 1794, შლისებურგის ციხესიმაგრე) — ჩრდილოკავკასიელი მთიელების პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი, ჩეჩენი. 1780-იანი წლებში სათავეში ედგა ჩეჩნების და მთის სხვა ხალხების ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. გარდაიცვალა რუსების ტყვეობაში.
მანსური | |
---|---|
ჩეჩ. Мансур | |
დაბ. სახელი | უშურმა |
დაბადების თარიღი | 1760 |
დაბადების ადგილი | ალდი, ჩეჩნეთი |
გარდაცვალების თარიღი | 13 აპრილი, 1794 (33 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | შლისებურგის ციხესიმაგრე, რუსეთი |
მოქალაქეობა | ჩეჩნეთი |
ეროვნება | ჩეჩენი |
რელიგია | ისლამი |
საქმიანობა | შეიხი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააღზევება
რედაქტირებამანსურის თავდაპირველი სახელი უშურმა იყო. დაიბადა აულ ალდიში (ახლანდელი ქალაქ გროზნოს ნაწილი), ეკუთვნოდა ელისტანჟხოის ტაიპს. ერთი ვერსიით სასულიერო განათლება დაღესტანში მიიღო, სხვა ცნობებით გაუნათლებელი მწყემსი იყო. 1780-იანი წლების დასაწყისში ადგილობრივი მოლების ზეგავლენით შარიათის კანონების ქადაგება დაიწყო, ამასთანავე ცდილობდა მთის ტრადიციული წესების (ადათი) მნიშვნელობის დაკნინებას, სამართლიანი მუსულმანური სახელმწიფოს იდეის პოპულარიზაციას. ჩეჩნეთისა და დაღესტნის მთიელთა თემებში დიდი სახელი და გავლენა მოიხვეჭა. 1783 წელს ადგილობრივმა მუსულმანმა სასულიერო პირებმა შეიხად დაასახელეს და მანსურად (არაბულად „გამარჯვებული“) იწოდა. დაიწყო მოძრაობა მთიელთა გასაერთიანებლად „ცუდი“ მუსულმანებისა და „ურწმუნოების“ წინააღმდეგ, რაც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის იმპერიის ექსპანსიონიზმთან დაპირისპირებას ნიშნავდა. ხუნძეთის მმართველის ომარ-ხანის წაქეზებით და ოსმალეთის დახმარების იმედით მანსურმა დაიწყო რუსეთის და იმპერიის მიმართ ლოიალური ყაბარდოელი ფეოდალების წინააღმდეგ ლაშქრობის ღია სამზადისი.
ბრძოლა რუსეთთან
რედაქტირება1787 წლის მაისში, დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის გენერალ-ფელდმარშალმა გრიგოლ პოტიომკინმა მანსურის შესაპყრობად ჩეჩნეთში პოლკოვნიკ პიერის რაზმი გაგზავნა. რუსეთის ჯარმა დაიკავა და გადაწვა მანსურის მშობლიური აული ალდი, თუმცა შეიხის შეპყრობა ვერ შეძლო, ხოლო უკანა გზაზე, 26 ივნისს, მოხვდა ჩეჩნების ალყაში და თითქმის სრულად განადგურდა (მცირერიცხოვან გადარჩენილთა შორის იყო პოლკოვნიკ პიერის ორდინარი თავადი პეტრე ბაგრატიონი). ამ გამარჯვებამ მანსურის გავლენა კიდევ უფრო გაზარდა. ივლისში მან რუსების პოზიციებს შეუტია კავკასიის გამაგრებულ ხაზზე, ორჯერ სცადა ყიზლარის ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. ოქტომბერში მოზდოკთან მანსურის ჯარი დამარცხდა პოლკოვნიკ ნაგელის რაზმთან ბრძოლაში. შეიხის ავტორიტეტი მთიელთა შორის საგრძნობლად შეირყა, თუმცა 1786 წლის გაზაფხულზე მისი ქადაგებების ზეგავლენით ჩერქეზებმა მოაწყეს თავდასხმა მოზდოკის გამაგრებულ ხაზზე. 1787 წელს შეიხმა კიდევ რამდენიმე მარცხი განიცადა რუსებთან ბრძოლაში და იძულებული გახდა მდინარე ყუბანს მიღმა, ჩერქეზებთან გახიზნულიყო. მალე ურუფისა და ლაბას ნაპირებზე ბრძოლებში ის კვლავ დამარცხდა და რამდენიმე ერთგული მიმდევარის თანხლებით ოსმალთა შავიზღვისპირა ციხესიმაგრე ანაპაში გაიქცა.
რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომის დროს მანსური კვლავ ცდილობდა მთიელების დარაზმვას რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა მორიგი წარუმატებლობის შემდეგ ანაპაში დაბრუნდა. იქიდან ჰაჯის შესასრულებლად მექაში აპირებდა წასვლას, მაგრამ რუსეთის ჯარების მოახლოების გამო გამგზავრება ვერ შეძლო. გენერალ გუდოვიჩის მიერ ანაპის ალყის დროს შეიხი მანსური აქტიურად მონაწილეობდა ციხესიმაგრის დაცვაში. 1791 წლის 22 ივნისს რუსებმა ანაპა იერიშით აიღეს, მანსური დაატყვევეს და სანქტ-პეტერბურგში გაგზავნეს. იმპერატორ ეკატერინე II-ის ბრძანებით მისი საქმე სენატის „საიდუმლო ექსპედიციას“ გადაეცა. 1791 წლის შემოდგომაზე შეიხი, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მთიელი ხალხების წამქეზებელი და იმპერიის ინტერესებზე თავდასხმების ორგანიზატორი, შლისებურგის ციხეში გადაიყვანეს სამუდამო პატიმრობისთვის. გარდაიცვალა იქვე 1794 წელს. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში შემორჩენილია არაერთი თქმულება და გადმოცემა მანსურის შესახებ. მას თავის ერთ-ერთ წინამორბედად და მასწავლებლად თვლიდა XIX საუკუნეში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი იმამი შამილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Дубровин Н. Ф. История войны и владычества русских на Кавказе. СПб., 1886. Т. 2;
- Прозрителев Г. Н. Шейх Мансур. (Материалы для истории Кавказской войны). Ставрополь, 1912. Грозный, 1991;
- Скитский Б. В. Социальный характер движения имама Мансура // Известия Второго Северо-Кавказского педагогического института. Орджоникидзе, 1932. Т. 9;
- Смирнов Н. А. Шейх Мансур и его турецкие вдохновители // Вопросы истории. 1950. № 10;
- Смирнов Н. А. Мюридизм на Кавказе. М., 1963;
- Bennigsen A. Un mouvement populaire au Caucase du XVIII siécle // Cahiers du monde Russe et Soviétique. 1964. Vol. 5. № 2 (April – June);
- Ахмадов Ш. Б. Имам Мансур. Грозный, 1991;
- Потто В. А. Кавказская война. М., 2006. [Т. 1]: От древнейших времен до Ермолова; Мусаев А. Н. Шейх Мансур. М., 2007.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მანსური — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)