ვაშნარი

(გადამისამართდა გვერდიდან უჯერანი)

ვაშნარი, სპონიეთი — ადრეული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი გურიის მხარეში, სოფელ გურიანთის ახლოს. მისი ძლიერების პერიოდი V-VIII საუკუნეებით განისაზღვრება. ნიკო ბერძენიშვილის აზრით, ვაშნარი იყო შემდგომში ჩამოყალიბებული ფეოდალური ერთეულის, გურიის ცენტრი. ადრეფეოდალურ ხანაში ვაშნარი ეგრისის სამეფოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო.

მდებარეობა

რედაქტირება
 
ბაზილიკის ნანგრევი ვაშნარის ნაქალაქარიდან

ვაშნარი მდებარეობს მდინარეების სკურდუმის და საცივეს (ნატანების შენაკადი) შესართავში, გაშლილ ადგილას, შემაღლებულ ბაქანზე. სახელწოდება დაერქვა ვაშლის სიმრავლის გამო, ამიტომ ვაშლნარადაც მოიხსენიება. ვაშნარი სამი მხრიდან დაცული იყო ფლატენაპირიანი მდინარეებით, ხოლო აღმოსავლეთიდან გამაგრებული იყო ქვითკირის მტკიცე ორმაგი გალავნით.

დიმიტრი ბაქრაძის ვარაუდით ვაშნარი იყო ერთ-ერთი ბერძნული ახალშენი, რომლებიც ძვ. წ. VI საუკუნიდან მოფენილი იყო შავი ზღვის სანაპიროზე. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ძლიერების პერიოდი ისტორიკოს მკვლევართა მიერ V-VIII საუკუნეებით განისაზღვრება. ვაშნარმა VIII საუკუნეში შეწყვიტა არსებობა, სავარაუდოდ მურვან ყრუს შემოსევების შემდეგ.

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ვაშნარი ნაკაშიძეთა სამფლობელო და საზამთრო რეზიდენცია იყო.[1] XIX საუკუნეში გაჩნდა სამეცნიერო ინტერესი ვაშნარის მიმართ.

ვაშნარი პირველად მოინახულა და აღწერა დიუბუა დე მონპერემ 1833 წელს. ის ამ ადგილს შეცდომით უწოდებს უჯერანს. მან ის შეცდომით მიიჩნია ქალაქ პეტრას ნაშთად. მისი თქმით, მდინარეების სკურდუბისა და ნატანების შესართავთან, უნდა იყოს ძველად სახელგანთქმული და უდიდესი ქალაქი რომაელებისა პეტრა, ანუ გურულების „უჩინარი“.

 
„...გავჩერდით ამ მეთხუთმეტე კილომეტრზე (ზღვიდან ოზურგეთის გზაზე), სადაც მდ. სკურბედი მდ. ნატანებს ერთვის, დიდი ხნის წიფლების ქვეშ. ხავსმოკიდებული ნანგრევები ხეების უშველებელ ფესვებზედ ცნობისმოყვარეობას მიძრავს. თანახმად ამ ქვეყანაში დარჩენილ ზეპირგადმოცემისა, მე ვიდექი იქ, სადაც, დიდი ხნის წინეთ, შეიძლება 1000 წელიწადიც იყოს მას აქეთ, არსებობდა გურიის ერთი უდიდესი ქალაქთაგანი... აქ ყველგან სიმდიდრე იყო ჩაფლული, მაგრამ ვერავინ მიაგნო არც წინათ და არც შემდეგ. ამიტომ, იმავ ზეპირგადმოცემის თანახმად, „უჩინარი“ დაერქვა.[2]

ქალაქი „უჩინარი“, დიუბუას თქმით, რომელიც ემყარება ბერძენ მწერალ პროკოპიუსს, ძველადვე ცნობილი პეტრა იყოო. ბიზანტიის იმპერატორ იუსტიანე I დროს ბიზანტიელებს მოუკიდნიათ აქ ფეხი და დაუარსებიათ სიმაგრე. სპარსთა მეფის ხოსროს დროს ეს ქალაქი სპარსელთ დაიპყრეს. 532 წელს ქრისტეს შემდეგ სპარსელთა და რომაელთა შორის ზავი ჩამოვარდა და ისევ რომაელნი დაჰპატრონებიან. პეტრას ციხე-ქალაქს იმ თავითვე განსაკუთრებული ყურადღება ჰქონია მიქცეული ყველასაგან. 550 წელს პეტრა დანგრეულ იქნა. დიუბუას ნათქვამი ქალაქ პეტრას ადგილ-მდებარეობის შესახებ ბერძნების ისტორიკოსთა ნათქვამს არ ეთანხმება. დიუბუას მოსაზრების სიმცდარე დაადასტურეს მარი ბროსემ, დიმიტრი ბაქრაძემ და თედო სახოკიამ.

1841 წელს ვაშნართან გაიმართა ბრძოლა, რომელიც გურიის აჯანყების ნაწილი იყო და ამბოხებულთა გამარჯვებით დასრულდა. ვაშნარის მფლობელი გიორგი ნაკაშიძე პოლკოვნიკ ბრუსილოვთან ერთად გაიქცა ოზურგეთში. 1873 წელს ის მოინახულა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელმაც შეადგინა ციხე-ქალაქის გეგმა. თავადი დიმიტრი ნაკაშიძე, ვის საკუთრებასაც წარმოადგენდა ვაშნარი, იქვე დასახლდა და დაიწყო ხეხილის ბაღის გაშენებ, ტერიტორიის გაწმენდა, გათხრდა და შესწავლა.

1949 წელს ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აშენდა ჩაის ფაბრიკა და ფაბრიკის მუშათა საცხოვრებელი სახლები. სწორედ მაშინ აღმოჩნდა არქეოლოგიური ფენები. იმავე წელს წელს ვაშნარი შეისწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი). 1960-70-იან წლებში გაიწმინდა ნაქალაქარის მცირე მონაკვეთი.

ფაბრიკის მუშათა დასახლება ნაქალაქარის ტერიტორიაზე ახლაც მდებარეობს. 2009 წლის 30 ივლისს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმისა და საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი ექსპედიციის ინიციატივით გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ვაშნარის ნაქალაქარის აღდგენას მიეძღვნა.[3]

შენობები

რედაქტირება

ციხე ქალაქი (გარე და შიდა გალავანი) ნაგები იყო ქვითკირის თანაბარი წესიერი კვადრებით, აგრეთვე ნატეხი რიყის ქვით და გამაგრებული იყო კირხსნარით. შიდა ციხის გალავნის აღმოსავლეთ ნაწილი წახნაგოვანი ფორმისაა და შეიცავს 40 მეტრში ჩატანებულ კვადრატულ კოშკებს (8X8 მ). გალავანში გამოყენებული იყო გურიანთის ბაზალტი და დიდი ზომის კვადრატული აგური (45 X 45 სმ). კედელი შელესილი იყო დანაყილი აგურის ფხვნილით, რომლის მსგავსი გამოყენებულია უჯარმაში.

1870-იან წლებში ვაშნარის კედლების გეგმა და განლაგება კარგად იყო შემორჩენილი. დანგრეული იყო მხოლოდ სამხრეთ კედელი, რომელიც მცირე მდინარე საცივეს დაუნგრევია. შემონახული იყო კოშკებიც, რომელთა მხოლოდ ზედა ნაწილი იყო ჩამონაქცევი. შენობებს არ ეტყობოდა ცეცხლისა და ძალად დანგრევის კვალი.

მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია აღმოსავლეთის გალავნიდან თიხის მილებით შემოყვანილი წყალსადენი. იგი გაყვანილია ბაზილიკის სამხრეთი კედლის ქვეშ, მის გასწვრივ, რაც წყალსადენის დაზიანების აცილების საშუალებას იძლეოდა. წყალსადენი ორ ტოტად იყოფა, რომელთაგან ერთი მიემართება აბანოსკენ.

ბაზილიკა

რედაქტირება

განათხარ ნაგებობათა შორის მნიშვნელოვანია შიდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, გალავანის გასწვრივ აღმოჩენილი სამნავიანი ბაზილიკა. საკურთხევლის აფსიდა ხუთწახნაგოვანი იყო. საკურთხევლის იატაკი მარმარილოს ფილებით იყო მოპირკეთებული. შემორჩენილი იყო ქვის სვეტისთავები და სვეტისძირები. ჭერი დაყრდნობილი იყო სვეტებზე, რომლებსაც ჰქონდათ ორნამენტებით დამშვენებული თავები. ბაზილიკას სამი მხრიდან გარსშემოსავლელი დერეფანი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით სენაკი აქვს მიშენებული, ეკლესიის შესასვლელი კარიბჭე დასავლეთიდანაა გაჭრილი. ბაზილიკა კრამიტით ყოფილა დახურული. ბაზილიკის ცენტრალურ და სამხრეთ ნავში 4 აკლდამა, ხოლო სამხრეთ სენაკში ორი სამარხი იქნა დადასტურებული. ისინი წარჩინებულ პირთა სამარხებს წარმოადგენენ. ბაზილიკის კედლები ამოყვანილია ბაზალტის კვადრებისა და კვადრატული აგურის სარტყელების მონაცვლეობით და კირხსნარითაა ნალესი.

საკუთრივ ბაზილიკა V-VII საუკუნეებით თარიღდება. ვაშნარში ნავარაუდებია საეპისკოპოსო კათედრის არსებობა.[4]

მარტირიუმი

რედაქტირება

ბაზილიკის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთის გალავნის გასწვრივ გამოვლენილია ნაგებობა, რომელსაც ორი წყება კედელი აქვს. ზედხედში ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს კვადრატი კვადრატშია ჩასმული. უცნაური ხუთწახნაგოვანი შენობა, სადაც წყლის მილი მიემართება დე მონპერეს აზრით სპარსული ათეშგა იყო. დიმიტრი ბაქრაძის აზრით კი ეს იყო აბანო, სადაც აღმოსავლეთის მხრიდან ეშვებოდა ქვის კიბე, შიგნით კი ირგვლივ საჯდომები იყო მოწყობილი და ორივე მხარეს ბოლოვდებოდა ნახევარწრის ფორმის ორი განყოფილებით.

ნაგებობა ორსართულიანი ყოფილა, რომლის ქვედა სართული ღორღით ყოფილა ამოვსებული და თავისებურ კვარცხლბეკს წარმოადგენდა. მას ზემოდან ედგა ოთხ სენაკიანი მეორე სართული, სადაც სამარხებია თიხის სარკოფაგებში, აქვეა გამოვლენილი ბაზისები, იმპოსტები და რვა კორინთული ტიპის სვეტისთავი, რომლებიც შემკულია აკანთის ფოთლის და ბოლუტების (ხვიების) გამოსახულებით. შენობაში ამოთხარეს თეთრი მარმარილოს სვეტები, ამოღარული მარმარილოს ფილა, შენობა გარედან თლილი ქვით იყო მოპირკეთებული.

ნაგებობა, სავარაუდოდ, წარმოადგენდა „სამლოცველოს“. არის მოსაზრება, რომ ზემოხსენებული ნაგებობა წარმოადგენს სვეტებიან მავზოლეუმს, მარტირიუმს, მოწამის განსასვვენებელს, რომელიც ცნობილია ელინისტურ სამყაროში.

არქეოლოგიური მასალა

რედაქტირება

ვაშნარის ნანგრევებში ნაპოვნია სხვადასხვა ზომისა და ფორმის კერამიკულ ნაკეთობათა ნამტვრევები, ყურიანი და უყურო შუშის ნაკეთობათა ნაშთები, სახურავი აგურის ფილები, რკინისა და ბრინჯაოს ჟანგმოდებული ნივთები.

აქვე მოპოვებულია ბერძნულწარწერიანი ქვა, რომელიც აღმოჩენილია 1949 წელს. მოთეთრო კირქვის ქვის ერთი მხარე საგანგებოდაა დამუშავებული და ზედ გამოყვანილია ჩაჭრილი მთავრული წარწერა. შემორჩენილია ცხრა სტრიქონის ფრაგმენტები, ქვედა მარჯვენა გვერდი. უკანა და ქვედა მხარეები კარგადაა დამუშავებული, მარცხენა გვერდი — არა. წარწერიდან ირკვევა, რომ იმ ბაზილიკური ტიპის ეკლესიას, რომლის საძირკველშიცაა ეს ქვა მოპოვებული, ჰქონდა სანათლავი და საქალებო. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა VI-VII სს თარიღდება. ქვა დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვ. ლექვინაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 332.
  • „მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 63
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 358-359.
  • გობეჯიშვილი, გ., „არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში“ გვ. 154-156 — 1952 წ.
  • ბაქრაძე, დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 231-233.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 15268
  1. სოსელია, ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 166.
  2. Dubois de Monpereux: „Voyage autor du Caucase“, III, გვ. 87.
  3. ტელეკომპანია „გურია“
  4. სიხარულიძე ი., „ვაშნარი — გურიის უძველესი პოლიტიკური ცენტრი“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1963, № 39.