ობობასნაირნი (ლათ. Arachnoidea) — უხერხემლო ცხოველთა კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. ობობასნაირთა სხეული 0,1 მმ — 17 მმ აღწევს, გაყოფილია თავმკერდად და მუცლად, იშვიათად შერწყმულია (ტკიპები). უმრავლესობის თავმკერდი დაუნაწევრებელია, იშვიათად — სეგმენტებად დაყოფილი (სოლფუგები). სუნთქავენ ტრაქეებით ან ფილტვებით, იშვიათად ორივეთი. გამოყოფის ფუნქციას ასრულებენ კოქსალური ჯირკვლები და მალპიგის მილები. ნერვული სისტემა წარმოდგენილია ხაზისზედა და ხახისქვეშა ნერვული კვანძით და მუცლის ნერვული ძეწკვით. აქვთ თვალები და მგრძნობიარე ბეწვები. სმენისა და ყნოსვის ორგანოები არა აქვთ (ზოგი ობობას გარდა). ზოგს შხამიანი ჯირკვლები აქვს (მორიელები, ცრუმორიელები, ობობები). ცალსქესიანი ცხოველებია. მრავლდებიან კვერცხით (მორიელები ცოცხლადმშობნი არიან). კლასში 35 ათასამდე სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია შემდეგ რიგებში: მორიელები, შოლტფეხიანები, სოლფუგები, ცრუმორიელები, მთიბავები, ობობები, ტკიპები. გავრცელებული არიან ყველგან, ბინადრობენ ხმელეთზე, წყლის ობობასა და წყლის ტკიპას გარდა. უმრავლესობა მტაცებელია — იკვებება სხვა ფეხსახსრიანებით, ჭიებით, მოლუსკებით, პატარ-პატარა ქვეწარმავლებით. ზოგი ტკიპა პარაზიტია, ზოგს გადააქვს ადამიანისა და ცხოველების ინფექციური დაავადებანი. წყლის ტკიპები თეზის საკვებია. საქართველოში გავრცელებულია ობობასნაირთა 600-მდე სახეობა.

ობობასნაირნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
ლათინური სახელი
Arachnoidea

ლიტერატურა

რედაქტირება