ტარიელ ფუტკარაძე

ქართველი ენათმეცნიერი

ტარიელ ფუტკარაძე (დ. 9 მაისი, 1960, ტომაშეთი — გ. 2 იანვარი, 2021, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ბათუმის პრეფექტი (1991), საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი 2011-2021 წლებში.

ტარიელ ფუტკარაძე
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1960
ტომაშეთი, შუახევის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 2021 (60 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტიპენდიატი. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო (სახელის ფორმაწარმოების თავისებურებანი ქართული ენის სამხრეთ-დასავლურ კილოებში (აჭარული, გურული, იმერხეული, სამცხურ-ჯავახური), ხოლო 1998 წელს სადოქტორო დისერტაცია (თანამედროვე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა).

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად (1987 წ.); ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ქართული ენის კათედრის გამგედ (1990 წ.); 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. 1991 წლის მარტში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა ქალაქ ბათუმის პრეფექტად; საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებიდან მალევე, აჭარაში, ქედის, შუახევისა და ხულოს პრეფექტურებთან არსებულმა საკრებულოებმა ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივას თანადგომა გამოუცხადეს და აჭარის ადგილობრივი ხელმძღვანელობის გვერდის ავლით, თბილისში, საქართველოს უზენაეს საბჭოს წარუდგინეს ამ რაიონთა საკრებულოების გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით. ამ მომენტში, ფაქტობრივად, ერთმანეთს დაუპირისპირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე და ქ. ბათუმის პრეფექტი ტარიელ ფუტკარაძე. ტარიელ ფუტკარაძე ზვიად გამსახურდიას სთხოვა, გადაეყენებინა ასლან აბაშიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში მოსალოდნელი იყო სისხლისღვრა. პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე თავი შეიკავა აბაშიძის გადაყენებისაგან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა არ გადააყენა ასლან აბაშიძე, რის გამოც ტარიელ ფუტკარაძე გადადგა პრეფექტობიდან.

1991 წლის 9 აპრილს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

1991-1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. კანონიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობის შენარჩუნების მიზნით უარს ამბობდა სადეპუტატო პენსიაზე.

სამეცნიერო მუშაობა

რედაქტირება

1992 წელს აკად. თედო უთურგაიძისა და აკად. ქეთევან ლომთათიძის წარდგინებითა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით რექტორმა აკად. მაგალი თოდუამ დანიშნა უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარააში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში; 1995 წლიდან არის დიალექტოლოგთა, ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის „ქუთაისური საუბრები“ ორგანიზატორი; 1996 წლიდან მისი რედაქტორობით გამოდის სამეცნიერო ჟურნალი „ქართველური მემკვიდრეობა“. 1999-2001 წლებში უშვებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთს „ქუჯი“; 1998-2004 წლებში კი სამეცნიერო-პოპულარულ გაზეთს“ „ქართული!“.

1996 წელს ქუთაისში დააფუძნა „საქართველოს სახელმწიფო ენის საბჭო“. 1999 წლის აპრილში აირჩიეს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად. 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიენიჭა პროფესორის წოდება. 1998-2006 წლებში მისი მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტით დაფინანსებული არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტი „ქართული დიალექტოლოგიური ტექსტების კორპუსი დიალექტოლოგიური ფრაზეოლოგიითურთ“ (1997-1998 წწ.); ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო პროექტი „არმაზი“ (სვანური და მეგრული გამოქვეყნებული ტექსტები — ელექტრონულ მონაცემთა ბაზა) (2000-2002 წწ.); თანამოაზრეებთან ერთად 2001 წელს დააფუძნა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი „ქართველთა (ქართველური) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე“; 2004 წელს — „იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი“; 2004 წელს — „საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაცია“.

2005-2006 წლებში განხორციელდა მის მიერ მომზადებული ორი სამაგისტრო პროგრამა: „ქართული სამწიგნობრო ენა“ (ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) და „ქართველური ენათმეცნიერება“ (ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში). 2006 წლის აგვისტოდან კონკურსის წესით აირჩიეს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტის სრულ პროფესორად.

2011 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; ამავე უნივერსიტეტში სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ჟურნალ „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემების“ მთავარი რედაქტორი. იყო ენათმეცნიერული ხასიათის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები) და 300-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სადოქტორო დისერტაცია.

გარდაიცვალა 2021 წლის 2 იანვარს, კორონა პანდემიის შედაგად, თბილისში. დაკრძალულია მახათას მთაზე არსებულ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება