ზარზმა
ზარზმა — სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზარზმის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზარზმა, უტყისუბანი).[1]
სოფელი | |
---|---|
ზარზმა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზარზმა |
კოორდინატები | 41°40′44″ ჩ. გ. 42°39′10″ ა. გ. / 41.67889° ჩ. გ. 42.65278° ა. გ. |
ფართობი | 2377 ჰა კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1300 მ |
მოსახლეობა | 321[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან — 38 კმ-ით.
ისტორია
რედაქტირებაზარზმა მდებარეობს ისტორიული სამცხის ქვაბლიანის თემში. პირველად იხსენიება ბასილი ზარზმელის თხზულება „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში”, რომლის მიხედვითაც მინიშნებამ და სასწაულებმა აიძულეს ბერები მონასტრის ასაშენებლად შეერჩიათ ერთი უდაბური, ტყიანი ადგილი. აქ აურჩევიათ შესაფერისი ბორცვი ეკლესიისათვის და მის აღმოსავლეთით — მშვენიერი წყარო. „ცხოვრების” ავტორის სიტყვით, მომხდარი სასწაულების შემსწრე ხალხს შიშის ზარი დაუფლებია, რის გამოც ამ ადგილისთვის ზარზმა დაურქმევიათ. ზარზმის მონასტრის დაარსების შემდეგ თანდათან მოშენებულა სოფელიც, რომლის სიახლოვეს აუგიათ ციხე-კოშკი. სოფელში ახლაცაა ზარზმელის „ცხორებაში” მოხსენიებული წყარო („თამარის წყარო“), რომელსაც შუა საუკუნეებში ამოუშენეს კედლები, გადახურეს და შეამკეს რელიეფური გამოსახულებებით.
მზეჭაბუკ ათაბაგმა 1500–1515 წლებში ზარზმის მონასტერი, მისი კუთვნილი სოფლებითა და აგარაკებით, აწყურის ტაძარს შესწირა. ოსმალეთის მიერ სამცხის დაპყრობის შემდეგ, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით, ზარზმა შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში. მაშინ იქ სოფელი უკვე აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეკლესიის მსახური ათი კომლია აღწერილი (აზარ მოსიასძე, მღვდელი საბია გუბელისძე, ივანე კაპანასძე, ტეტია მახარებლისძე, მღვდელი სიმონ ფირალასძე, სიმონ პაპასძე, ისაკა გიორგისძე და სხვ.). მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ცერცვი, ფეტვი, მუხუდო, სელის თესლი (ზეთისთვის) და ბოსტნეული; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი და იხდიდნენ გადასახადს 8 000 ახჩის ოდენობით. 1829 წელს ზარზმა სამცხესთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა.
1944 წელს ზარზმის მაჰმადიანი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს, მოგვიანებით კი სოფელში რაჭველები და აჭარლები ჩაასახლეს. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ადიგენის მეცხოველეობისა და მემცენარეობის მეურნეობა, შედიოდა მლაშეს სოფსაბჭოში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 394 | 190 | 204 |
2014[1] | 321 | 170 | 151 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 485.
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 312.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.