ცრუმორიელები[1] (ლათ. Pseudoscorpiones) — ფეხსახსრიანთა რიგი ობობასნაირების კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 1–10 მმ აღწევს. თავმკერდი დაფარულია ქიტინოვანი ფარით. მის წინა ბოლოზე მოთავსებულია თვალები (1–2 წყვილი[2]) და პირის ორგანოები — წყვილი ქელიცერი და წყვილი ყბაფეხი, რომელიც ბოლოვდება ძლიერ განვითარებული მარწუხით,[1] ამით ისინი მორიელებს წააგვანან და ამიტომაც ეწოდებათ ასეთი სახელი. ქელიცერებზე იხსნება ქსელის ჯირკვლების სადინარები. მუცელი ფართოა.[2] ზოგი ცრუმორიელის მარწუხში შხამიანი ჯირკვალია. ცალსქესიანები არიან.[1] რიგში 2000-მდე სახეობაა,[2] რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული (განსაკუთრებით ტროპიკებსა და სუბტროპიკებში). ბინადრობენ ხავსში, ჩამოცვენილი ფოთლების, ქვისა და ქერქის ქვეშ, ადამიანის ბინაში (ხშირად წიგნსაცავში), ცხოველების სადგომში. იკვებებიან წვრილი მწერებით.[1] სუნთქავენ ტრაქეით. განაყოფიერება ხდება სპერმატოფორების საშუალებით. დედალი კვერცხებს ავითარებს გამოსაყვან კამერებში.[2]