სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლები

სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებიცხოველები, რომლებიც აზიანებენ ან ანადგურებენ კულტურულ მცენარეებს. მათ რიცხვს განეკუთვნება ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა მრავალი კლასის წარმომადგენელი, რომელთაგანაც რაოდენობითა და უარყოფითი მოქმედებით გამოირჩევა მწერებისა და ობობასებრთა კლასში შემავალი სახეობები.

კვების მიხედვით მავნებლები პირობით იყოფა პოლიფაგებად (კალიები, მდელოს ფარვანა, მავთულა ჭიები, შემოდგომის პურეულის ხვატარი და სხვა), რომლებიც თითქმის ყველა სახის საკვებით იკვებებიან;

განსაზღვრულჭამიებადანუ ოლიგოფაგებად (შვედური ბუზი, მწვანეთვალა ბუზი, ჰესენის ბუზი და სხვა), რომლებიც ერთი ოჯახის სხვადასხვა მცენარეებს აზიანებენ;

მონოფაგებად (ფილოქსერა, აბრეშუმის ჭია, ბამბუკის შავი ცრუფარიანა და სხვა), რომლებიც ერთი სახის საკვებით იკვებებიან.

იმის მიხედვით, თუ როგორია მწერების პირის ორგანოების აგებულება, ისინი მცენარეს სხვადასხვაგვარად აზიქნებენ:

  • ღრღნიან ფოთლებს, კვირტებს, კოკრებს, ბურღავენ ყლორტებსა და ტოტებს, აჭიანებენ ნაყოფსა და თესლს;
  • წუწნიან ფოთლებს, კვირტებს, ყლორტებს, ტოტებსა და ნაყოფს, რომელზედაც ზოგჯერ კიბოსებრი გამონაზარდები წარმოიშობა; აზიანებენ აგრეთვე მცენარეთა მიწისქვეშა ორგანოებს.

სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებს ყოფენ ძირითადი საკვები კულტურების მიხედვითაც, მაგ., განასხვავებენ:

სოფლის მეურნეობაში მავნებლებით გამოწვეული ზარალი დიდია. მათ გასანადგურებლად იყენებენ ბრძოლის აგროტექნიკურ, ფიზიკურ-მექანიკურ, ბიოლოგიურ, ქიმიურ და ინტეგრირებულ მეთოდებს.

  • აგროტექნიკური მეთოდი ითვალისწინებს ნიადაგის შერჩევას, მცენარეთა გამძლე (იმუნური) ჯიშების გამოყვანას, სარეველების მოსპობას, სწორი თესლბრუნვის დაცვას, ნიადაგის დამუშავებას.
  • ფიზიკურ-მექანიკური მეთოდი გულისხმობს მავნებლებით მცენარის ძლიერ დაზიანებული ნაწილების მოცილებასა და მოსპობას, მისატყუებელი ორმოებისა და საჭერი სარტყლების (ნაყოფჭამიებისათვის) გამოყენებას, სინათლით მიზიდვას და განადგურებას და სხვა.
  • ბიოლოგიური მეთოდი ითვალისწინებს მავნებლების წინააღმდეგ ბუნებრივი მტრების (აკარიფაგები, ენტომოფაგები), ნიკრობიოლოგიური საშუალებების (ენტომოპათოგენური სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები), მწერიჭამია ცხოველების გამრავლებასა და გამოყენებას (საქართველოში ფართოდ იყენებენ აფელინუსს-ბურტლა ბუგრის, კრიპტოლემუსს — ფქვილისებრი ცრუფარიანების, ტრიქოგრამას ნაყოფჭამიების, ლინდორუსს — ციტრუსოვანთა ფარიანების წინააღმდეგ და ა. შ.).
  • ქიმიური მეთოდი მოიცავს მავნებლების საწინააღმდეგო სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების (პესტიციდების) გამოყენებას. იმის მიხედვით, თუ რომელი ჯგუფის მავნებლებთან გვაქვს საქმე, პესტიციდები იყოფა: ინსექტიციდებად, ზოოციდებად, ნემატოციდებად, აკარიციდებად და სხვა.
  • ბიოფიზიკურ და ბიოქიმიურ მეთოდებს განეკუთვნება გამა-გამოსხივების და ქიმიური პრეპარატების გამოყენება მწერებსა და ტკიპების სქესობრივი სტერილიზაციისათვის და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება