საბუის ნათლისმცემლის პირველი ეკლესია
საბუის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ჩრდილოეთით, 6-7 კილომეტრზე, მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ყადორის უღელტეხილისაკენ მიმავალი საჭაპანო გზის პირას, კლდოვანი მთის ძირში. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.
ეკლესია დიდი ზომის სამეკლესიიანი ბაზილიკაა. შენობის გეგმის სწორკუთხედში (18,2x14,8 მეტრი) ჩაწერილია სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. შუა ეკლესიის აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, რომლის გვერდებზე გეგმით სწორკუთხა სათავსებია - სამკვეთლო და სადიაკვნე. შენობის დასავლეთ ნაწილში განიერი დერეფანია, რომელიც გვერდის ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
შენობა ძლიერ არის დაზიანებული: დანგრეულია მთავარი ეკლესიის კამარა, კონქი და ჩრდილოეთი კედლის დიდი ნაწილი. მთლიანად მიწითა და ნანგრევებითაა ამოვსებული ჩრდილო ეკლესია და სამკვეთლო. დანგრეულია დასავლეთ გარშემოსასვლელის დასავლეთ კედელი, სადიაკვნესაც კამარა აქვს ჩამოშლილი.
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, წყობა ძირითადად ირეგულარულია. საპირე წყობის გარკვეული ნაწილი შედგენილია ცერად დაწყობილი ქვების სწორხაზონად გამავალი რიგებით, რომლებიც თხელი ქვებით გამოყვანილ თითორიგიან შრეებს შორისაა მოქცეული. გამოყენებულია დიდი ზომის (25x25x7 სანტიმეტრი) აგურიც, რომელიც ძირითადად მთავარი ეკლესიის შესასვლელების თაღები და კონქის თაღია (შემორჩენილია ორივე ქუსლის წყობა) ნაწყობი. აგური ფხვიერია, ცუდად გამომწვარი. საკურთხევლის კუთხეები და სარკმლის გარეთა ღიობი გამოყვანილია შირიმით. მოგვიანებით (სავარაუდოდ, XVI საუკუნეში) ჩატარებული რემონტის შედეგად აღდგენილ ნაწილებში გამოყენებულია მცირე ზომის (23x23x5 სანტიმეტრი) აგური და აქა-იქ ცისფრად მოჭიქული კრამიტის ნატეხები.
მთავარ ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით, ორი საკმაოდ მაღალი შესასვლელი აქვს. ორივე კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. შენობის აღდგენისას ორივე თაღი ამოუშენებიათ და შესასვლელები საგრძნობლად დაუდაბლებიათ (მთავარი ეკლესიის მხრიდან, ორივე კარის ზემოთ, შემორჩენილია თავდაპირველი თაღის შვერილის ნაშთი).
საკურთხევლის აფსიდს სრული ნალის ფორმა აქვს. ნალისებრი ფორმისა იყო კონქის თაღიც (შემორჩენილია ორივე ქუსლი), რომლებიც შირიმის რთულპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში გაჭრილია ვიწრო, მაღალი სარკმელი. იგი შიგნიდან შირიმის ქვით, თარაზულადაა გადახურული, ხოლო გარედან - ერთ ქვაში გამოკვეთილი, ნალისებრი თაღით, რომლის გვერდებზე, იმავე ქვაზე, მარჯვნივ, ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარია გამოსახული, მარცხნივ - ორი მოგრძო ჩაღრმავება, რომელთა ერთი ბოლო სწორკუთხაა, მეორე - მომრგვალებული.
მთავარი ეკლესია განათებული იყო სამი სარკმლით. ორი მათგანი სამხრეთ კედელშია, ერთი (გვიანდელი) - დასავლეთ კედელში (იყო თუ არა სარკმლები ჩრდილოეთ კედელში ამჟამად აღარ ჩანს).
ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა - შემორჩენილია კვალი.
სადიაკვნეს ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ერთი მთავარი ეკლესიიდანაა, მეორე (მოგვიანებით ამოუშენებიათ) - სამხრეთ ეკლესიიდან. როგორც ჩანს, ანალოგიურად იყო გადაწყვეტილი სამკვეთლოც (დასავლეთ კედელი დაფარულია ნანგრევებით, ხოლო კარის ადგილას სამხრეთ კედელი დანგრეულია).
სამხრეთ ეკლესია შედარებით უკეთაა შემორჩენილი. სამხრეთიდან მას ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი აქვს მოზრდილი ზომის აგურით ნაწყობი, ნალისებრი თაღებით. თაღები ეყრდნობა ოთხკუთხა კაპიტელით დასრულებულ მრგვალ სვეტს. სამხრეთ ეკლესია გადაკეთებულია. მასში თავდაპირველი კამარის ჩამონგრევის შემდგომ ახალი კამარა აუგიათ, რომელიც თავდაპირველი კამარის ქვემოთაა და დაყრდნობილია მთავარი ეკლესიის კედელზე მიშენებულ თაღედზე. თაღედის ბოლო, დასავლეთით მდებარე პილასტრი ფარავს ადრე აქ არსებულ თაღს, რომელიც აკავშირებდა სამხრეთ ეკლესიასა და დასავლეთ გარშემოსასვლელს.
ჩრდილოთ ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის შუაში გაჭრილია ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით, იგი დაყრდნობილი იყო მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მოწყობილ საფეხურზე, რომელიც შექმნილია კედლის ზედა ნაწილის სისქის შემცირებით.
დასავლეთ გარშემოსასვლელის კამარაც მოგვიანებითაა აგებული და თავდაპირველ კამარასთან შედარებით, გაცილებით დაბლაა და მთავარი ეკლესიის კედელზე მიშენებულ თაღებს ეყრდნობა. თაღედის ჩრდილოეთ მალი ნაწილორივ ჩრდილოეთ ეკლესიის ჩრდილოეთ კედელშია შეჭრილი. ჩრდილოეთ ეკლესიაში, მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე, ჩაშენებულია კედელი თაღოვანი კარით (ამოშენებულია), რომელმაც ჩრდილოეთ ეკლესია დასავლეთიდან დაკეტა. გარშემოსასვლელის ძველი კამარის ქუსლი ჩრდილოეთ ეკლესიის კამარის ქუსლის დონეზეა. ისევე, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ ეკლესიებში, კამარა აქაც დაყრდნობილი იყო კედლის მთელ სიგრძეზე მოწყობილ საფეხურზე.
ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის წყობაში, შირიმის ქვაზე, ტოლმკლავებიანი, რელიეფური ჯვარია გამოსახული. ფასადები დასრულებული ყოფილა აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის ქვედა საფეხური ლეკალური აგურით იყო გამოყვანილი.
აღდგენის შემდეგ, მალევე, ეკლესიისთვის სამხრეთიდან, მიუშენებიათ გეგმით სწორკუთხა, სამსართულიანი კოშკი, რომლის ჩრდილოეთ კედელი დაშენებულია ეკლესიის სამხრეთ კედელზე.
ეკლესიის ეზო, რომლის ნაწილი ხელოვნურად იყო გამაგრებული, გარშემოვლებული იყო ქვის კედლით (შემორჩენილია ფრაგმენტები). მოგვიანებით, ეკლესიის ზღუდეს შემოავლეს მეორე, უფრო მაღალი, სათავდაცვო კედელი, რომელიც გაცილებით დიდ ტერიტორიას ფარგლავდა. გალავნის სამხრეთ ნაწილში ჩართულია ორსართულიანი კოშკი, რომლის პირველი სართული თაღოვანი კარიბჭეა, მეორე სართული კი გუშაგებისთვის იყო განკუთვნილი. გალავნის გარეთ, დასავლეთით, ხრამის პირას, შემორჩენილია დიდი, გეგმით წრიული და სათოფურებით აღჭურვილი კოშკის ნანგრევები. ეკლესიის თავდაპირველი ზღუდის სიახლოვეს კი - სხვადასხვა ზომის რამდენიმე ნაგებობის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 437-439.