მარგარეტ ბეფორტი (ინგლ. Margaret Beaufort; დ. 31 მაისი, 1443, ბედფორდშირი, ინგლისი — გ. 29 ივნისი, 1509, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი არისტოკრატი. ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის დედა და ჰენრი VIII-ის ბებია.

მარგარეტ ბეფორტი
წოდებები
ინგლისის დედა-დედოფალი
სუფოლკის ჰერცოგინია
რიჩმონდის ლედი
დერბის ლედი
დაიბადა 31 მაისი, 1443
ბედფორდშირი, ინგლისი
გარდაიცვალა 29 ივნისი, 1509, (66 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საგვარეულო ბეფორტები
მეუღლე(ები) 1. ჯონ დე ლა პოლი, სუფილკის ჰერცოგი
(ქ. 1450 - განქ. 1453)
2. ედმუნდ ტიუდორი, რიჩმონდის ერლი
(ქ. 1455 - გარდ. 1456)
3. სირ ჰენრი სტაფორდი
(ქ. 1458 - გარდ. 1471)
4. თომას სტენლი, დერბის ერლი
(ქ. 1472 - 1504)
შვილ(ებ)ი ჰენრი VII, ინგლისის მეფე
მამა ჯონ ბეფორტი, სომერსეტის ჰერცოგი
დედა მარგარეტ ბეშამპი
რელიგია კათოლიციზმი

იგი ვარდების ომის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომლის დამსახურებითაც გამეფდნენ ქვეყანაში ტიუდორები. იგი სულ ოთხჯერ გათხოვდა, თუმცა შვილი მხოლოდ მეორე ქმრისგან ჰყავდა. ოქსოფრდის უნივერსიტეტში მის პატივსაცემად არსებობს „ლედი მარგარეტის კოლიდორი“.

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

მარგარეტ ბეფორტი დაიბადა 1443 წლის 31 მაისს ბედფორდშირში. იგი იყო სომერსეტის ჰერცოგ ჯონ ბეფორტისა და მისი მეუღლის, ლედი მარგარეტ ბეშამპის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მამის მხრიდან იგი ინგლისის მეფე ედუარდ III-ისა და დედოფალ ფილიპა ენოელის პირდაპირი შთამომავალი იყო.

ქორწინებები რედაქტირება

მისი დაბადებიდან მალევე, 1444 წელს გარდაიცვალა მამამისი, რის გამოც დედამისი მესამედ დაქორწინდა უელესის ბარონ ლაიონელზე, რომელთანაც კიდევ ერთი ვაჟი გააჩინა. იმავე წელს მარგარეტი დანიშნეს სუფოლკის ჰერცოგ ჯონ დე ლა პოლზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 1450 წლის 18 აგვისტოს მათ ქორწინებაზე თანხმობა თავად რომის პაპმა გასცა, რის შემდეგაც მარგარეტი და ჯონი იმავე წელს დაქორწინდნენ. თავად მარგარეტს ეს ქორწინება არასოდეს უღიარებია და ჯონთან სარეცელიც არ გაუყვია, რის გამოც 1453 წელს ისინი განქორწინდნენ.

 
მარგარეტ ბეფორტი ლოცვისას.

სულ მალე მარგარეტს თავად ინგლისის მეფე ჰენრი VI-მ შესთავაზა თავის რომელიმე ნახევარ-ძმაზე: ჯასპერზე ან ედმუნდზე დაქორწინება. 1455 წელს მარგარეტ ბეფორტი ედმუნდ ტიუდორზე, რიჩმონდის ერლზე დაქორწინდა. როგორც შემდგომში მარგარეტის ანდერძიდან ვიგებთ, იგი ედმუნდს თავის პირველ მეუღლედ მოიხსენიებს.

ქორწინებისას მარგარეტი 12 წლის იყო, ხოლო ედმუნდი 24-ის. ასევე აღსანიშნავია, რომ ედმუნდი მეფე ჰენრის დედის, დედოფალ კატრინ დე ვალუასა და მისი მეორე ქმრის, ოუენ ტიუდორის ვაჟი იყო. მათი შეუღლებიდან მალევე დაიწყო ვარდების ომიც, სადაც ლანკასტერების დინასტიას მეფე ჰენრი VI-ის მეთაურობით დაუპირისპირდნენ იორკთა დინასტიის წარმომადგენლები. ამ ბრძოლაში მარგარეტიცა და ედმუნდიც ჰენრის მიემხრნენ.

1456 წლის 3 ნოემბერს ედმუნდ ტიუდორი იორკებთან ბრძოლაში მოკლეს, რა დროსაც მარგარეტ ბეფორტი ფეხმძიმედ იყო. მან თავი პემბროკის ციხესიმაგრეს შეაფარა, სადაც 1457 წლის 28 იანვარს გააჩინა ვაჟი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ჰენრი დაარქვა. თავისი ვაჟის მემკვიდრეობისა და უფლებების დასაცავად მარგარეტი იძულებული გახდა მესამედ დაქორწინებულიყო.

1458 წლის 3 იანვარს მარგარეტი ცოლად გაჰყვა ბუკინგემის ჰერცოგ ჰამფრეი სტაფორდის ვაჟს, სირ ჰენრი სტაფორდს. მარგარეტს სტაფორდთან ხანგრძლივი და ჰარმონიული ქორწინება ჰქონდა, რასაც კარგად იყენებდა ვარდების ომში თავისი ინტერესების დასაცავად. მათ ქორწინებაში შვილები არ ჰყოლიათ.

1461 წელს ედუარდ IV იორკელმა ჩამოაგდო მეფე ჰენრი VI და თავი ინგლისის მეფედ გამოაცხადა, რაც მარგარეტისათვის ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა. იგი გამოექომაგა ლანკასტერებს, რის პასუხადაც ედუარდმა მის ვაჟს რიჩმონდის ერლობაც და მამისეული ციხესიმაგრეებიც ჩამოართვა.

1470 წელს მარგარეტი და მისი ქმარი დაეხმარნენ დედოფალ მარგარიტა ანჟუელს ჯარების შეკრებასა და ედუარდ IV-ის ჩამოგდებაში, რის შემდეგაც დროებით ტახტზე კვლავ დაბრუნდა ჰენრი VI, თუმცა 1471 წელს იგი ედუარდმა კვლავ ჩამოაგდო, ოღონდ ამ ჯერზე მეფე ჰენრის უკვე თავი მოჰკვეთა. იმავე წლის 4 ოქტომბერს, ბარნეტის ბრძოლაში დაიღუპა სირ ჰენრი სტაფორდიც, რითაც 28 წლის მარგარეტი კვლავ დაქვრივდა.

მეოთხე ქორწინება და ტახტისათვის ბრძოლა რედაქტირება

 
მარგარეტის ერთადერთი ვაჟი, მეფე ჰენრი VII და დედოფალი ელისაბედ იორკელი

სულ მალე, 1472 წლის ივნისში მარგარეტი მეოთხედ და საბოლოოდ დაქორწინდა დერბის ერლ თომას სტენლიზე, რომელთან ერთადაც იგი სამეფო კარზე გადავიდა და იქ დაიწყო ინტრიგების ხლართვა. ვინაიდან ლანკასტერების დინასტიის მამაკაცებიდან აღარავინ იყო ცოცხალი, მარგარეტმა, როგორც ედუარდ III-ის შთამომავალმა, თავისი ვაჟის, ჰენრი ტიუდორის სახელით განაცხადა ტახტზე პრეტენზია და განაახლა ვარდების ომი. თავდაპირველად იგი მეფე-დედოფალს თავს მეგობრად და მოკავშირედ აჩვენებდათ, მეტიც მან დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილის სეფექალობაც მიიღო და მოგვიანებით მისი შვილების აღზრდითაც იყო დაკავებული.

1483 წელს ედუარდ IV გარდაიცვალა, რითაც სიტუაცია ძალიან აირია. ტახტი მცირეწლოვანმა ედუარდ V-მ დაიკავა, რომელიც თავის ძმასთან ერთად ედუარდ IV-ის ძმამ, რიჩარდ III-მ გამოკეტა ლონდონის ტაუერში და შემდეგ ჩუმად დახოცათ ისინი, რითაც თავად გახდა ინგლისის მეფე. ეს ინგლისელებმა ერთხმად გააპროტესტეს, რასაც ისიც დაერთო, რომ რიჩარდის ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა. მალევე მარგარეტმა კავშირი შეკრა ქვრივ-დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილთან და შეთანხმდნენ, რომ რიჩარდს დაამხობდნენ და ტახტზე მარგარეტის ვაჟს დასვამდნენ, რომელიც ცოლად ელიზაბეთის უფროს ქალიშვილს შეირთავდა.

1485 წელს ბოსვორტსის ბრძოლაში ჰენრი ტიუდორმა მოკლა რიჩარდ III და თავი ინგლისის მეფედ გამოაცხადა ჰენრი VII-ის სახელით. ამრიგად, მარგარეტი ინგლისის დედა-დედოფალი გახდა, რითაც დიდი ძალაუფლება მოიპოვა. შეთანხმების თანახმად, ჰენრი VII-მ ელიზაბეთ ვუდვილისა და ედუარდ IV-ის უფროსი ქალიშვილი, ელისაბედ იორკელი შეირთო ცოლად, რითაც ტიუდორების მხარეს გადავიდნენ იორკთა მომხრეებიც.

დედა-დედოფლობა და გარდაცვალება რედაქტირება

 
მარგარეტ ბეფორტის საფლავი

როგორც დედა-დედოფალი, მარგარეტ ბეფორტი მეტად ტემპერამენტიანი და მბრძანებლური იყო. აღსანიშნავია, რომ იგი ფანატიკოსი კათოლიკე იყო, რის გამოც სამეფო კარს ამის გავლენა ეტყობოდა. სწორედ მისი გავლენით იზრდებოდა მისი შვილიშვილი ჰენრი (შემდგომში მეფე ჰენრი VIII) სასულიერო განათლებით. ცნობილია, რომ მას არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის რძალთან, დედოფალ ელისაბედთან, რომლისგანაც იგი მკაცრი პროტოკოლისა და კათოლიკური წესების ზუსტ დაცვას მოითხოვდა.

1502 წელს მისი შვილიშვილი არტური დააქორწინეს ესპანელ პრინცესა კატალინა არაგონელზე, რომელიც ასევე ღრმად მოწრმუნე კათოლიკე იყო, რის გამოც მარგარეტი მასთან მალევე დაახლოვდა. მალევე არტური გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰენრი გახდა, რომელმაც ცოლად თავისი ძმის ქვრივი, კატალინა შეირთო.

1503 წელს დედოფალი ელისაბედ იორკელი მშობიარობას გადაჰყვა, რის შემდეგაც მარგარეტის გავლენები სამეფო კარზე კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა მასზე საშინლად იმოქმედა 1509 წლის აპრილში მისი ვაჟის, ჰენრი VII-ის გარდაცვალებამ. მართალია იგი მოესწრო ჰენრი VIII-ის გამეფებასაც, თუმცა შვილის დაღუპვიდან სულ ორ თვეში, 1509 წლის 29 ივნისს ლედი მარგარეტ ბეფორტი გარდაიცვალა, 66 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Philippa Gregory; David Baldwin; Michael Jones (2011). The Women of the Cousins' War. London: Simon & Schuster.
  • Amin, Nathen (2017). The House of Beaufort: The Bastard Line that Captured the Crown. Stroud: Amberley Publishing. ISBN 9781445647654.
  • de Lisle, Leanda Tudor: The Family Story (1437–1603) published by Chatto & by Public Affairs 2013
  • Krug, Rebecca. Reading families: women's literate practice in late medieval England Cornell University Press, 2002 ISBN 0-8014-3924-8
  • Norton, Elizabeth; Margaret Beaufort: Mother of the Tudor Dynasty, Amberley Publishing, 2010 ISBN 978-1-4456-0142-7
  • Collinson, Patrick; Rex, Richard; Stanton, Graham (2003), Lady Margaret Beaufort and Her Professors of Divinity at Cambridge: 1502 to 1649, Cambridge University Press, ISBN 0521533104
  • Jones, Michael K.; Underwood, Malcolm G. (1993), The King's Mother: Lady Margaret Beaufort, Countess of Richmond and Derby, Cambridge University Press, ISBN 0521447941
  • Harris, Barbara J. (1990). "Women and Politics in Early Tudor England". The Historical Journal. 33 (2): 269. JSTOR 2639457.
  • Ronald H. Fritze; William Baxter Robison (2002). Historical dictionary of late medieval England, 1272–1485. Greenwood Publishing Group. p. 77. ISBN 978-0-313-29124-1. Retrieved 5 April 2013.
  • Elizabeth Norton (1 June 2012). Margaret Beaufort: Mother of the Tudor Dynasty. Amberley Publishing Limited. pp. 35–. ISBN 978-1-4456-0734-4.