ავნევის ღვთისმშობლის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ავნევის ეკლესია)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ავლევის ღვთისმშობლის ეკლესია.

ავნევის ღვთისმშობლის ეკლესიაშუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ავნევში. გეგმით ჯვრის ფორმისაა, ნაგებია ქვითკირით, მოპირკეთებულია თლილი ქვით. გუმბათი დაბალია. დასავლეთის მხრიდან მიდგმულ კარიბჭეში ჩაშენებულ ბარელიეფიან ქვაზე გამოსახულია ნათლისღება.[1] იგი დაბალი ხელოვნებითაა შესრულებული; სიუჟეტი ასეთია: მდინარეში ჩამდგარია ქრისტე, მის მარცხენა მხარეს დგას ანგელოზი ხელში სურით, ქრისტეს თავზე აზის მტრედი (სულიწმინდა), მარჯვნივ დგას იოანე და მას ნათელს სცემს, მის ფეხებთან სამი თევზია.[2] სამხრეთის კართან ჩაშენებულ მეორე ქვაზე გამოსახულია მამაკაცი ხელში ჯვრით, მარცხნივ — ადამიანის მკლავი ჯვრით და ფოთლოვანი ტოტით. ორივე ბარელიეფი ერთი სტილისაა, ერთი ოსტატის გაკეთებულია და ჩაშენებული უნდა იყოს ეკლესიის შეკეთების დროს — XVIII–XIX საუკუნეების მიჯნაზე.[1] XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესია შეუკეთებია ს. მარანელსა და დ. ჭიღლაძეს.[3] დაბალი ოსტატობით შესრულებული რელიეფები მიუთითებს, რომ იგი ძალიან ძველი არ უნდა იყოს.[4] ეკლესიის ირგვლივ მრავალი სამლოცველო და ნიშია.[1] სალოცავად და ღამის გასათევად მორწმუნეები მოდიოდნენ როგორც ახლო, ასევე შორეული სოფლებიდან.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 56.
  2. მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1963. — გვ. 31.
  3. 3.0 3.1 გოგოლაძე ვ., სოფელი ავნევი : ძველი და ახალი, ცხინვალი: „ირისთონი“, 1968. — გვ. 11–12.
  4. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 11–12, ISBN 5-520-00154-5.