ყირიმელი თათრები რუმინეთში
ყირიმელი თათრები ( რუმ. Tătarii crimeeni din România, ყირიმ. Romaniya Qırımtatarları ) — რუმინეთში მცხოვრები ერთ-ერთი ეროვნული უმცირესობა. თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე თურქული ტომები გამოჩნდნენ ჰუნებისა და ბულგარების შემოსევის შედეგად. მე-10 საუკუნიდან მოვიდნენ ყივჩაყები . დობრუჯაში ოქროს ურდოს შემოსევის შემდეგ აქ თათარი ხალხები დასახლდნენ. XIV-XV საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიამ ბუჯაკელ ნოღაელებს დობრუჯას კოლონიზაციის ნება დართო. 1593-1595 წლებში ბუჯაკელი თათრები დასახლდნენ დობრუჯაში. თუმცა, რუმინეთის თანამედროვე თათრების ჯგუფის ჩამოყალიბებას ყირიმელმა თათრებმა დაუდეს სათავე, რომლებიც დასახლდნენ ყირიმის რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ. რუმინეთში დასახლებული ყირიმელი თათრები ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავდებოდნენ მომთაბარე ნოღაის შთამომავლებისგან.[1]
ადრეული ისტორია
რედაქტირება1783 წელს ყირიმის რუსეთის იმპერიასთან ანექსიის შემდეგ, დაიწყო ყირიმელი თათრების ემიგრაცია ოსმალეთის სანაპირო პროვინცია დობრუჯაში (ამჟამად იყოფა რუმინეთსა და ბულგარეთს შორის). თათრები ძირითადად დასახლდნენ მეჯიდიეს, ბაბადაგის, კონსტანცის, ტულჩას, სილისტრას, ვარნას მიმდებარე რაიონებში. ასევე დააარსეს ცალკეული დასახლებები, რომელთა სახელები დაკავშირებული იყო მათ სამშობლოსთან, კერძოდ, შირინი, იაილა, აკმეჩიტი, იალტა, კეფე, ბეიბუჯაკი.
1783 წლიდან 1853 წლამდე ათიათასობით ყირიმელი თათარი და ნოღაელი ემიგრაციაში წავიდა რუსეს ოლქში, რომელიც ცნობილი გახდა "პატარა სათათრეთის"სახელით. რუსეთის მიერ ბუჯაკის დაპყრობის შემდეგ, 1812 წელს ამ ტერიტორიიდან ნოღაელებიც დობრუჯაში გადასახლდნენ. თათრები, რომლებიც დასახლდნენ დობრუჯაში კაბაილების ( ყირიმ. Kabail ) სახელით იყვნენ ცნობილები. მათგან ჩამოყალიბდა სულთან სელიმ III- ის ნიზამ-ი ჯედიდის (ახალი ორდენის) არმიის კაბაილ თათართა რაზმი, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მაჰმუდ II-ის მეჰმედ ალი ფაშასთან ბრძოლაში, მონაწილეობა მიიღეს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ქურთისტანსა და არაბულ პროვინციებში აჯანყებების ჩახშობაში. ყირიმის ომის დროს იბრძოდნენ ოსმალეთის იმპერიის მხარეზე.[2]
ყირიმელი თათრები ალბანელებთან ერთად მსახურობდნენ არარეგულარულ სამხედრო ნაწილებში (ბაში-ბაზუკებად), რომლებსაც ოსმალები დიდ პატივს სცემდნენ და სპეციალურ საგადასახადო შეღავათებს აძლევდნენ. თურქებმა დამატებით მიანიჭეს გარკვეული ავტონომია თათრებს, რომლებიც იმართებოდნენ საკუთარი კაიმაკამის — მირზა ხანის მიერ. გირეის დინასტია (1427-1878), რომელიც დობრუჯაში ჩამოყალიბდა, სარგებლობდა საერთო პატივისცემით. დობრუჯელი თათარი კარა ჰუსეინი პასუხისმგებელი იყო სულთან მაჰმუდ II-ის ბრძანებით იანიჩართა კორპუსის ლიკვიდაციაზე.[3]
1877-1878 წლებში 80-100 ათასი ყირიმელი თათარი ემიგრაციაში გადავიდა დობრუჯადან ანატოლიაში . განსახლება გაგრძელდა, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით, პირველ მსოფლიო ომამდე . ემიგრაციას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. 1883 წელს რუმინეთის მთავრობამ შემოიღო სავალდებულო სამხედრო სამსახური რუმინეთის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის თათრებისთვის, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ, ვინაიდანქრისტიანულ არმიაში მსახურება არ შეესაბამებოდა მათ მუსლიმურ ინტერესებს. ასევე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო 1899 წლის შიმშილი დობრუჯაში, 1880-1885 წლებში მიღებული მთელი რიგი კანონები თათრული და თურქული მიწების ჩამორთმევის შესახებ და ბალკანეთის ომები (1912-1913), რომელმაც გაანადგურა რეგიონი.[4]
მოვლენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
რედაქტირება1940 წელს სამხრეთ დობრუჯა შეუერთდა ბულგარეთს. თათრების რაოდენობა რუმინეთში შემცირდა. 1977 წელს ქვეყანაში 23000 თათარი იყო. XX საუკუნის 90-იან წლებში მათი რიცხვი დაახლოებით 40 ათასამდე გაიზარდა. 21-ე საუკუნის დასაწყისში მუსლიმ თათართა და თურქთა დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რუმინეთში დაახლოებით 50 000 თათარი ცხოვრობს, მოსახლეობის აღწერის მონაცემებს არასწორად მიიჩნევენ. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი თათარი თავს თურქად აიდენტიფიცირებს. იგივე პროცესები მიმდინარეობს ბულგარეთშიც.
1947-1957 წლებში რუმინეთში დაიწყო თათრული სკოლების ფუნქციონირება. 1955 წელს შეიქმნა სპეციალური ანბანი თათრული საზოგადოებისთვის. 1990 წელს შეიქმნა მუსლიმი თათრებისა და თურქების დემოკრატიული კავშირი. რუმინეთი პატივს სცემს თათარი უმცირესობის უფლებებს და არ ახორციელებს რომანიზაციის პოლიტიკას.[5][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Джемил Тасин. Татары Добруджи и Буджака // Золотоордынское обозрение. — 2013. — № 1. — С. 164—176. — ISSN 2308-152X.
- ↑ Klaus Roth, Asker Kartarı, (2017), Cultures of Crisis in Southeast Europe: Part 2: Crises Related to Natural Disasters, to Spaces and Places, and to Identities (19) (Ethnologia Balkanica), p. 223
- ↑ Тюрин А. М. Калмыки, караногайцы, кубанские ногайцы и крымские татары — геногеографический и геногенеалогический аспекты // Журнал фронтирных исследований. — 2017. — № 2 (6). — С. 7—29. დაარქივებულია 2 ოქტომბერი 2020
- ↑ Ismail H. A. Ziyaeddin; Ali Cafer Ahmet-Naci; Nida Ablez; Risa Iusein (2015). ALFABE. Constanța: Editura Imperium. p. 78. ISBN 978-606-93788-8-5.
- ↑ .After the Crimean War some 180,000 Nogay Tatars emigrated to Ottoman-ruled southern Bessarabia...; Encyclopedia of Ukraine
- ↑ The Nogay Tatar are part of a very small population of Tatar peoples living in Romania.; Bethany World Prayer Center