ურვადი
ურვადი, ურვათი — საქორწინო გადასახადი (საქონელი, ნივთი, ფული) საპატარძლოს მშობლებისათვის. ურვადის მოცულობა განისაზღვრებოდა ქალის ოჯახის ღირსებით. V საუკუნეში ქართლში ურვადის არსებობა ჩანს „შუშანიკის წამების“ მიხედვით. სამეგრელოში ეს ჩვეულება აღწერეს არქანჯელო ლამბერტიმ (XVII საუკუნე) და თ. სახოკიამ XIX საუკუნის ეთნოგრაფიული მონაცემებით, საქორწინო საურავის გადახდის წესი ნათლად გამოიკვეთა ხევსა და სვანეთში. სყიდვითი ქორწინების ჩვეულება პატრიარქალური საზოგადოების საწყის ეტაპზე აღმოცენდა და ბევრ ქვეყანაში (ძვ. შუამდინარეთი, ინდოეთი, გერმანია, რუსეთი, სომხეთი, ოსეთი) არსებობდა ისლამის მიმდევარ ხალხთა ყოფაში. ურვადის შესატყვისია ყალიმი. ტერმინი „ურვადი“ (ურვათი) ბოლო დრომდე მოხეურმა დიალექტმა შეინარჩუნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ითონიშვილი ვ., ქართველ მთიელთა საოჯახო უეთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960;
- ხარაძე რ., დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში, თბ., 1939;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 1, ტფ., 1928 (თხზ., ტ. 6, თბ., 1982)
- ითოონიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 173.