ხეზე დაწერილი სვანური საბუთები
ხეზე დაწერილი სვანური საბუთები — განსხვავებული ფორმისა და ტიპის ხელნაწერები, რომლებიც აღმოჩენილია სვანეთში. საბუთები, ქართული დიპლომატიკის ორიგინალურ და მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოადგენენ. ამ ტიპის ხელნაწერთაგან დღეს, სულ ცნობილია 27, მათგან 5 ინახება სვანეთის მუზეუმში. ხელნაწერები წარმოადგენს საბუთებს, იმდროინდელი სვანეთის შესახებ.
ისტორია
რედაქტირებაზოგადად სვანური საბუთების კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს და მასში მონაწილეობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, მარი ბროსე, ვალერი სილოგავა და სხვა. თუმცა რას შეეხება უშუალოდ, ხეზე შექმნილ ხელნაწერებს - მხოლოდ XIX საუკუნეში აღმოჩნდა და ამ ტიპის პირველი ხელნაწერი აღმოაჩინა სამეგრელო-გურიის ეპისკოპოსმა გრიგოლმა, უფრო ზუსტად კი 1893 წელს გამოქვეყნდა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის გრიგოლის წიგნი „Поездка в Сванетию для обозрения Церквей“ [1]. აქ ავტორს აღწერილი აქვს სვანეთში მოგზაურობა 1887 წლის ზაფხულში. ეპისკოპოსი გრიგოლი თავის წიგნში, სხვა სიძველეებთან ერთად პირველად გვაწვდის ცნობას ხის გათლილ ჯოხებზე დაწერილი სვანური საბუთების შესახებ, რომლებიც მას ლაგურკაში უნახავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეპისკოპოს გრიგოლის ზემოთ აღნიშნული ცნობა არის ერთადერთი გამოქვეყნებული წყარო ხის გათლილ ჯოხებზე დაწერილი საბუთების არსებობის შესახებ. მართალია, თვით ასეთი სახის საბუთების არსებობა ცნობილი იყო ხელნაწერთა ინსტიტუტში და მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ნიმუშების მიხედვით, უფრო მეტიც, 5 ასეთი საბუთის ტექსტი 1941 წელს ჯერ კიდევ პავლე ინგოროყვამ გამოაქვეყნა, ხოლო ერთი საბუთის ტექსტი კი 1910 წელს შეისწავლა და 1937 წელს გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა, მაგრამ მისთვის უცნობი დარჩა, რომ ქაღალდზე გადაღებული ის ტექსტი, რომელიც მან ნახა „ცაგერში, მამა მარგიანის ხელში“, ხის ჯოხზე მოთავსებული საბუთის პირი იყო. აგრეთვე არც პავლე ინგოროყვას აქვს აღნიშნული, მათ შორის 1931 წლის ექსპედიციის დაბეჭდილ ანგარიშშიც, რომ მის მიერ გამოქვეყნებული და ზემო აღნიშნული ხუთი სვანური საბუთი ხის ჯოხზეა დაწერილი.
აღმოჩენა
რედაქტირება1972 წლამდე ცნობილი იყო ხის ნაჭრებზე დაწერილი საბუთების 7 ნიმუში. მათგან 5 ინახება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, ხოლო ორი (Qd-7975; Qd-7976) კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
1972 წლის 28 აგვისტოს ლაგურკაში , XI საუკუნით დათარიღებულ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში, საიდანაც იყო პირველი 7 ხელნაწერი, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სვანეთის კომპლექსური ექსპედიციის დროს კიდევ 20 ხის ნაჭერი აღმოჩნდა.
ექსპედიციის შემადგენლობა ასეთი იყო:
- მიხეილ ჩართოლანი (ხელმძღვანელი);
- რუსუდან ყენია (ხელმძღვანელის მოადგილე);
- მზია მაკალათია;
- ლამარა ბედუკიძე;
- შოთა ჩართოლანი;
- ვალერი სილოგავა.
აღნიშნული ხეზე დაწერილი 20 საბუთი აღმოჩენილ იქნა საკურთხევლის ნიშაში და საკურთხეველში დადგმული სკივრის ქვემოთ.
აქვე უნდა აღინიშნროს, რომ ზოგიერთი საბუთის ტექსტი სრული სახით არ არის შემონახული, რადგანაც ტექსტის დიდი ნაწილი გადაშლილია, დაზიანებულია და ფრაგმენტულად იკითხება. ამ ტიპის არის სულ სამი საბუთი, მათგან ერთი მესტიის მუზეუმის კოლექციიდანაა, ხოლო ორი კი 1972 წელს აღმოჩენილი მასალიდან.
სტრუქტურა
რედაქტირებასაბუთები ძირითადად დაწერილია შავი ფერის, ხოლო რამდენიმე საბუთი ბაცი ყავისფერი მელნითა შესრულებული არყის ხისა და ნაძვის გათლილ ჯოხებზე. საბუთებს ხელნაწერი წიგნების არშიებზე ან დაუწერელ გვერდებზე ათავასებდნენ, თუმცა როგორც ჩანს კალას თემში ისინი საგანგებოდ გათლილ ხის ნაჭრებზე იწერებოდა.
ხეზე დაწერილი საბუთებისთვის დამახასიათებელია ლაკონიზმი, შესაბამისად საბუთი მოკლეა, რაც ალბათ განპირობებულია აგრეთვე საწერი ფართობის სიმწირით.
ზოგადად წიგნის არშიებსა და ხის ნაჭრებზე ხელნაწერების გავრცელება სვანეთში XIV საუკუნიდან იწყება, თუ რა ხდებოდა მანამდე კი ჩვენთვის უცნობია.
დათარიღება
რედაქტირებასვანეთში აღმოჩენილი ხეზე დაწერილი საბუთები უთარიღოა, შესრულებულია მხედრულით, ვერ ხერხდება მათი დათარიღება ტექსტში არსებული რეალიების მიხედვითაც.
ამიტომ ერთადერთი გზა მისი დათარიღების არის პალეოგრაფიული ნიშნები. ზოგადად ამ ნიშნების მიხედვით კი საბუთები პროფ. ვალერი სილოგავას შეხედულებით - XIV-XV საუკუნეებს განეკუთვნება, რადგანაც მასში არის სწორედ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები:
- თავკომბალა ვ-ინი, რომლის ქვედა ტანი პირველ ხანებში სწორხაზობრივად ეშვება, ხოლო შემდგომ კი თანდათან მომრგვალდება ქვემოდან;
- ო-ნიც ჯერ კიდევ ატრიალებულია;
- პ-არი გადმოცემული სარკისებურად;
- ც-ანსა და ტ-არს საერთოდ არ ეტყობათ ნუსხური მოხაზულობის გადმონაშთები, როგორც ეს XIII საუკუნის საბუთებშია წარმოდგენილი.
საბუთების ტიპი
რედაქტირებააღნიშნული საბუთები წარმოადგენს სასისხლო სიგელებს, სადაც მოცემული არის ორ მხარეს შორის გარკვეული შეთანხმება. დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იყო დანაშაულის ფასი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სვანეთში ერიდებოდნენ მსგავსი შეთანხმებების დარღვევას, რადგან საკმაოდ მაღალი იყო დარღვევის შემთვევაში ფასი ანუ (ურვადი). ენგურის ხეობის სვანეთის მკვიდრთა ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ფიცს. ფიცის საშუალებით ზოგადად წესრიგდებოდა საზოგადოებრივი ურთიერთობები. ფიცის მნიშვნელობა სვანთა ტრადიციულ ყოფაში არა მხოლოდ ეთნოგრაფიულ მონაცემებით დასტურდება, არამედ მთელი შუა საუკუნეების იმ დოკუმენტითაც, რომლებიც სვანეთშია შედგენილი. ფიცი ეს ერთგვარ საშუალებას წარმოადგენდა იმისათვის, რათა სვანეთის მკვიდრთ არ დაერღვიათ საუკუნეების მიღმა ჩამოყალიბებული ტრადიციული ურთიერთობები, რომელიც ოდნავ მაინც ზიანს მიაყენებდა არა მარტო ტერიტორიულ თემს, არამედ მის თითოეულ წევრსაც კი.
ტექსტები
რედაქტირებახელნაწერი შესრულებულია ხის ნაჭერზე, ტექსტი არის მხედრული, დაცულია სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. ხის ნაჭრის ფორმა ოთხკუთხედი, ზომა: 27,8X2; საბუთის ბოლოს დამტკიცების ნიშნად დასმულია 3 ჯვარი. პალეოგრაფიული ნიშნის მიხედვით თარიღდება XIV-XV საუკუნეებით.
ამისნი მოწამენი: ლენაჩისა მთავარმოწამე; კაცთაგან ასრე: ჯინი აგვენიანი, მეჭურჭლენი ტაიბუღა კესონიანი, ივანე კესონიანი.მე, ივანეს გოშქოთელიანსა დამიწერია, მოწამეცა ვა ამა დაწერილისა.
კიდევ ერთ საინტერესო საბუთს წარმოადგენს - „დაწერილი სამართლის არ დაჭერის შესახებ“. ამ შინაარსის ხეზე დაწერილი საბუთი დაცულია სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. ხის ნაჭერი გათლილია ოთხკუთხად, ზომა 42X2.8-1-1,2. პალეოგრაფიული ნიშნის მიხედვით თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. გამოცემულია პავლე ინგოროყვას მიერ 1941 წელს.
ქ. წმიდისა კვ(ი)რ(ი)კეს პირობით კალა გაურ(ი)სხდეს, რომელმ(ა)ნცა კაცმ(ა)ნ სამართალი დაუჭირო[ს] [მ]ართლისა ფიცებულისა კაცისა გაჩენილ(ი). არა უხ[მს]! ეგრ(ე)ვე კალა მას გაურისხდეს.
ამისნი მოწმენი არიან წმიდაი კვირიკე კალისა.
მე ხუც(ე)სსა გახეჩანსა დამ(ი)წერია და (მ)ოწმეცა ვ(ა)რ. ვ(ი)ნცა შ(ე)შალოს შე-მცა-იშლების.
შინაარსი
რედაქტირებახეზე დაწერილი სვანური საბუთები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ იმდროინდელი სვანეთის საზოგადოება, მათი ურთიერთდამოკიდებულება. ძირითადად საბუთებში წარმოდგენილია ურთიერთობა სხვადასხვა გვარებს შორის და უნდა ითქვას, ასევე ისიც, რომ იმ პერიოდში სვანური საზოგადოება უკვე იყო სისტემატიზირებული და ჰქონდათ არა მხოლოდ ადათ-წესები, არამედ საკუთარი იურიდიული ფორმაც.
თანამედროვეობა
რედაქტირებადღეისათვის, სვანეთის მუზეუმის ხელნაწერების დარბაზში დამთვალიერებელს, ამ უნიკალური დოკუმენტების ხილვის საშუალება ეძლევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სილოგავა ვ. „ისტორიული საბუთები ლაგურკიდან“, მაცნე №3; 1973 წ.
- სილოგავა ვ. „სვანეთის წერილობითი ძეგლები“, ტ.I; 1986 წ.
- სილოგავა ვ. „სვანეთი ქართული კულტურის სავანე“, 2008 წ.
- სილოგავა ვ. „ქართული დიპლომატიკის საყურადღებო ძეგლები“, გაზ. „ახალი სვანეთი“, 23(V), 1970 წ.
- სილოგავა ვ. „ქართული დიპლომატიკის საყურადღებო ძეგლები“, გაზ. „ახალი სვანეთი“, 26(V), 1970 წ.
- Н.Я.Марр, „Грузинские приписки греческого Евангелия из Коридии“, „Известия Имп. Академии наук“ №4; 1911.
- ინგოროყვა პ. „სვანეთის საისტორიო ძეგლები“, ნაკვ. მეორე; თბ., 1941 წ.
- თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, 2010 წ.
- თოფჩიშვილი რ. „სვანეთი და სვანეთის მკვიდრნი“, 2015 წ.
- აღაპიშვილი თ. „სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (გზამკვლევი)“, 2012 წ.
- „სვანური სამართალი/თავისუფალი სვანი“, 2018 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Дадиани, Г. (Гурийско-Мингрельский епископ Григорий). Поездка в Сванетию для обозрения церквей. Поти, 1893.
- ↑ ვალერი სილოგავა ისტორიული საბუთები ლაგურკიდან
- ↑ ვალერი სილოგავა ისტორიული საბუთები ლაგურკიდან