გოდერძის ნამარხი ტყე

(გადამისამართდა გვერდიდან ძინძეს ხეობის ნამარხი ტყე)

გოდერძის ნამარხი ტყე, გოდერძის ფლორამესამეული პერიოდის განამარხებული ფლორა საქართველოში, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების ქვაბლიანისა და აჭარისწყლის ზემო შემდინარეთა აუზებში, ზღვის დონიდან 1600–2100 მ სიმაღლეზე.[1] საერთო ფართობი 365 ჰა.[2]

გოდერძის ნამარხი ტყე
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა ადიგენის მუნიციპალიტეტი
ხულოს მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ზარზმა
კოორდინატები 41°38′39″ ჩ. გ. 42°30′22″ ა. გ. / 41.64417° ჩ. გ. 42.50611° ა. გ. / 41.64417; 42.50611
ფართობი 3,65 კმ²
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

მესამეულ პერიოდში მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ფერფლში ჩამარხა ტროპიკული ტყე. წარსულში აქ ტროპიკული ტყე ყოფილა გავრცელებული, წარმოდგენილი როგორც მარადმწვანე (პალმები, ქაფურის ხე, დაფნისებრი, მაგნოლიები, არაუკარია) ისე ფოთოლმცვენი (ლეღვი, ნეკერჩხალი, მუხა, ხეჭრელი, რცხილა, არყის ხე, ტირიფისებრნი, წიფლისებრნი) სახეობებით, ასევე ბუჩქნარებით, ლიანებით და გვიმრისნაირებით. რამდენიმე მილიონი წლის წინ, ჯერ კიდევ ადამიანის გაჩენამდე, ვულკანურმა ღვარმა და ფერფლმა გადაფარა აქ არსებული მძლავრი და სახეობრივად მრავალფეროვანი გაუვალი ტროპიკული ტყე.[3]

მესამეული ფლორის ნაშთები წარმოდგენილია ხის გაქვავებული ღეროებით, ტოტებით, ფოთლების ანაბეჭდებით. ზოგიერთ ხეს შენარჩუნებული აქვს ვერტიკალური მდებარეობა, წრიული ზრდის რგოლები. ამჟამად აქ დადგენილია 90-მდე სახეობის მცენარე. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და კარგად შესწავლილი ნამარხი ფლორა; სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან.[4] საქართველოს დაცული ტერიტორიების სიაში აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, გვ. 212
  2. 2.0 2.1 დაცული ტერიტორიების სააგენტო | გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი
  3. სამცხე-ჯავახეთი, ცნობარი, თბილისი, 2016, გვ. 74–76
  4. რამიშვილი ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 73–74.