სვიმეონ მესვეტე უმცროსი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სვიმეონ მესვეტე უმცროსი}} |
სვიმეონ მესვეტე უმცროსი, იგივე სვიმეონ საკვირველთმოქმედი — არქიმანდრიტი (521–597) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. დაიბადა ანტიოქიაში. წმინდა სვიმეონმა გააგრძელა მესვეტეობის ის ასკეტური ღვაწლი, რასაც მისმა წინამორბედმა, ასევე სვიმეონმა დაუდო სათავე. მის ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია 24 მაისს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშავს.
სვიმეონ მესვეტე უმცროსი | |
---|---|
დაიბადა |
521 ანტიოქია (თანამედროვე ანთაქია, ჰათაის პროვინცია, თურქეთი) |
გარდაიცვალა |
24 მაისი, 596 ან 597 ანტიოქია |
ხსენების დღე | 24 მაისი |
მოღვაწეობა | ბერი |
დაბადება და პირველი წლები
რედაქტირებასვიმეონის მამა — იოანე, წარმოშობით ედესელი იყო, რომელიც სიჭაბუკის ასაკში მშობლებმა ანტიოქიაში წაიყვანეს საცხოვრებლად, სადაც ნელსაცხებლებისა და საკმეველის დამზადებით ირჩენდნენ თავს. მათვე შერთეს მას ამავე ქალაქის მკვიდრი მართა, რომელიც თავიდან ამის წინააღმდეგი იყო, რადგან ქალწულებრივ ცხოვრების გზაზე სურდა დადგომა. როგორც კი შეიტყო, რომ გათხოვებას უპირებდნენ, მაშინათვე იოანე ნათლისმცმლის ტაძარში გაიქცა, რომელის ქალაქის შესასვლელთან მდებარეობდა და ტირილით შესთხოვა წმინდანს, ეუწყებინა მისთვის, როგორ უნდა მოქცეულიყო. მხოლოდ ამის შემდეგ დაეთანხმა იგი მშობლების სურვილს[1].
იოანე და მართა მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, მეუღლის სათნო ცხოვრებამ იოანეზეც მოახდინა გავლენა, რადგან ისიც უბიწო და ღვთისმსახური ადამიანი იყო. მართა სულ უფრო და უფრო ხშირად დადიოდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში და წმინდანს შესთხოვდა, რომ ეოხა მას მისთვის ღვთის წინაშე, რათა მისცემოდა მას ძე სადიდებლად უფლისა. ამ თხოვნით იგი მთელი დღეები იმყოფებოდა ტაძარში, საკვებად მხოლოდ პურსა და მარილს იყენებდა, სასმელად კი წყალს, ძილით კი იქვე, დამჯდარს ეძინა მცირე ხნით. ერთ ღამესაც მას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და უთხრა, რომ შეწირული იყო მისი ლოცვა, და ნიშნად ამისა ხელთ საკმეველი მისცა. ჩვენებით გაკვირვებულ მართას გამოეღვიძა და აღმოაჩნა, რომ ხელში საკმეველი ეკავა. გახარებული წამოდგა და ღმერთს მადლობა შესწირა, მერე კი წმინდანის მიერ მიცემული საკმეველი აკმია, რომელმაც ისეთი კეთილსურნელება გამოსცა, რომ ყველას უკვირდა. რამდენიმე დღის შემდეგ მართას კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა, რომ შობდა ძეს, რომლისათვის სახელი სვიმეონი უნდა დაერქმია. უთხრა, რომ როცა წამოიზრდებოდა, ყრმას ხორცი და ღვინო არ უნდა მიეღო, არამედ პურით, თაფლითა და მარილით გამოკვებილიყო, სასმელად კი წყალი ჰქონოდა, და რომ როცა ყრმას ორი წელი შეუსრულდებოდა, მაშინ მოენათლათ[2].
გახარებული მართა სახლში გაიქცა და ქმარს მოუყვა ყველაფერი. ცოტა ხანში მათ მართლაც შეეძინათ შვილი, რომელსაც, წმინდანის უწყებისამებრ, სვიმეონი დაარქვეს. ორი წლის შემდეგ, როდესაც სვიმეონი მონათლეს, შვიდი დღის განმავლობაში ასეთ სიტყვებს იმეორებდა: „მყავს მე დედა და არ მყავს მე დედა, მყავს მე მამა და არ მყავს მე მამა“, თითქოს ამ სიტყვებით მასწავებდა, რომ მომავალში ის უარს იტყოდა ყოველივე ამქვეყნიურზე და სათნოებათა სისრულემდე აღიწეოდა.[3]
მიწისძვრა ანტიოქიაში და მამის გარდაცვალება
რედაქტირებაროდესაც სვიმეონს ხუთი წელი შეუსრულდა, ანტიოქიაში დიდი მიწისძვრა მოხდა, მრავალი სახლი დაინგრა და მოსახლე დაიღუპა, მათ შორის წმინდანის მამაც, რომელიც მათი სახლის ნანგრევებში მოყვა. ამ დროს სვიმეონი დედასთან ერთად სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა. არეულობაში დედა-შვილმა ერთმანეთი დაკარგა. ბავშვი ერთმა მორწმუნე ქალმა იპოვა და დროებით თავისთან ერთად მთაში გახიზნა. დედა შვილს შვიდი დღის განმავლობაში ეძებდა, ეგონა, რომ ისიც მიწისძვრის დროს დაიღუპა, მაგრამ მას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და შვილს ადგილმდებარეობა აუწყა. შვილის პოვნით გახარებულ დედას, კეთილისმყოფელი ქალბატონი გაკვირვებით უყვებოდა, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე ყრმამ სხვა საზრდელი არაფრით არ მიიღო გარდა პურისა და წყლისა, ისიც მხოლოდ ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში.
მაცხოვრის პირველი გამოცხადება
რედაქტირებაერთ დღეს, როდესაც ყრმა იმ ადგილას იმყოფებოდა, რომელსაც „ქერობინი“ ეწოდებოდა, ანგელოზთა დასთა და წმინდანებთან ერთად უფალი, იესო ქრისტე გამოეცხადა, უჩვენა მას საშინელი სამსჯავროს დღე და უთხრა: „ისმინე, ყრმაო, და გულისხმა-ყავ საცხოვნებელი სიტყვა, და ამ ჩვენების ხილვითა და მასზე ფიქრით უფლისთვის სათნო და მართალი ცხოვრება მოიპოვე, და იცოდე, რომ აღდგომა ჭეშმარიტად მოხდება და არა მოჩვენებით, და უფლის სუფევით წმინდათათვის სიხარულია განმზადებული და სამარადისო სასუფეველი აყვავებულია დაუსრულებელი ნაყოფით, ხოლო სხვათათვის საუკუნო ცეცხლია აღგზებული; მაშ, შეურაცხ-ყავ ბოროტი და გამოირჩიე კეთილი, რათა აირიდო ამგვარი სატანჯველი და საუკუნო სიკეთეებს მიემთხვიო, რომლებიც ღვთისმოყვარეებისათვისაა განმზადებული“. ამ ჩვენების შემდეგ ყრმას უფრო განუმტკიცდა ღვთის შიში და აღივსო ღვთიური სიბრძნით.
სვიმეონის „ტიბერიანის“ მონასტერში მისვლა და მოღვაწეობის დასაწყისი
რედაქტირებამაცხოვრის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში სვიმეონს თეთრსამოსიანი, საოცარი სახის მქონე მამაკაცი გამოეცხადა და უკან გაყოლა სთხოვა. მამაკაცმა ის ქალაქ სელევკიის მახლობელ ადგილას მიიყვანა. სვიმეონი რამდენიმე დღე დარჩა ამ უდაბნოში გარეულ ცხოველებთან ერთად. საკვებს ის უცნობი მამაკაცი აწვდიდა, რომელმაც ამ ადგილას მოიყვანა, თან კი მოძღვრავდა და ასწავლიდა.
გარკვეული დროის შემდეგ, უცნობის მითითებით, სვიმეონი მთის მწვერვალზე ავიდა და პატარა მონასტერი ნახა, რომლის წინამძღვარ იოანესაც წინასწარ ეუწყა მისი მოსვლის შესახებ. როდესაც ნეტარი სვიმეონი მონასტერში მივიდა, ძმები გაოცდნენ, რადგან მათ წინაშე პატარა ბიჭი იდგა, რომელსაც ჯერ ექვსი წელიც კი არ შესრულებოდა. მონასტრის წინამძღვარი ყრმის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მოსული სწორედ ის იყო, ვვის შესახებაც მას წინასწარ ეუწყა. გახარებულმა სტუმარი გულში ჩაიკრა და ღმერთს მადლობა შესწირა წყალობისათვის.
ბიჭი მეტად ლამაზი იყო, ნათელი გამოხედვა ჰქონდა და ყველას სიხარულით აღავსებდა. მეტად სიტყვაძუნწი იყო და მკაცრად მარხულობდა. ცოტა ხანში მან წინამძღვარს სვეტზე ასვლის ნებართვა სთხოვა. ღირსი იოანეს კურთხევით მონასტრის ძმებმა შორიახლოს ახალი სვეტი ააგეს. ახლად ბერად აღკვეცილი სვიმეონი სულიერად სწრაფად იზრდებოდა და მალე გაასწრო ტავის გამოცდილ მოძღვარს. განსაკუთრებული ღვთისმოშიშებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის წმინდანმა ღვთისაგან კურნების ნიჭი მიიღო. ამის შემდეგ სვიმეონმა უფრო მაღალ სვეტზე ასვლა გადაწყვიტა. სანამ ახალ სვეტზე ავიდოდა, მას დიაკვნად დაასხეს ხელი. სვიმეონი ორმოც საფეხურიან სვეტზე ავიდა, სადაც რვა წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
წინამძღვარ იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა სვიმეონმა ასეთი ცხოვრების წესი დაუდგინა საკუთარ თავს: მზის ამოსვლიდან მეცხრე ჟამამდე (დღის 3 საათი) ლოცულობდა, შემდეგ მზის ჩასვლამდე კითხულობდა წიგნებს და წერდა. ღამეს ლოცვაში ათევდა, მცირეოდენი შესვენების შემდეგ კი კვლავ იწყებდა ლოცვას.[4]
საკვირველ მთაზე გადასვლა
რედაქტირება„ტიბერიანის“ მონასტერში მრავალწლიანი უმკაცრესი მოღვაწეობისა და წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სვიმეონის სახელი მთელს ქვეყანაზე განითქვა და უამრავი ადამიანი მოაწყდა მის სამყოფელს, რომელთაც მრავალგვარი შფოთი შემოჰქონდათ მონასტერში, სვიმეონმა მოციქულის სიტყვები გაიხსენა – „ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელი ვიპოვო“, და საღმრთო შთაგონებით თავისი სამყოფელის მიტოვება და იქვე, ახლოს მდებარე მაღალ მთაზე ასვლა გადაწყვიტა, რომელიც ძალზე უდაბური და უწყლო იყო.
როდესაც წმინდანი ამ ყველაფერს გონებაში განიზრახავდა, გამოეცხადა მას მაცხოვარი ანგელოზთა დასთან ერთად და უთხრა: „ისწრაფე, სვიმეონ, და ნუ ეშიშვი ამ საკვირველ მთაზე ამოსვლას, რადგან ამიერიდან ჩემს სახლად იწოდოს იგი, რადგან განვწმინდე მე ის, და უფრო და უმეტესად განვადიდო სახელი შენი მასზე და მე ვიყო შენთან“. როდესაც უფალი სვიმეონს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, უჩვენა მას კლდე, რომელზეც უნდა დამდგარიყო. ამის შემდეგ სვიმეონმა ძმებს მოუწოდა და ჩვენების შესახებ მოუთხრო, მათგან ერთ-ერთი სათნოებებით გამორჩეული ძმა წინამძღვრად დაადგინა და მთელი მონასტრის მთელი კრებული დალოცა. ამის შემდეგ წმინდანი თავისი სვეტიდან ჩამოვიდა და ღვთისაგან ნაუწყებ მთისაკენ წავიდა. როდესაც მთის წვერს მიუახლობდა, ვირიდან ჩამოვიდა, მუხლი მოიდრიკა და ილოცა, და იხილა მან დიდება ღმრთისა ამ მთის თავზე, რომელიც მზესავით ბრწყინავდა. მიხვდა სვიმეონი, რომ ეს ის ადგილი იყო, რომელიც უფალმა მიუთითა. სიხარულით მივიდა იქ და დაემკვიდრა ზედ. ამ დროს წმინდანს ოცი წელი უსრულდებოდა.
მონასტრის მშენებლობა
რედაქტირებაგავიდა ხანი და ხალხმა შეიტყო სვიმეონის ახალი სამყოფელის შესახებ. უკვე საკვირველ მთას მოაწყდა მორწმუნეთა და კურნების მთხოვნელთა დიდი ნაკადი. შეწუხდა წმინდანი, ნახა, რომ ვერც აქ მიემთხვეოდა მყუდროდ ცხოვრებას, მაგრამ შეეწყალა მასთან მისულნი და კვლავ ჩვეულებრივად განაგრძო მათი მიღება და კურნება. მიუხედავად ამისა, მოსულები დიდ გასაჭირში იყვნენ, რადგან ადგილი ძალზე მკაცრი იყო. წმინდანს უფალი გამოეცხადა და უთხრა, რომ მოსულთა საჭიროებისა და ნუგეშისათვის მონასტერი უნდა აეშენებინა. ამ სიტყვების შემდეგ კი იხილა უფლის ანგელოზი, რომელიც მიწას ზომავდა და სამონასტრე ადგილს ინიშნავდა, მის შიგნით კი ეკლესიისათვის უთითებდა ადგილს. წმინდანი მიხვდა, რომ ამ ადგილას დიდი მონასტერი აშენდებოდა და ღმერთი ადიდა, შემდეგ კი თავის მოწაფეებს მოუწოდა და ანგელოზისგან მიღებული ჩვენების მიხედვით საძირკველის გათხრა დაავალა.
ღირსი სვიმეონის გარდაცვალება და მისი ანდერძი
რედაქტირებაწმინდა სვიმეონს სამოცდათხუთმეტი წელი რომ შეუსრულდა, იგრძნო, რომ მალე წარდგებოდა უფლის წინაშე. თავისი სულიერი შვილები იხმო და დიდხანს მოძღვრავდა: „გაქუნდეს სიმტკიცე და ჰყოთ სასოებაჲ თქუენი უფლისა მიმართ სრულიად. იგულეთ უკუე აწ საყუარელნო და დაიმარხენით მცნებანი ჩემნი. ეძიებდით სიწმიდესა და მშჳდობასა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი, და უფროჲს ხოლო იყოფვოდინ სიყუარული თქუენ შორის. მოიჴსენეთ ვითარ იგი ეტყოდა უფალი მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ „ამით უწყოდიან ყოველთა ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ უკუეთუ იყუარებოდეთ ურთიერთას“. ხოლო მე ვითარცა იგი მოციქული იტყჳს: „აჰა ესერა შევიწირვი და ჟამი მოქცევისა ჩემისაჲ მოახლებულ არს“, რამეთუ უფალი მეჩუენა მე და მაუწყა განსლვაჲ ჩემი ამიერ სოფლით“. ამ სიტყვების თქმიდან ათი დღის შემდეგ, როდესაც სამწუხრო ლოცვის შემდეგ მოწაფეები კვლავ მასთან შეიკრიბნენ, წმინდანმა ღმერთს მადლობა შესწირა ყველაფრისათვის და სიტყვების — „ჴელთა შენთა უფალო შევჰვედრებ სულსა ჩემსა“ — თქმის შემდეგ სული უფალს მიაბარა. ღირსი სვიმეონი 596 წლის 24 მაისს აღესრულა.
სვიმეონ მესვეტე უმცროსი და ქართველები
რედაქტირებათავისი უმკაცრესი ღვაწლის გამო ღმერთმა წმინდანს კურნებისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიჰმადლა, რის გამოც მისი სამყოფელი მუდამ სავსე იყო სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური სენით შეპყრობილი ადამიანებით, რომელთაც სვიმეონი ღვთის შეწევნით ჰკურნავდა. მისი სახელი იმდენად განითქვა, რომ მასთან შორეული ქვეყნებიდანაც კი ჩადიოდნენ დასამოწაფებლად თუ კურნების მისაღებად. მათ შორის ქართველებიც. ქართველების შესახებ ცნობა ეპიზოდური სახით რამდენიმე ადგილას თვით წმინდანის ცხოვრებაშიცაა ასახული:
- "ერთ დღეს სვიმეონს ხილვა ჰქონდა – იხილა მან ერი მრავალრიცხოვანი, ქალები, კაცები და ბავშვები, რომელთაც ხელში ჯვრები ეჭირათ და აღმოსავლეთიდან მოდიოდნენ ლიტანიით და ლოცვით, რომელსაც ღმერთს შესწირავდნენ, სული წმიდა იყო მათთან და იფარავდა მათ გზაზე. როდესაც ისინი საკვირველ მთას მოუახლოვდნენ, სულიწმიდამ ჰკითხა სვიმეონს: "იცი, ვინ არიან, რომლებიც შენთან მოვიდნენ? ეს ქართველთა ტომია, რომელთაც უყვარხარ შენ ჩემი სახელის გამო. დაე, იარონ შენთან დიდი სარწმუნოებით და საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდნენ იმ ნიჭებში, რაც შენთვისაა მომადლებული კაცთა საკურნებელად და იქადაგონ შენი სახელი მათ ქვეყანაში და ყველას სარწმუნოებაში განამტკიცებდნენ, ზოგიერთი მათგანი კი შენს მონასტერში დაემკვიდროს და იყვნენ ისინი მორმწუნე და კეთილად–მსახურნი". ამ ხილვიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მოვიდა დიდი სიმრავლე ქართველებისა ლიტანიით, ხელში კი ჯვრები ეჭირათ. წმინდანმა მრავალი მათგანი განკურნა ეშმაკის გვემულებისა და სხვადასხვაგვარი ენისაგან. ზოგიერთმა მათგანმა, როდესაც მისი საკვირველების ძალა იხილეს, ვედრება დაუწყეს, ნება დაერთოთ მათთვის, მონასტერში დარჩენილიყვნენ. წმინდანმა სცნა, რომ ღვთისთვის სათნო იყო ეს, და როგორც სულიწმიდამ აუწყა, დაუბრკოლებლივ აღუსრულა მათ თხოვნა, და ისინიც, სათნო მოქალაქობით შემკულნი, მასთან იყვნენ ვიდრე აღსრულემაბდე.
- ერთი ქართველი მღვდელი მივიდა წმინდა სვიმეონთან და დიდი სარწმუნოებით ევედრა მას, რათა მისი თმის ღერი მიეცა მისთვის ევლოგიად და მფრაველად. წმინდანმაც, გულისხმაყო რა მისი დიდი სარწმუნოება, მისცა მას სათხოვარი. ხოლო მან წაიღო თმა და წავიდა თავის ქვეყანაში და როდესაც სამშობლოში ჩავიდა, საკუთარი სოფლის მახლობლად, უკაცრიელ ადგილას, პატარა შენობა ააგო, ჯვარი გააკეთა და წმინდანის თმა მასში ჩააბრძანა; და ყველა, ვინც ჯვართან სარწმუნოებით მიდიდოდა, კურნებას ღებულობდა სხვადასხვა სენისაგან. მაგრამ ეშმაკი, რომელსაც მუდამ შურს კაცთა ნათესავის, აქაც შურმა შეიპყრო და დააბეზღა მღვდელი და მის წინააღმდეგ გარშემო სოფლების მღვდელთმსახურნი აღძრა, რადგან ხალხს, ვინც კურნებას ღებულობდა, შესაწირავი მიჰქონდა მასთან. ამბავი ეპისკოპოსამდე მივიდა, რომელსაც უთხრას, რომ სასწაულები მღვდელის ჯადოქრობით აღესრულებოდა. როგორც კი ეს ესმა მღვდელთმთავარს, განრისხდა მასზე და მაშინათვე მღვდლობისგან განაყენა, ხოლო ყველაფერი ის, რაც მღვდელს წმინდის მადლით შეეკრიბა, ჩამოართვა და რისხვით შეუთვალა, რომ მომლოცველები აღარავინ მიეღო. მღვდელი მოთმინებით იმყოფოებოდა ამ ადგილას და ვერავის მიღებას ვერ ბედავდა, რის გამოც ძალზედ მწუხარე იყო და წმინდა სვიმეონს ლოცვით შეწევნას სთხოვდა. და როდესაც ის ასე იმყოფებოდა, ბოროტმა ეშმაკმა დასცა ეპისკოპოსი და დიდი ტკივილებით იტანჯებოდა; როდესაც მიხვდა, თუ რატომ აემართა ასე, მივიდა მღვდელთან ღამით და ევედრებოდა ისიც განეკურნა, როგორც სხვები. მანაც მას ცხოველსმყოფელი ჯვარი უჩვენა და წმინდა სვიმეონის შესახებ მოუყვა, და უთხრა, თუ რა ევლოგია იყო ჩებრძანებული ჯვარში. მაშინ სარწმუნოებით და ცრემლით ევედრა ეპისკოპოსი წმინდანს განკურნებას და წმინდანმაც შეისმინა მისი. მღვდელს ყველაფერი უკან დაუბრუნეს. ეპისკოპოსმა კი ხალხი აკურთხა, როგორც ადრე, კვლავ ეარათ მასთან. იმ დროს სპარსელები მოვიდნენ იმ ადგილებში და მღვდელი დააბეზღეს, რომ მასთან ქრისტანები დადიან და სარწმუნოებით შესაწირავს სწირავენ. მოვიდა ორი სპარსი და უნდოდათ, ეკვტერიდან ჭურჭელი წაეღოთ. როდესაც მღვდელმა ისინი შორიდან დაინახა მისკენ მომავალნი, შეეშინდა და ხევში დაიმალა, რომელიც ეკვტერის ირგვლივ იყო, და ცდილობდა გაეგო, თუ რა ხდებოდა შიგნით და ელოდებოდა მათ წასვლას. ასე გაატარა მთელი დღე. როდესაც ვერაფრით შეიტყო, თუ რა ხდებოდა შიგნით, იფიქრა, რომ გამორჩა მათი წასვლა და ეკვდერში შევიდა, სადაც ასეთი სანახაობა დახვდა: ორივე სპარსი მკვდარი ეგდო ცხველსმყოფელი ჯვარის წინაშე, მათ გვერდზე კი ჩირაღდანი ენთო, რომელიც უწმინდურებმა კენდელისაგან აანთეს, რათა ეს ადგილი დაეწვათ. ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ მღვდელმა მოგვითხრა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ჩამოვიდა წმინდანთან, და ყველას, ვისაც ეს ამბავი ესმა, ღმერთი ადიდეს, რომელიც ყოველ ადგილას ადიდებს მის მადიდებლებს."
- ერთმა ქართველმა მკის დროს ბევრი ღვინო დალია და კალოზე ღრმა ძილით მიეძინა. ამ დროს გველი აძვრა მის სხეულზე, და როდესაც მძინარემ პირი გააღო, გველი ღვინის სუნს მიყვა და პირში შეუძვრა. კაცმა მაშინათვე გაიღვიძა, მაგრამ გველი უკვე მის მუცელში იყო. რის გამოც ძლიერი ტკივილები დაეწყო. ამგვარი გასაჭირით მივიდა იგი წმინდა სვიმეონთან და ცრემლით ევედრებოდა მას ლოცვით ეთხოვა ღვთისაგან შეწევნა მისთვის. სვიმეონს შეებრალა მოსული, თავისი კვერთხით ჯვარი დასახა მუცელზე და მონასტრიდან გარეთ გასვლა უბრძანა. გამოსვლისთანავე "დააგდო გუელი იგი ცოცხალი" და განიკურნა კაცი. ყველა, ვინც ამ საკვირველებას ხედევდა, ღმერთს ადიდებდა.
წმინდა სვიმეონის დედის, მართას ცხოვრებიდან ასევე ცნობილია ანტონი ხუცესი, იგივე აბბა ანტონი ქართველი, რომელზეც იმდენად დიდი გავლენა მოახდინა სვიმეონის ცხოვრებამ და ღვაწლმა, რომ წმინდანთან მისული, უკან აღარ დაბრუნდა და მისი მოწაფე გახდა. წლების შემდგომ ანტონი ქართველს წმინდანის კურთხევით სელევკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.[5]
სვიმეონ მესვეტე უმცროსი და საქართველოში მოღვაწე ცამეტი ასურელი მამა
რედაქტირებადამატ. იხ.ასურელი მამები
სვიმეონ მესვეტე უმცროსი საქართველოსთან სხვა მხრივაც არის დაკავშირებული. ქართული საეკლესიო ტრადიციით, ასურელმა მამებმა - იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა საქართველოში გამომგზავრების წინ, სწორედ ღირსი სვიმეონისგან აიღეს ლოცვა-კურთხევა. წმინდანებს შორის სულიერი ურთიერთობა არც საქართველოში გამომგზავრების შემდეგ გაწყვეტილა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა სვიმეონს ღმრთისაგან წინასწარ ეუწყა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამას - აბიბოსის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რომელიც ნეკრესელ ეპისკოპოსად იყო გამორჩეული, და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა.ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი.[6]
სვიმეონ საკვირველთმოქმედის გამოსახულებები ქართულ იკონოგრაფიულ ტრადიციაში
რედაქტირებასვიმეონ საკვირველმოქმედი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში, რისი დასტურიც ქართულ ეკლესია-მონასტრებში ფართოდ გავრცელებული მისი იკონოგრაფიული და რელიეფური გამოსახულებებია.
საქართველოში სამი იკონოგრაფიული ვერსიაა დადასტურებული სვიმეონ საკვირველმოქმედის გამოსახვისა:
ა) მაკურთხებელი მარჯვენითა და წიგნით ხელში. ბ) ორანტის პოზაში, ხელებით მკერდთან. გ) ხელებგანპყრობილი, რომლითაც ჯვარცმულ მაცხოვარს ემსგავსება (ოშკი).
რელიეფები სვიმონ მესვეტის გამოსახულებით:
- ოშკი (X ს.) დასავლეთის შესასვლელის თავზე, ოშკი (XI ს.) სამხრეთის ქტაგონი წმ. სვიმეონის ამაღლება (ალადაშვილი 1977: 78).
- ზედაზნის კანკელი (XI ს.) (შმერლინგი 1976: 99).
- შიომღვიმის კანკელი (XI ს.) (ვოლსკაია 1957: 89).
- ლაღამის ჭედური ხატი (XI ს.) (ჩუბინაშვილი 1940).
სვიმეონ მესვეტის გამოსახულებანი მონუმენტური კედლის მხატვრობაში:
- დავით გარეჯის, [ატენის სიონი|ატენის]] (XI ს.) ორივე სვიმეონ მესვეტე,
- ზემო კრიხი (რაჭა) XI ს. ორივე სვიმეონ მესვეტე სარკმლის ჭრილში,
- უბისა (XIII-XV სს.) ორივე სვიმეონ მესვეტე სამხრეთის შესასვლელის ორივე მხარეს,
- ვარძია (XII ს.) ორივე მესვეტე, სამხრეთ შესასვლელის სარკმელი,
- ორი მესვეტის გამოსახულება გელათში და ა.შ.[7]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები ; ნაწ. I, ტფ., 1918.
- ასურულ-ქართული ურთიერთობის ისტორიიდან VI საუკუნეში (ანტონი ქართველი და სვიმეონ მესვეტე), ვახტანგ გოილაძე
- "წმინდანთა ცხოვრება",Iტ, თბილისი, 2005 წ
- „ესე არს ნათესავი ქართველთაჲ“ (ასურელი მამების „ცხოვრებათა“ სახისმეტყველების პარადიგმები), ლია წერეთელი[მკვდარი ბმული]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ნაწ. 1, კიმენი, ტექსტები "ტიტუსის" მონაცემთა ბაზიდან
- ასურულ-ქართული ურთიერთობის ისტორიიდან VI საუკუნეში (ანტონი ქართველი და სვიმეონ მესვეტე), ვახტანგ გოილაძე
- სვიმეონ მესვეტე უმცროსის მონასტრის თანამედროვე ნაშთის სურათები
- შავი მთა[მკვდარი ბმული]
- შავი მთის სამწიგნობრო კერა
- დამანა მელიქიშვილი, შავი მთიდან გელათამდე, (შავი მთის ქართული მთარგმნელობითი სკოლის ძირითადი პრინციპები)
- „ესე არს ნათესავი ქართველთაჲ“ (ასურელი მამების „ცხოვრებათა“ სახისმეტყველების პარადიგმები), ლია წერეთელი[მკვდარი ბმული]
- ასურელი მამების შესახებ, ივანე ჯავახიშვილი[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები ; ნაწ. I, ტფ., 1918.
- ↑ იხ. დასახ. ნაშრომი
- ↑ იხ. დასახ. ნაშრომი
- ↑ „წმინდანთა ცხოვრება“, I ტ., თბილისი, 2005.
- ↑ ასურულ-ქართული ურთიერთობის ისტორიიდან VI საუკუნეში (ანტონი ქართველი და სვიმეონ მესვეტე), ვახტანგ გოილაძე
- ↑ წმინდანთა ცხოვრება, თბილისი, 2005 წ
- ↑ „ესე არს ნათესავი ქართველთაჲ“ (ასურელი მამების „ცხოვრებათა“ სახისმეტყველების პარადიგმები), ლია წერეთელი