წმინდა მართა (სვიმეონ მესვეტე უმცროსის დედა)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|წმინდა მართა (სვიმეონ მესვეტე უმცროსის დედა)}} |
წმინდა მართა — სვიმეონ მესვეტე უმცროსის დედა, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. მისი ხსენების დღეს ეკლესია 4 ივლისს (ძვ. სტილით) აღნიშნავს.[1]
არჩევანი ქალწულებასა და დაოჯახებას შორის
რედაქტირებაწმინდა მართალი მართა ქალაქ ანტიოქიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. მშობლები გათხოვებას ურჩევდნენ, მას კი ქალწულებრივი ცხოვრება სურდა. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ნანახმა საღმრთო ხილვამ აიძულა, მშობლების სურვილს დასთანხმებოდა. წმინდა იოანე ნათლისმცემელმა აუწყა, რომ ვაჟი შეეძინებოდა. მართლაც მან შვა ძე, წმინდა სვიმეონ მესვეტე. ადრე დაქვრივებულმა მართამ მთელი ყურადღება შვილის აღზრდას დაუთმო. ევედრებოდა ღმერთს, მიეღო თავის მსახურად, ისევე როგორც წმინდა სამუელი მიიღო წმინდა ანა წინასწარმეტყველისგან.[2]
ხილვა შვილის მომავალზე
რედაქტირებაერთხელ შვილის მომავალზე ფიქრში გართულს მიეძინა და იხილა: თითქოს ფრთები ჰქონდა, ცისკენ მიფრინავდა, ხელში ყრმა ეჭირა, რათა უფლისთვის ძღვნად მიერთმია და თან ამბობდა: "მინდოდა, შენი ასეთი ამაღლება მენახა, შვილო! დაე, მშვიდობით განმიტეოს უფალმა შემოქმედმა ჩემმა. რამეთუ ვპოვე მადლი მის წინაშე და ღირსმყო მიმეძღვნა მისთვის ნაყოფი მუცლისა ჩემისა". ამ ხილვას, სხვა გამოცხადებასთან ერთად, მართა გულის სიღრმეში ინახავდა და მადლობდა ღმერთს.[3]
ქრისტიანული ღვაწლი
რედაქტირებაის მუდამ ღვთის ტაძარში იმყოფებოდა, არ აკლდებოდა საღმრთო ლოცვებს. ხოლო როცა უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარებოდა, ხშირად უნახავთ მისი სახე გაბრწყინებული, როგორც ოდესღაც სახე მოსესი. შუაღამისას წამოდგებოდა და წმინდა ლოცვას, ამ უსისხლო მსხვერპლს, შესწირავდა უფალს. გონებით ღმერთში სუფევდა, იგი უყვარდა მთელი სულით. უსაზღვროდ მოწყალე იყო გლახაკების მიმართ. აცმევდა შიშველს და აპურებდა დამშეულს. ხშირად ეწვეოდა საავადმყოფოებს და ემსახურებოდა გლახაკებს, ხოლო მიცვალებულისთვის თვითონვე ამზადებდა დასამარხ სამოსს. ასევე თავისივე ხელით შეკერილ თეთრ სამოსელს გასცემდა ახალნათელღებულებისთვის. იყო მშვიდი, მდაბალი, უბოროტო, არავის უნახავს განრისხებულა ანდა ვინმესთან მოკამათე, მწუხარე. ამასთან დაიმარხავდა ბაგეს მრავალმეტყველებისგან, მხოლოდ აუცილებელს თუ იტყოდა. უყვარდა დუმილი, ასე ასწავლიდა გონებას ღვთისმეტყველებას. მისგან უქმი სიტყვა ანდა სიცრუე არავის სმენია. წმინდა მართა მოჩხუბართა მომრიგებელი, უწესოდ მცხოვრებთა დამრიგებელი და თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით სამაგალითო იყო.
დედის დარიგება შვილისადმი
რედაქტირებაუამრავი სნეული მიჰყავდათ წმინდა სვიმეონის სვეტთან, რომლებიც ღირსი მამის ლოცვით იკურნებოდნენ. ამდენი სასწაულის მნახველ წმინდა მართას გულში შიში უჩნდებოდა, ვაითუ ჩემი შვილი ხიბლში ჩავარდესო. ევედრებოდა ღმერთს და სვიმეონის ეშმაკთაგან დაცვას სთხოვდა, ხოლო ამავე დროს თავის ვაჟს ეუბნებოდა: "შვილო, ყველაფრისთვის განადიდე ღმერთი, რომელიც შენს მიერ მოქმედებს. გახსოვდეს შენი უძლურება და დიდი ყურადღებით დაიცავი გულიო".[4]
ხილვა გარდაცვალების წინ
რედაქტირებაგარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე წმინდა მართა შვილთან დასამშვიდობებლად მივიდა. წმინდა დედამ ახლა უკვე განცხადებულად მოუთხრო მას ყველა საღმრთო ხილვა. მოუთხრო თავის დაფარულ ღვაწლზეც. წმინდა მართამ ის ღამე სვეტთან გაატარა. მიეძინა. სულით კვლავ აღტაცებულ იქნა ზეციურ ქვეყანაში და დაინახა მშვენიერი პალატი, საკვირველი და დიდებული, ენით გამოუთქმელი სილამაზისა. იმ დროს, როცა ის ამ პალატში დადიოდა და ტკბებოდა ხელთუქმნელი შენობის ჭვრეტით, იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ორ ბრწყინვალე ანგელოზთან ერთად. უფლის დედამ ჰკითხა: "ასე რატომ ხარ გაოცებული?" წმინდა მართამ, გახარებულმა, კრძალვით თაყვანისცა ზეცურ დედოფალს და უპასუხა: "რას ფიქრობ, ვისთვის არის გამზადებული ეს პალატი?" - ჰკითხა ღვთისმშობელმა. "არ ვიცი, ქალბატონო", - უპასუხა მართამ. "ნუთუ არ იცი, რომ ეს არის ადგილი განსვენებისა, რომელიც ააგო შენმა ვაჟმა და ამიერიდან შენ გეკუთვნის, - უთხრა ღვთისმშობელმა და დასძინა, - ეს დიდება მოგეცემა, რადგან უფლის შიშით განვლე საკუთარი ღვთივსათნო ცხოვრება. გსურს იხილო კიდევ უფრო აღმატებლად დიდებული ადგილნი?" ღვთისმშობელმა გაყოლა უბრძანა. მაღალ, ზეციურ ადგილზე ავიდნენ და ღვთისმშობელმა დაანახა პირველზე უფრო მშვენიერი პალატი.
- ესეც შენმა შვილმა ააგო, - ბრძანა ღვთისმშობელმა, - მანვე მესამე პალატის მშენებლობაც დაიწყო.
მერე კი უფლის დედამ წმინდა მართა აღმოსავლეთ მხარეს წაიყვანა და დაანახა სამოთხე, სადაც ხარობდნენ მამათა და დედათა ქორონი.
- ეს ადგილი კი ჩემმა ძემ მათ უბოძა, ვინც უმანკოებით, სიმართლითა და ღვთის მცნებათა დაცვით იცხოვრა, გულმოდგინედ, უხვად გასცემდნენ მოწყალებას, ამიტომაც შეიქმნენ ღირსნი უფლის წყალობისა.
ეს ხილვა წმინდა მართამ შვილს უამბო.
წმინდანის გარდაცვალება
რედაქტირებაკვირა დღეს წმინდა მართა უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარა. ის დღე წმინდა სვიმეონთან და მის მოწაფეებთან ერთად ღვთივსულიერ საუბარში გაატარა. ორშაბათს ცრემლითა და ტირილით გამოემშვიდობა მათ და დაბა ტიბირინტში წავიდა, რომელიც სამი სტადიონით იყო დაშორებული საკვირველი მთიდან. ამ სოფლის მკვიდრნი პატივს მიაგებდნენ წმინდა მართას. სთხოვეს, - დაღლილი ხართ და ჩვენთან დაისვენეთო. ის ღამე იქ გაათენა, მეორე დღეს ისე იყო დასუსტებული, რომ უკვე ოთხთვალით წაიყვანეს ანტიოქიაში, შინ. წმინდანი ოთხშაბათს, 5 ივლისს, გარდაიცვალა.
გადმოსვენება საკვირველ მთაზე
რედაქტირებაწმინდა სვიმეონმა გამოცხადებით შეიტყო დედის გარდაცვალება, მოწაფეები გაგზავნა ანტიოქიაში, რათა დედის წმინდა სხეული საკვირველ მთაზე გადმოესვენებინათ და თავის სვეტთან დაეკრძალათ. წმინდა მართას ნეშტი პარასკევს დიდი პატივით მხრებით გადაასვენეს საკვირველ მთაზე. კუბოს მტვირთველები ამბობდნენ, რომ მიცვალებულის სხეული უჩვეულოდ მსუბუქი იყო, თითქოს თავისით მიაბიჯებდა ჰაერშიო. ერთ ახალგაზრდას უყურებია, - კუბოს გარშემო მოტრიალე ანტიოქიელებს სურდათ მხარი შეედგათ მიცვალებულისთვის და დაუცინია: "რა სარგებელია მკვდრის შეხებაო". მაშინვე დასნეულებულა, ენა წართმევია და წმინდანის კუბოსთნ მიახლოებითღა უპოვია კურნება ოცდაათი დღის შემდეგ.
წმინდანის გამოცხადება და სასწაულები გარდაცვალების შემდეგ
რედაქტირება- ერთ ღამეს წმინდა სვიმეონის ორმა მოწაფემ ცხადში ბრწყინვალე სამოსით მოსილი იხილა წმინდა მართა. "ნუ გეშინიათ, - უთხრა მან მოწაფეებს, - უფალმა მკვდრებში კი არ შემრაცხა, არამედ ცოცხლებთან ჩამწერა. მოვედი, რათა ეშმაკთან ბრძოლაში დაგეხმაროთ, სძლიოთ მას და საუკუნო სიცოცხლე მიიღოთ". გარდაცვლილს სახე შეეცვალა, უფრო ახალგაზრდული და მშვენიერი გაუხდა.
- დაკრძლავის მერე, როცა კვირის მწუხრი აღესრულებოდა, წმინდა სვიმეონის ერთმა მოწაფემ იხილა სვეტის თავზე ბრწყინვალე სამოსით და სახით მდგარი წმინდა მართა. ქვევით კი ქერუბინთა ეტლი იდგა, ექვსფრთოვან არსებათაგან ტვირთული.
- წმინდა მართას დაკრძალვის მერე მის საფლავზე გაუქრობლად ენთო კანდელი. მაგრამ მერე მას ყურადღებას აღარ აქცევდნენ. წმინდა სვიმეონი დუმდა, რათა მისი ნათქვამი დედისადმი უზომო სიყვარულად არ ჩაეთვალათ. ამ დროს სავანის ეკონომოსი ავად გახდა. სიკვდილის პირას მისულს წმინდა მართა გამოეცხადა: "რა მიზეზით აღარ ანთებ ჩემს ლამპარს? იცოდე, რომ მე არ მჭირდება იგი, რადგან ჩემი უფლისგან ზეციური სინათლის ხილვის ღირსი გავხდი. თქვენ ჩემს საფლავზე კანდელის ანთებით საკუთარ სულის ცხონებას შეეწევით. ამით უფალთან შუამდგომლობისთვის აღმძრავთო". მერე კი მარჯვენა ხელით შეეხო და უთხრა: "იცოცხლე და იყავ ჯანმრთელი". ამის მერე იკონომოსი სრულიად გამოჯანმრთელდა.[5]