ავნევი
ავნევი[1] — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში, თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ავნევის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ავნევი, ძვილეთი).[2] მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონისა და მისი შენაკადის ტილიანის ნაპირზე. ზღვის დონიდან 820 მეტრი. დაბა ყორნისიდან 8 კილომეტრი.[3]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამოსახლო გორა, რომელიც შეიცავს ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის ფენებს. ეს მოწმობს, რომ აქ ადამიანი უწყვეტად ცხოვრობდა 5000 წლის განმავლობაში. ფეოდალურ ხანაში ადმინისტრაციულად შედიოდა დვანისწყლის ხეობაში (ახლანდელი ყორნისის ხეობა) და XVI საუკუნიდან ექვემდებარებოდა ზემო ქართლის სადროშოს. არაერთხელ აოხრებულა ოსმალებისა და ლეკი მოთარეშეების მიერ.[4] მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[5] რუსეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის (1801) შემდეგ შედიოდა გორის მაზრაში. 1926 წლის აღწერის მიხედვით, შედიოდა ცხინვალის რაიონის წუნარის სოფსაბჭოში.[4]
რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ავნევი სოფელ ნულთან ერთად ოსი სეპარატისტებისა და რუსული არმიის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. ომის შედეგად სოფელი პრაქტიკულად განადგურდა. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, მუგუთის თემში.
მოსახლეობა
რედაქტირება1804 წლისათვის ავნევში ცხოვრობდა 34 კომლი. ისინი ეკუთვნოდნენ ფავლენიშვილს, შამშე ერისთავს, მაჩაბელსა და ამილახორს.[6]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926 | 623 | ||
1989 | 1146 | ||
2002 | 1022 | ||
2015 [7] | 6 | 3 | 3 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ნაეკლესიარი. შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ ავნევში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას. სოფელში აღმოჩენილია სტილიზებული ბრინჯაოს ბალთა, რომელზეც ნადირობის სცენაა გამოსახული; მიეკუთვნება ახ. წ. I–II საუკუნეებს, ინახება ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.[8] აღსანიშნავია ჯვრის ფორმის დაბალგუმბათანი ეკლესია, რომელიც არქაული ფორმის მიუხედავად ძალიან ძველი არ უნდა იყოს. ამას მიუთითებს მის ფასადებზე დაბალი ოსტატობით შესრულებული რელიეფები.[9]
სოფელში რამდენიმე ნიშია: წმინდა გიორგი-გორაობა, შიოს ნიში, თევდორეს ნიში, ივანე მახარობლის ნიში და კერპის საყდარი. ეკლესიის მოპირდაპირედ არის გორა — ყვარის საყდარი; მის ნასახლარებში აღმოჩენილია ქვევრები და წითელი ფერის კერამიკა.[6]
სოფლის შუა ნაწილში მდებარეობს ციხე-გალავანი, რომლის უკანასკნელი მფლობელი იყო გვარად აბაშიძე. გალავანი ნაგებია რიყის ქვით. ოთხივე კუთხეში სამსართულიანი მრგვალი კოშკებია, სათოფურებითა და ქონგურებით.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.
სქოილო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
- ↑ მუნიციპალიტეტების რეესტრი
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 129.
- ↑ 4.0 4.1 გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 66.
- ↑ იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
- ↑ 6.0 6.1 6.2 გვასალია, 1989, გვ. 12
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года
- ↑ გვასალია, 1989, გვ. 8
- ↑ გვასალია, 1989, გვ. 11–12