უშანგი ჩხეიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ჩხეიძე, უშანგი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხეიძე.

უშანგი ვიქტორის ძე ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1898, სოფ. ფუთი, ზესტაფონის რაიონი — გ. 1 დეკემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).

უშანგი ჩხეიძე

უშანგი ჩხეიძე ურიელ აკოსტას როლში, ქუთაისი 1929, ნახატი პეტრე ოცხელი
დაბადების სახელი უშანგი ჩხეიძე
დაბადების თარიღი 28 ნოემბერი, 1898
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი, 1953 (55 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ზესტაფონის კერძო სკოლაში. 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის „მათრახის პანაშვიდი“), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის „სინათლე“), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის „ლატავრა“), ფილი კულენი (ჯ. სინგის „გმირი“) და სხვა. 1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის „ჰამლეტი“) და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), ჯერ ქუთაისში (1928–1930), ხოლო 1930 წლიდან თბილისში. აქ კოტე მარჯანიშვილის დადგმებში (1928-1933) მაღალმხატვრულად შეასრულა შემდეგი როლები: კარლ ტომასი (ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ!“), ბეგლარი (კალაძის „როგორ“), ურიელ აკოსტა (გუცკოვის„ურიელ აკოსტა“), ყვარყვარე (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კვეჟენაძე (შ. დადიანის „კაკალ გულში“), გულბაათი (კ. კალაძის „ხატიჯე“), გრაფი ჩენჩი (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“), იაგო (შექსპირის „ოტელო“).

ჩხეიძე როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. ჩხეიძე თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. მისი პიესა „გიორგი სააკაძე“ იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე (ვ. ყუშიტაშვილის დადგმით 1940 და ვ. ტაბლიაშვილის დადგმით 1953). დაწერა წიგნები: „კ. მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი“ (1949), „მოგონებები და წერილები“ (1956). კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო („ქარიშხლის წინ“, 1925), რაიკომის მდივანი იულონი („ნარინჯის ველი“, 1937) და სხვა.

1999 წელს უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1933: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1935: საქართველოს სახალხო არტისტი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უშანგი ჩხეიძე, მოგონებები და წერილები, ხელოვნება, 1956
  • თევზაძე ა., უშანგი ჩხეიძე, თბ., 1955;
  • ჟღენტი ბ., უშანგი ჩხეიძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1979, № 5;
  • Гугушвили Э., Джанелидзе Д., Грузинский государственный драматический театр им. К. А. Марджанишвили, Тб., 1958;
  • ჯანელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 175-176.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 388, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება