ლაგურკა — შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კვირიკესა და ივლიტეს მონასტრის ეკლესია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხის მიდამოებში, მდ. ენგურის მარცხენა მხარეს, მაღალ მთაზე.[1].

წმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი — ლაგურკა

მოყვითალო ფერის შირიმით ნაგებ დარბაზულ ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები აქვთ. დასავლეთ მხარეს აღმართულია ორსართულიანი სამრეკლო. ინტერიერში ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდი დარბაზის ძირითადი სივრცისგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ცილინდრული კამარა ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. სიგრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი თაღით. სარკმლები გაჭრილია აფსიდსა და დასავლეთ კედელში. ინტერიერი მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ (1112) კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით (აღნიშნულია დასავლეთ კედლის წარწერის შემორჩენილ ფრაგმენტში).

მოხატულობის ლაკონიურ სქემაში გამოსახულებათა შერჩევა გარკვეულად ასახავს ადგილობრივ ტრადიეციებს. აქცენტირებულია კვირიკესა და ივლიტეს ფიგურები დასავლეთ კედელსა და კანკელზე. ხოლო მათი ცხოვრების სცენები (კვირიკეს სიკვდილი, ივლიტეს თავის კვეთა) გამოსახულია სამხრეთ კედლის თაღებში. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა. მისი განაწილება კედლებზე მკაცრად შეესატყვისება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას. გამოსახულებათა ექსპრესიით და ემოციური გამომხატველობით, სცენათა თემატიკური შინაარსის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართული მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ საერთოდ შუა საუკუნეთა მხატვრობაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია იმ მიმართულებისა, რომელმაც თავი იჩინა ხელოვნებაში XII საუკუნის II ნახევრიდან.

მიწისძვრის დროს დაზიანებული მხატვრობა, როგორც წარწერიდან ჩანს, მოგვიანებით ნაწილობრივ განუახლებია უბრალო ხელოსანს (ძირითადად საკურთხეველში). ლაგურკაში თავმოყრილია როგორც ადგილობრივი შექმნილი, ისე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი შუა საუკუნეთა ხელოვნების ძეგლები (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, მინანქრები და სხვა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვოლსკაია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 100.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 109, ISBN 978-99940-27-10-1.
  • Алидашвили Н. А., Алибегашвили Г. В., Вольская А. И., Росписи художника Тевдоре в Верхней Сванети, Тб., 1966;
  • Амиранашвили Ш. Я., История грузинской монументальной живописи, т. 1, Тб., 1957;