ბუკნა, კვირტის ჭია (ლათ. Theresia ampelophaga), პეპელა ჭრელურასებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 22—25 მმ, მუქი ყავისფერია, ლითონისებრი ბზინვარება დაჰკრავს. გავრცელებულია ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კრასნოდარის მხარეში, დაღესტანსა და დასავლეთ საქართველოში (აღმოსავლეთ საქართველოში მცირე რაოდენობითაა). ბუკნა აზიანებს ვაზს. გამოზამთრებული მუხლუხი გაზაფხულზე იკვებება მცენარის კვირტებითა და ფოთლებით, ივნისში ჭუპრდება. ივლისის დასაწყისში პეპელა ფოთლის ქვედა მხარეზე გროვებად დებს კვერცხებს. მუხლუხები დაჩონჩხავენ ფოთოლს ქვედა მხრიდან. ძლიერი დაზიანებისას ვაზი სუსტდება და ხმება. ბუკნა წელიწადში ერთ თაობას იძლევა. დასავლეთ საქართველოში გვხვდება მეორე თაობის პეპლებიც. ბრძოლის ღონისძიებანი: ვაზის გაშენება შპალერზე, ნიადაგის სწორად დამუშავება, ინსექტიციდების გამოყენება.

ლიტერატურა

რედაქტირება